კახა მიქაია „ოცნებას“ აფრთხილებს, გუბერნატორ შონიას შანტაჟსა და პროვოკაციებს არ წამოეგოს

"ქართულ ოცნებაში" კვალიფიციური სპიკერების დეფიციტია–კახა მიქაია განცხადებას ავრცელებსსამწუხაროდ, სამეგრელოში ხელისუფლებამ მაჟორიტარობის კანდიდატებად კოლექტიური ამირან ლაგვილავა წარადგინა. ვიმეორებ: ეს კოლექტიური ამირან ლაგვილავაა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ხელისუფლებამ კორცხელში განვითარებული მოვლენებიდან სათანადო დასკვნვერ გამოიტანა,“ – აცხადებს „თაიმერთან“ საუბრისას „დაიცავი საქართველოს“ ლიდერი კახა მიქაია, რომელიც არც იმას მალავს, რომ „ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატების ბეგრაუნდზე საუბარი ძალიან უჭირს:

– გამოვყოფ მხოლოდ ორ ადამიანს, რომელსაც მოგების შანსი ნამდვილად აქვს: მარტვილი-აბაშის რეგიონში წარდგენილ ოთარ დანელიას და სენაკში წარდგენილ ირაკლი ბერაიას, მართლაც, შეუძლიათ, წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალურ მოძრაობას“ და სხვა პარტიებს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიონ. დანარჩენზე ვერაფერს გეტყვით, მათზე ლაპარაკი არც ღირს.

– გოდერძი ბუკიაზეც არაფერს იტყვით, ბატონო კახა?

– ეს რომელი გოდერძი ბუკიაა, ხობის რაიონის „ყვარყვარეს“ რომ ეძახიან? ბუკია ხობელების მაჟორიტარი, მგონი, ბრეჟნევის დროიდანაა. ,,ხობელი ყვარყვარე“ ისევ „ცვეტშია“ და ისევ ხობელების სახეს წარმოადგენს.

რაც შეეხება ზუგდიდის მაჟორიტარებს, მათზე საერთოდ ვერაფერს ვიტყვი. საერთოდ, ამ სიას, ორი კანდიდატის გამკლებით, „ოცნების“ კი არა, „შონიას სიას” დავარქმევდი.

გუბერნატორს გულისხმობთ?

– დიახ. ამ სიიდან ნათლად იკვეთება შონიას პირადი ბიზნესინტერესები. ისე, ჩემთვის ცნობილია, რომ სენაკში მაჟორიტარობის კანდიდატად ბოლო წუთამდე ბატონი გადელია განიხილებოდა, რომელიც შონიას „კასირია“. ცენტრალურმა ხელისუფლებამ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა, როცა „შონიას სიაზე“ თანხმობა განაცხადა. თუ „ქართულმა ოცნებამ“ სამგრელოში არჩევნები წააგო, ეს გუბერნატორ შონიას „დამსახურება“ იქნება.

– რატომ?

– სამეგრელოში მრავლად არიან ადამიანები, რომლებმაც სააკაშვილის რეჟიმს გაუძლეს, ღირსება და პატიოსნება შეინარჩუნეს. ეს ადამიანები დღესაც „ოცნებას“ გულშემატკივრობენ. ისინი დიდი სიხარულით შეხვდნენ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლას, მაგრამ ხელისუფლებამ იმდენი მოახერხა, რომ  კოჰაბიტაციით, წინა პლანზე ამირან ლაგვილავები წამოსწია და ამ ადამიანებს გული გაუტეხა. პოლიტიკური პარტია, რომელიც საკუთარ მომხრეებს დაკარგავს, ვფიქრობ, წაგებისთვისაა განწირული. ამიტომ, მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო ცენტრალურ ხელისუფლებას: ნუ წამოეგები გუბერნატორ შონიას შანტაჟსა და პროვოკაციებს.

ბატონო კახა, ისე, იქნებ, ხელისუფლებამ არ იცის, სამეგრელოში რეალურად რა ხდება?

– რა თქმა უნდა, ასეა და ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ხელისუფლებას სამეგრელოში მიმდინარე პროცესებსა და იქ არსებულ განწყობებზე რეალური სურათი რომ ჰქონდეს, ჯერ ერთი, ამ ადამიანებს მაჟორიტარობის კანდიდატებად არ წარადგენდა და მეორეც, სამგრელოს გუბერნატორი შონია არ იქნებოდა. საერთოდ, სამეგრელო „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ძლიერი დასაყრდენია, ანუ სამეგრელოში ე. წ. „მიშისტური“ განწყობები დღემდე შენარჩუნებულია. ისიც ვიცი, რომ ამ კანდიდატების წარდგენით ძალიან ყმაყოფილები სწორედ „ნაციონალები“ არიან და საკითხავია, ხელისუფლება „ნაციონალურ მოძრაობას“ კარტბლაშს და აშკარა შანსს რატომ აძლევს, რომ ან არჩევნები მოიგოს, ან სამეგრელოდან პროვოკაცია დაიწყოს? ხელისუფლებამ კორცხელში განვითარებული მოვლენებიდან სათანადო დასკვნა ვერ გამოიტანა და სამეგრელოში კოლექტიური „ამირან ლაგვილავა“ ამიტომ წარადგინა. მიტინგზე, სადაც ზუგდიდელებს მაჟორიტარი კანდიდატები წარუდგინეს, აქცენტი სხვადასხვა რაიონიდან ჩამოსულ ადამიანებზე გაკეთდა. ყველას პატივს ვცემ, მაგრამ ზუგდიდში გამართულ მიტინგზე ზუგდიდელები უმცირესობას წარმოადგენდნენ. მოკლედ, მაჟორიტარობის კანდიდატებად თოლორაიასა და ქვარაიას წარდგენა საზოგადოების და „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის შეურაცხყოფაა!

ბატონო კახა, ოპონენტები ბრალს გდებენ და აცხადებენ, რომ განაწყენებულის პოზიციიდან საუბრობთ.

– 25 წელია, განაწყენებული ვარ( იცინის) : განაწყენებული ვიყავი შევარდნაძეზე, ასალან აბაშიძეზე, მიშა სააკაშვილზე. განაწყენებული ვიყავი როლანდ ახალაიაზე, ბაჩო ახალაიზე, მეგის ქარდავაზე, გიგა ბოკერიაზე. ბიძინა ივანიშვილისა და “ქართული ოცნების” მხარდამჭერი ვიყავი, მაგრამ დღეს განაწყენებული იმიტომ ვარ, რომ ვხედავ, ხელისუფლება თანდათან მათ ემსგავსება. ძალიან არ მინდა, „ქართული ოცნება“ იმ ხალხს დაემსგავსოს, ვისეც 25 წელი განაწყენებული ვარ. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია: „ქართული ოცნება“ ერთი კაცის ავტორიტეტს ემყარება და ეფუძნება. თავი არ მოვიტყუოთ და თვალები არ დავიბრმავოთ: რომ არა ბიძინა ივანიშვილი, „ქართული ოცნება“ იმ პარტიების რიგში იქნებოდა, რომელთაც ახლა თვითონ დასცინის და აცხადებს, ბარიერს ვერ გადალახავენო. „ოცნება“ ერთ კაცზე ჩამოკიდებული პარტიაა. ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტმა და მისდამი ხალხის ნდობამ გადაწყვიტა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დასრულება, მაგრამ დღეს ძალიან ეჭვი მეპარება, სამეგრელოში არჩევნების მოსაგებად „ოცნებას“ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტი ეყოს!

ბერდია კალანდია 

www.timer.ge

banner
წინა სტატიაში“არ ვარ ისეთი ნასვამი, რომ სერიოზულად გიპასუხოთ ამ კითხვაზე “- პრეზიდენტის პრესსპიკერი კობახიძის განცხადებაზე
შემდეგი სტატიაერდორანმა ევროკავშირს 3 მილიარდი ვალი შეახსენა