“წინასაარჩევნო ელეგია
როცა ლავროვი გიქებს საქციელს,
ეს იმას ნიშნავს, მონად გაქციეს …
ან რას ამადლი ახლა სალომეს,
როდესაც იღებ რუსულ კანონებს?!
ბოდიში-ოსებს!!!…
მადლობა-რუსებს?!
ვინც ოსს და აფხაზს
ქართველებს უსევს?!…
გონებაჩლუნგ და კუნთმაგარ ბიჭებს
შეეშვი, ნუღარ აღუძრავ იჭვებს…
გახსოვდეს, ის ვინც მტერთან ,,ლაგდება”,
(ისტორიისგან გაილახება!!!…)
მისი განკითხვის ჟამიც დადგება”,-წერს კახა მიქაია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
ქართული ოცნების დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა გორში სიტყვით გამოსვლისას აგვისტოს ომსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე ისაუბრა. ამ კონტექსტში მან 2008 წლის ომში კვლავ არა რუსეთი, არამედ ყოფილი ხელისუფლება დაადანაშაულა და ნაციონალური მოძრაობისთვის “ნიურნბერგის პროცესი” დააანონსა. ივანიშვილის მტკიცებით, აგვისტოს ომი “გარედან დაგეგმილი პროვოკაცია” იყო, რომლის “გამჩაღებელი” მისი თქმით, ყოფილი ხელისუფლებაა. 2008-ში რუსეთის მიერ თავდასხმისა და შემდგომი ოკუპაციის ფონზე, ივანიშვილმა თქვა, რომ არჩევნების შემდეგ “აუცილებლად გამოძებნიან საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოიხადონ იმის გამო, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ოსი დები და ძმები”.