კახა მიქაია:ივანიშვილმა ქართველ ამომრჩეველს წაართვა თავისუფალი არჩევანის უფლება, ქართულ საზოგადოებას კი თავისუფლების განცდა!

დავიწყებ „ქართული ოცნების“ ახალი სპიკერის, ვინმე პაპუაშვილის მიმართვით ოპოზიციისადმი. თავიდანვე ჩანს, რომ ის კობახიძის კლასტერია. პაპუაშვილი მიმართავს ოპოზიციას: ,,დაივიწყონ თავმოყვარეობა და პარლამენტში შესვლის საკითხს პასუხისმგებლობით მოეკიდონ.”სწორედ აქ ჩანს „ქართული ოცნების“ სახე, აქ ჩანს, თუ რა მდგომარეობაშია „ქართული ოცნება“-განაცხადა “თაიმერთან” ინტერვიუში კახა მიქაიამ.
„ქართული ოცნება“ დაემსგავსა პაპუაშვილს, რომელიც მზად არის დაივიწყოს თავმოყვარეობა. უთავმოყვარეო ადამიანები კი ხელისუფლებას ვერ მართავენ, ისინი ვერც თავისუფალ საზოგადოებას შექმნიან. საერთოდ, ასეთი ადამიანების ადგილი ნორმალურ, თავისუფალ საზოგადოებაში არ არის! აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ უთავმოყვარეო ხელისუფლება მზად არის, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება და მეტი არაფერი.
ამის ფონზე, მინდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პოლიტიკოსის – შარლ დე გოლის სიტყვები გავიხსენო: ,,არ შეიძლება ხელისუფლებაში დაბალი განვითარების ადამიანების დაშვება, რადგან ისინი ქვეყანას თავიანთ დონემდე დაიყვანენ”. ამის კლასიკური მაგალითია ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება”. ბიძინა ივანიშვილმა შემოიკრიბა დაბალი განვითარების ადამიანები და სამწუხაროდ, დაბალ დონეზე დაიყვანა ჩვენი სახელმწიფო. „ქართულმა ოცნებამ“ დაამცრო ქართული სახელმწიფო, მან დაშალა და გაანადგურა ქვეყანა, ოკუპანტის მონად, ,მისი ბრძანებების(ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის ჩაგდება) შემსრულებლად აქცია დღევანდელი ხელისუფლება.
მე ვებრძოდი მიხეილ სააკაშვილს სხვა მიზეზებთან ერთად, მთავარი მიზეზის გამო – მან თავის დროზე შეურაცხყოფა მიაყენა საზოგადოებას, მორალური ზიანი მიაყენა მას. ბიძინა ივანიშვილმა უფრო მძიმე ფორმებით გაიმეორა მიხეილ სააკაშვილის ქმედებები. მან ქართველ ამომრჩეველს წაართვა თავისუფალი არჩევანის უფლება, ქართულ საზოგადოებას კი თავისუფლების განცდა!
ახლა, ჯერი ქართულ საზოგადოებაზეა, მან ნაბიჯი უნდა გადადგას წინ დასავლეთისკენ, ევროპისკენ და კატეგორიული უარი უნდა თქვას, თუნდაც ნახევარი ნაბიჯის უკან გადადგმაზე ჩრდილოეთისკენ ანუ რუსეთისკენ! ქართული საზოგადოება უნდა დადგეს მტკიცედ და არავითარ შემთხვევაში არ უნდა წავიდეს ბიძინა ივანიშვილთან დათმობაზე. ქართული ოპოზიცია არ უნდა გაიყიდოს.
დღეს ჩვენს სახელმწიფოს უჭირს. ყველამ ერთად უნდა ვაიძულოთ ბიძინა ივანიშვილი, რომ ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები, რომ დამთავრდეს რუსული მმართველობა საქართველოში, რომ დასრულდეს ქვეყნის დამცრობა და დანგრევა, მორალური შეურაცხყოფა ქართველი ერისა და საზოგადოებისა. მე არ მინდა ისეთი სახელმწიფო ცხოვრება, სადაც ერთპარტიულმა პარლამენტმა 90 კაცით შეასრულოს ვინმეს ხუშტურები და ბრძანებები.

ბატონო კახა, თქვენ აღნიშნეთ „ვინმე ბიძინა ივანიშვილი“. უკაცრავად, მაგრამ თქვენ იყავით ის პიროვნება ვინც, თქვენს თანამებრძოლებთან ერთად იბრძოდით ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ, რამაც, მეტწილად განაპირობა, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლა

-დიახ, მაგრამ მე ბიძინა ივანიშვილის პარტიაში არასოდეს ვყოფილვარ. ბიძინა ივანიშვილს მთელი ერი უჭერდა მხარს. ბიძინა ივანიშვილს ენდო საზოგადოება, მან კი საზოგადოებას იმედი გაუცრუა. ივანიშვილმა ამ საზოგადოებას უღალატა. ახლა როგორ ვქნათ, ერთ დროს ბიძინა ივანიშვილის იმედი თუ გვქონდა და ბიძინა ივანიშვილმა თუ გვიღალატა, რა, ღალატში გავყვეთ? ქვეყნის ღალატში ვუერთგულოთ? რუსეთისკენ სწრაფვაში დავუჭიროთ მხარი თუ წინააღმდეგობა გავუწიოთ?
თქვენ გინახავთ ოდესმე, რომ კახა მიქაია თავისი მერკანტილური ინტერესების გამო სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა აყენებდა პირად ინტერესებს?!ეს არასოდეს არ მომხდარა და არც მოხდება!!!
ვინც ახლა იძახის, რომ ადრე ბიძინას გვერდით იყავით და ახლა რატომ არ ხართ მასთანო, მათ მინდა მივმართო: ჩაყევით ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკურ სამარეში. მე ამას არ ვაპირებ!
2012 წლის „ქართული ოცნების“ პროგრამა მე ვიცი ზეპირად.

-ვფიქრობ, ყველამ იცის.

-თავად „ქართული ოცნების“ იდეა კარგი იყო და სწორედ ბიძინა ივანიშვილის ამ იდეას დავუჭირე მხარი!
გეკითხებით, რა დარჩა „ქართული ოცნების“ იდეიდან? მოხდა მისი განხორციელება და რეალიზება?! არა, არ მოხდარა, მოხდა „ქართული ოცნების“ იდეის პროფანაცია და მისი ავტორი თავად ბიძინა ივანიშვილია!
მასთან არ შეიძლება თამაში. ქვეყანაში იგი არის ყველაზე მდიდარი კაცი, თავად ქვეყანაზე მდიდარი! ქართულმა საზოგადოებამ და ოპოზიციამ შეძლეს ის, რომ ამ ღარიბ ქვეყანაში მდიდარ კაცს გაუწიეს წინააღმდეგობა და ეს მდიდარი კაცი ჩააგდეს გამოუვალ მდგომარეობაში. წარმოდგენილი მაქვს, ივანიშვილი რას არ იზამს, რომ გაიფორმოს გამარჯვება და დასავლეთს ანახოს – არა ბატონო, ერთპარტიული პარლამენტი არ არის ქვეყანაში, ქვეყანაში დემოკრატიაა, ნახეთ, რამდენი პარტიაა პარლამენტშიო! მინდა გითხრათ, დღეს რომ ივანიშვილი თავის საწადელს ვერ აღწევს და შავ დღეშია, ეს უკვე ნიშნავს ქართული საზოგადოების და ამომრჩევლის გამარჯვებას. ქართველი ამომრჩევლის ნების რეალიზება- წავიდეს ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებიდან და დამთავრდეს რუსული მმართველობა, დამოკიდებულია ქართული საზოგადოების და ოპოზიციის სიმტკიცეზე! ხალხმა პასუხი უნდა აგებინოს ბიძინა ივანიშვილს იმის გამო, რაც მან ჩაიდინა. ახლა ჯერი ქართულ საზოგადოებაზეა, რომელმაც არაფერი არ უნდა დაუთმოს ბიძინა ივანიშვილს.
მოლაპარაკებების რაუნდებს, ოპოზიციონერებსა და დედისერთა ქართულ ოცნებას” შორის ჩურჩულების რაუნდები ვუწოდე!
ოპოზიციამ უნდა იცოდეს, ჩურჩულებით და თვალის ჩაპაჭუნებით, ივანიშვილთან ბრძოლა აღარ გამოვა, თუნდაც ფასილიტატორების მონაწილეობით. ერთადერთი ამოსავალი მიმდინარე მოლაპარაკებებისა უნდა იყოს ხელახალი არჩევნების დანიშვნა და შემდეგ სხვა მოთხოვნების დაკმაყოფილება.
დიდი სურვილი მაქვს, ოპოზიციამ გაათვითცნობიეროს, თუ რამოდენა პასუხისმგებლობა აკისრია ხალხისა და ამომრჩევლის წინაშე, მან უნდა გაათვითცნობიეროს, რომ მას პასუხისმგებლობისაგან დაცლილი და უთავმოყვარეო ხელისუფლების წინააღმდეგ უწევს ბრძოლა…

-ბატონო კახა, შს მინიტრმა ვახტანგ გომელაურმა ზუგდიდში მომხდარ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუას შესახებ ჟურნალისტების დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომ “ბანკების ყაჩაღობა ყოველთვის ხდებოდა”. მინისტრის ამ განცხადებას როგორ შეაფასებთ?

-ასეთ განცხადებას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი არც უნდა აკეთებდეს. ეს არის დაუფიქრებელი და სულელური განცხადება. თქვენ, ალბათ გახსოვთ, კიტა იზორია როგორ გაამართლა გომელაურმა. ღირსეული მინისტრი ამ შეცდომის შემდეგ გადადგებოდა. ვერიდები გომელაურებისნაირი ადამიანების კომენტირებას, რადგან ეს არასერიოზულად მიმაჩნია. ერთხელ ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, „ქართულ ოცნებაზე“ სერიოზული საუბარი შენს არასერიოზულობაზე მეტყველებს. გომელაური ამის მაგალითია.

ბადრი ესებუას დასაკავებლად მიმდინარე ოპერატიულ- სამძებრო ღონისძიებები კი, ვიცი, ინტენსიურად მიმდინარეობდა და მიმდინარეობს. თუმცა, ზოგ შემთხვევაში, ამ ცოტა ხნის წინ რამდენიმე მცდელობამ, ესებუას ადგილსამყოფელის დადგენისა, ტრაგიკომიკური იერი მიიღო!!!

საქმე იმაშია, რომ სამეგრელოში ,,გააქტიურებულმა,” ზედმეტად ცნობისმოყვარე, განსაკუთრებით ძველი თაობის ჟურნალისტებმა, რომლებიც სულ ახლახან დაუბრუნდნენ თავის პროფესიულ საქმიანობას, რატომღაც გადაწყვიტეს, რომ ესებუა, ზვიად გამსახურდიას მომხრეებს, ე.წ. ზვიადისტებს ჰყავდათ გადამალული და ბადრისთან ინტერვიუს ჩაწერის მიზნით მოუხშირეს ზვიადისტებთნ ვიზიტებსა და კონსპირაციულ შეხვედრებს!

თქვენ, ზვიადისტები, ყველაზე კარგად ფლობთ სიტუაციას სამეგრელოში, ამიტომ, ბადრი თუ ვინმეს ენდობოდა, სწორედ თქვენ გენდობოდათო,” ,,დაასკვნეს” ჟურნალისტებმა და ასე ცდილობდნენ ზვიადისტების დამუნათებას…

თანაც,

,,ვიცით, რომ ბადრი დამნაშავე არ არის, რომ იგი არ დასხმია საქართველოს ბანკის ფილიალს ზუგდიდში და მხოლოდ გარემოებათა მსხვერპლია…

ამიტომ, გვენდოს ჩვენ და დაგვთანხმდეს, ინტერვიუზე…

ყველაზე საინტერესო ამ ისტორიაში, ვფიქრობ, ისაა, რომ ჟურნალისტები ზვიადისტებთან საუბრებს ფარულად იწერდნენ, თუმცა, არც ზვიადისტები ჩამორჩებოდნენ მათ და ჟურნალისტებთან თითოეული ასეთი შეხვედრის ფარულ ჩაწერას თავადაც წარმატებით ახორციელებდნენ…

ყოველივე ამის გამგონე, კიდევ ერთხელ რწმუნდები, რომ

,,ს ი ს ტ ე მ ა”
მ უ შ ა ო ბ ს !

და კიდევ…
ყველას ახსოვს, ესებუაზე შექმნილი ლექსები, ბანკზე მისი თავდასხმიდან უკვე მეორე დღესვე, როგორ მოეფინა მთელ სამეგრელოს.
ახლა გავიგე, რომ ცნობილმა პროზაიკოსმა გელიოზ აურაცხელიამ, ბადრი ესებუაზე რომანის წერა დაიწყო, სადაც სიუჟეტი შემდეგნაირად ვითარდება:
ესებუასთან ინტერვიუს ჩაწერის სურვილით შეპყრობილი ჟურნალისტი, ერთერთ ზვიადისტს უყვარდება, რომელიც საბოლოოდ გასცემს ბადრის ადგილსამყოფელს, თუმცა, ესებუა ამ შემთხვევაშიც ხელიდან უსხლტება შსს-ს …

იმედია, რომანი მალე იხილავს დღის სინათლეს და წლის ბესტსელერიც გახდება…(იცინის)

აქვე მინდა მივმართო ხელისუფლებას: ზვიადისტებთან არაფერი გამოგივიდათ და არც მომავალში გამოგივათ.
რატომ ეძებდით ესებუას ზვიადისტებთან?!
ამით მხოლოდ შეურაცხყავით ისინი!

ხოლო ჟურნალისტებს რაც შეეხება, გირჩევთ, სადმე სხვაგან დაასაქმოთ ასეთები…

მაინც სად, ბატონო კახა?

მაგალითად, რკინიგზაში, მათ მიერ შექმნილ აიპებში, რომელებიც პორტირებული ნაცებისა და უვარგისი ქოცების დასასაქმებლად შექმეს და თავზე საყრელად აქვთ…

როგორ შეაფასებდით მეორე ტურის შედეგებს სამეგრელოში?

– 118 პროცენტიანი ირაკლი ჩიქოვანი? მე მის ადგილზე შემრცხვებოდა.  ირაკლი ჩიქოვანის ადგილზე მე მოვიხსნიდი ჩემს კანდიდატურას და საზოგადოებას ვამცნობდი, რომ შეურაცხყოფილად ვგრძნობ თავს და არ მივიღებდი იმ პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობას, რომელიც წინასწარ ვიცი, რომ ერთპარტიული იქნება.

რა გითხრა, რით გაგახარო?
სამეგრელოში არაფერი ხდება ისეთი, რაც არ ხდება მთელ საქართველოში. სამარცხვინო სიტუაციაა.
არ მინდა, ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ ,,ქართული ოცნების” მაჟორიტარები არაფერს არ წარმოადგენენ. არჩევნებში დამარცხდა ბიძინა ივანიშვილი და არა ირაკლი ჩიქოვანი.

მე ირაკლის წინა არჩევნებში ვუჭერდი მხარს, რადგან მიმაჩნდა, რომ ჩიქოვანი იყო ერთ-ერთი ყველაზე მისაღები პოლიტიკური ფიგურა სამეგრელოში.
ქართული ოცნებიდან საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე მაჟორიტარობის კანდიდატებთან, პარტიული სიით პარლამენში მოხვედრილებთან თუ გარეთ დარჩენილებთან შედარებით, ირაკლი ბისმარკიცაა და ნაპოლეონიც…

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსით ინფიცირების 32 ახალი შემთხვევა მარტვილში
შემდეგი სტატიაჯაბიძის ქუჩის გაგრძელებაზე ასფალტის საფარი მოეწყო