კახა მიქაიას პასუხი “სეხნია” ოქრიაშვილს

კახა ოქრიაშვილი: ,,საქართველოში ფასები არ არის მაღალი. სამწუხაროდ საქართველოში მოსახლეობის შემოსავალი არის დაბალი, თუ ადამიანს აქვს დაბალი შემოსავალი, მას გონია რომ 10 ლარიანი მედიკამენტი არის ძვირი. ეს არის ოპტიკური ტყუილივით, მედიკამენტი მაღალტექნოლოგიური პროცესის შედეგია და ის იაფი ვერ იქნება.”

მართალია ოქრიაშვილი, ვის რა გონია და ვის რა…
გახსოვთ ალბათ, ზაზა ხუციშვილსაც როგორ ეგონა ლარის კურსის ვარდნის მიუხედავად, დოლარის ლარებში გადახურდავების შედეგად ბევრი ლარი რომ რჩებოდა და გახარებული იყო კაცი…
ამ შემთხვევაშიც თითქმის იგივე ,,პრობლემის” წინაშე ვართ, თუ ოქრიაშვილისთანა შემოსავალი გაქვს, მაშინ 10 ლარი რა ფულია, მაგრამ თუ არ გაქვს?!…
არადა, უმრავლესობას არა აქვს ჩემო კახაბერ და ამიტომ გონია, რომ 10 ლარი დიდი ფულია…
თუმცა, მერე რა?!
მთავარია შენნაირებს როგორ გგონიათ, რადგან შენნაირები არიან დღეს ,,ცვეტში,” აბა დაბალშემოსავლიანებს რა გონიათ ნაკლებად საინტერესოა, ასე რომ, ეგონოთ დაბალშემოსავლიანებს, რომ ათი ლარი ფულია და იყვნენ თავისთვის, რას ერჩი?!…
ოპტიკური ტყუილივითააო ბრძანებს ოქრიაშვილი, ჩვენთან მედიკამენტები ძვირი არა, იაფიაო, აქაც ოპტიკურად მართალია ეს კაცი და საერთოდ, ცხოვრებაში ოპტიკაა მთავარი…
მოდი, ახლა კახაბერ, შენზე ბევრად მაღალშემოსავლიან კაცს ვკითხოთ, არის თუ არა 10 ლარიანი მედიკამენტი ძვირი?!
მიმიხვდი, ალბათ, ვიზე ვსაუბრობ!
თანაც, იმ კაცის სავარაუდო პასუხი ამ კითხვაზე შენისთანა მაღალშემოსავლიანებისთვის მიმინდია!!!
,,იტოგში,” ჩემო კახაბერ, ბანკირების საქართველოში ძვირად ფასობს სოლიდარობა, თანაგრძნობა, სინანული, უანგარობა და ასეთი რაღაცეები, თორემ მაღალტექნოლოგიური პროცესის შედეგად მიღებულ PSP-ს 10 ლარიან მედიკამენტებს როგორმე აუვა კაცი, ამიტომ ოპტიკურ ტყუილში რომ არ დავრჩეთ, იქ, შენთან პარლამენტში შენს მაღალშემოსავლიან მეგობრებს უთხარი (როგორც ერთ დროს ,,დაარწმუნე” 2024 წლამდე არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადაუსვლელობის აუცილებლობაში), გადასახადები შეამცირონ, პრემიები და დანამატები მოიკლონ, სამუშაო ადგილები შექმნან და ამით დაბალშემოსავლიანებს შემოსავალი მცირედით მაინც გაუდიდონ, შენი აფთიაქის ,,დაბალფასიანი” მედიკამენტების შესაძენად.
თანაც, შეახსენე!
უმრავლესობაში მყოფო მაღალშემოსავლიანებო,
ხომ იცით, აქ, ამ სკამებზე, გარეთ, უმრავლესობაში დარჩენილი დაბალშემოსავლიანების წყალობით ვსხედვართთქო.

P.S. ,,PSP- ჩემი ოჯახის აფთიაქი”

კახა მიქაია

banner
წინა სტატიაშისასტუმრო „ლეოგრანდის“ 500 თანამშრომელი უფასო შვებულებაში გაუშვეს
შემდეგი სტატიაატენის ქუჩის მცხოვრებლები 27-სართულიანი კორპუსის მშენებლობის გაგრძელების შემთხვევაში აქციებს აანონსებენ