კახა მიქაია:ხელისუფლებამ მაჟორიტარობის კანდიდატებად კოლექტიური ამირან ლაგვილავა წარადგინა

გიხაროდენ!!!

“სამწუხაროდ, სამეგრელოში ხელისუფლებამ მაჟორიტარობის კანდიდატებად კოლექტიური ამირან ლაგვილავა წარადგინა.ვიმეორებ, ეს არის კოლექტიური ამირან ლაგვილავა. ეს მეტყველებს იმაზე, რომ კორცხელში განვითარებული მოვლენებიდან ხელისუფლებამ ვერ გამოიტანა სათანადო დასკვნები”- აცხადებს „თაიმერთან“ საუბრისას „დაიცავი საქართველოს“ ლიდერი კახა მიქაია, რომელიც არც იმას მალავს, რომ „ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატების ბეგრაუნდზე საუბარი ძალიან უჭირს.

ხელისუფლების უუნარობა თუ სამართლიანობის აღდგენაზე უარის თქმა-რა ხდება სამეგრელოში

 

ძალიან გამიჭირდება მაჟორიტარების ბეგრაუნდზე საუბარი. გამოვყოფ მხოლოდ ორ ადამიანს, რომელთაც ნამდვილად აქვთ მოგების შანსი. ესენი არიან: მარტვილი-აბაშის რეგიონში წარდგენილი ოთარ დანელია და სენაკში – ირაკლი ბერაია. ამ ორ ადამიანს მართლაც შეუძლია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიოს “ნაციონალურ მოძრაობას” და სხვა პარტიებს. დანარჩენზე მე ვერაფერს გეტყვით. არც ღირს მათზე საუბარი. ერთიც არ შემიძლია არ ავღნიშნო – ხობის რაიონის “ყვარყვარედ” წოდებული გოდერძი ბუკია, რომელიც ბრეჟნევის დროიდან არის, მგონი, ხობელების მაჟორიტარი. ,,ხობელი ყვარყვარე” ისევ “ცვეტშია” და ისევ ხობელების სახეს წარმოადგენს. რაც შეეხება ზუგდიდის მაჟორიტარებს – მათზე საერთოდ ვერაფერს ვიტყვი. ამ სიას, ორი მაჟორიტარის გამკლებით, “შონიას სიას” დავარქმევდი. გუბერნატორ შონიასი, სადაც ნათლად იკვეთება მისი პირადი ბიზნეს ინტერესები და არა მხოლოდ. ჩემთვის ასევე ცნობილია, რომ ბოლო წუთამდე სენაკში მაჟორიტარობის კანდიდატად განიხილებოდა ბატონი გადელია. გადელია არის შონიას “კასირი” – თუ შეიძლება ასე ითქვას. ცენტრალურმა ხელისუფლებამ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა ” შონიას სიაზე” თანხმობით. “ქართულმა ოცნებამ” სამგრელოში თუ წააგო არჩევნები, ეს გუბერნატორ შონიას “დამსახურება” იქნება.

სამეგრელოს რეგიონში მრავლად არიან ადამიანები, რომლებმაც გაუძლეს სააკაშვილის რეჟიმს და შეინარჩუნეს ღირსება და პატიოსნება. ეს ადამიანები გულშემატკივრობენ “ოცნებას”. ისინი დიდი სიხარულით შეხვდნენ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლას, მაგრამ ხელისუფლებამ იმდენი მოახერხა, რომ კოჰაბიტაციით ამირან ლაგვილავები წამოსწია წინ და ამ ადამიანებს გული გაუტეხა. პოლიტიკური პარტია, რომელიც დაკარგავს საკუთარ მომხრეებს, ვფიქრობ, წაგებისთვის არის განწირული. “შონიას სიას” მე, ასევე, დავარქმევდი “წაგებისთვის განწირულთა სიასაც.” კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ცენტრალურ ხელისუფლებას – ნუ წამოეგებით გუბერნატორ შონიას შანტაჟზე და პროვოკაციებზე.

– ბატონო კახა არ გეჩვენებათ, რომ ხელისუფლებამ არ იცის სამეგრელოში არსებული რეალური სურათი?

– რა თქმა უნდა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ხელისუფლებას რეალური სურათი რომ ჰქონდეს სამეგრელოში მიმდინარე პროცესებზე და იქ არსებულ განწყობებზე, ჯერ ერთი, არ წარადგენდა ამ ადამიანებს მაჟორიტარებად და მეორე, შონია არ იქნებოდა სამგრელოს გუბერნატორი. სამეგრელო, ნაციონალური მოძრაობისთვის ძლიერი დასაყრდენია, სამეგრელოში დღემდე შენარჩუნებულია ე.წ მიშისტური განწყობები. ისიც ვიცი,რომ დღევანდელი წარდგენით სწორედ ნაციონალები არიან, ძალიან ყმაყოფილი. ყველამ ვიცით, რომ მათგან არაფერია გამორიცხული. რატომ აძლევს ხელისუფლება “ნაციონალურ მოძრაობას” კარტბლაშს? რატომ აძლევს ხელისუფლება “ნაციონალურ მოძრაობას” აშკარა შანსს, რომ მოიგოს არჩევნები ან პროვოკაცია დაიწყოს სამეგრელოდან? ხელისუფლებამ სათანადო დასკვნები ვერ გამოიტანა კორცხელში განვითარებული მოვლენებიდან და ამიტომ წარადგინა კოლექტიური ამირან ლაგვილავა სამეგრელოში. გიშინდელ ღონისძიებაზე , სადაც მაჟორიტარი კანდიდატები წარუდგინეს ზუგდიდელებს, აქცენტი სხვადასხვა რაიონებიდან ჩამოსულ ადამიანებზე გაკეთდა. მე მათ ყველას პატივს ვცემ, მაგრამ ზუგდიდში გამართულ მიტინგზე ზუგდიდელები უმცირესობას წარმოადგენდნენ.

– რას ნიშნავს ეს?

– თოლორაიას და ქვარაიას წარდგენა მაჟორიტარებად, საზოგადოების და “ქართული ოცნების” ამომრჩევლის შეურაცხყოფაა.

– ბატონო კახა, თქვენი ოპონენტები ბრალს გდებენ და აცხადებენ, რომ თქვენ განაწყენებულის პოზიციიდან საუბრობთ.

– მე განაწყენებული ვარ 25 წელია (იცინის). მე განაწყენებული ვიყავი შევარდნაძეზე, ასალან აბაშიძეზე, მიშა სააკაშვილზე. მე განაწყენებული ვიყავი როლანდ ახალაიაზე, ბაჩო ახალაიზე, მეგის ქარდავაზე, გიგა ბოკერიაზე. მე ვიყავი ბიძინა ივანიშვილისა და “ქართული ოცნების” მხარდამჭერი, მაგრამ დღეს განაწყენებული იმიტომ ვარ, რომ ვხედავ ხელისუფლება თანდათან დაემსგავსა მათ. მე ეს არ მინდა. ძალიან არ მინდა “ქართული ოცნება” იმ ხალხს დაემსგავსოს ვისზედაც მე 25 წელი ვიყავი განაწყენებული. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ “ქართული ოცნება” ემყარება და ეფუძნება ერთი კაცის ავტორიტეტს. თავი არ მოვიტყუოთ და თვალები არ დავიბრმავოთ. რომ არა ბიძინა ივანიშვილი, “ქართული ოცნება” იმ პარტიების რიგში იქნებოდა, რომელთაც ეხლა თვითონ დაცინის და აცხადებს, რომ ბარიერს ვერ გადალახავენო. ეს პარტია ერთ კაცზე ჩამოკიდებული პარტიაა. ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტმა და მისდამი ხალხის ნდობამ გადაწყვიტა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დასრულება საქართველოში. მაგრამ, დღეს ძალიან დიდი ეჭვი მეპარება, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტი ეყოფა “ქართულ ოცნებას,” სამეგრელოში არჩევნების მოსაგებად?!

www.timer.ge

ბერდია კალანდია

 

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე : „კორცხელში მონაწილე ადამიანები იყვნენ ჩვენი მხარდამჭერები, ბევრი პარტიის წევრია”
შემდეგი სტატიაასე როგორ შეიძლება, ოუ, რანინა… ანუ, ნუ მოძოვთ ჩემს ქვეყანას!