კახა მიქაია: უძლური და უსუსური ხელისუფლების ცქერა ძალიან მძიმეა

„დაიცავი საქართველოს” ლიდერი კახა მიქაია აცხადებს, რომ ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხის დონე დაბალ ნიშნულამდე დაეცა, რასაც მოწმობს აშშ-ს ყოფილი ელჩის იან კელის გამოსამშვიდობებელი განცხადება. „ამით მან ცივი წყალი გადაასხა საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც გვარწმუნებს, რომ ავითარებს დემოკრატიას და დემოკრატიულ ინსტიტუტებს“, – მიაჩნია კახა მიქაიას. “თაიმერისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში „დაიცავი საქართველოს” ლიდერი შეეხო, აგრეთვე, სამეგრელოს რეგიონის და ზოგადად ქვეყანაში არსებულ პრობლემებს.
– თქვენი აზრით, შეიძლება თუ არა ითქვას, რომ დღეს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი დაბალ ნიშნულზეა?
– იან კელის გამოსამშვიდობებელი სიტყვის ის ნაწილი, სადაც მან იმ მიმართულებებზე ისაუბრა, რომლებზეც საქართველოს მთავრობამ უნდა იმუშაოს ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის, ფაქტიურად კელის ყველაზე მწვავე განცხადება იყო საქართველოში მისი დიპლომატიური კარიერის მანძილზე. არ დაგვავიწყდეს, რომ მისი პოზიცია სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პოზიციაა. ვფიქრობ, ხელისუფლებამ ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს და არა მხოლოდ ხელისუფლებამ, არამედ ოპოზიციამაც და მთლიანად ქართულმა საზოგადოებამ. კელის მთავარი მესიჯი მაინც ის იყო, რომ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა პრობლემაა და დემოკრატიის ხარისხი დაბალია. ამით მან ცივი წყალი გადაასხა საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც გვარწმუნებს, რომ ავითარებს დემოკრატიას და დემოკრატიულ ინსტიტუტებს. ამერიკის შეერთებულ შტატებთან მეგობრობა და პარტნიორობა დამოკიდებულია ერთ კონკრეტულ საკითხზე – ეს არის ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხის დონე. თუკი ის დაბალ ნიშნულამდე დაეცა, ვფიქრობ, კითხვის ქვეშ დადგება ჩვენი ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული ურთიერთობა. თუ კელის განცხადებებს, მათ შორის არჩევნებზე, სასამართლოზე და მედიაზე, შევაჯამებთ, გამოდის, რომ ყველაფერი მიდის ერთ მარტივ დასკვნამდე – დემოკრატიის ხარისხი საქართველოში საჭირო ნიშნულზე დაბალია და როგორც უკვე აღვნიშნე, ეს არ არის მხოლოდ კელის განცხადება. ეს არის სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციაც.
– ამ განცხადების ფონზე რა შედეგებს უნდა ველოდოთ?
– ვნახოთ როგორ ჩატარდება არჩევნები, რა მდგომარეობა იქნება სასამართლო სისტემაში და ქართულ მედიაში. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება დასკვნების გაკეთება.
-გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, გაზრდილი კრიმინალის გამო გერმანიის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მთავრობას სურს საქართველოს მოქალაქეებს უვიზო რეჟიმი შეუზღუდოს. როგორ გგონიათ, ვდგავართ ამ საფრთხის წინაშე?
– პრობლემამ რომ იჩინა თავი, ფაქტია. ეს არის შემაშფოთებელი. ევროკავშირი ძალისხმევას არ დააკლებს საქართველოს შეუნარჩუნდეს ვიზა ლიბერალიზაცია და რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, მაგრამ ამაში მას, საქართველოს ხელისუფლება უნდა დაეხმაროს. ვფიქრობ, კელის განცხადება და ვიზა ლიბერალიზაციის დაკარგვის ალბათობა, ერთ კონტექსტში უნდა განვიხილოთ.
– მოგეხსენებათ, ევროკომისიამ საქართველოს მთავრობას სთხოვა ქვეყნიდან მოსახლეობის გადინების (მიგრაციის) მიზეზის დადგენა რაც, ჯერ არ გაკეთებულა. თქვენ რა მიგაჩნიათ ქვეყნიდან ინტენსიური გასვლის მიზეზად?
– ხელისუფლების მიერ წარმოებული პოლიტიკა. როდესაც მოქალაქეებს საარსებო პირობები არ აქვთ, როდესაც სოციალური ფონი არის უმძიმესი და არ არსებობს ეკონომიკა, ადამიანი იძულებულია წავიდეს. ყველა ცდილობს თავი გადაირჩინოს და ოჯახისთვის სარჩო-საბადებელი მოიძიოს ევროპაში. ამას მოჰყვება კრიმინალი და ათასი უბედურება. ამიტომ უნდა ვისაუბროთ არა შედეგებზე, არამედ მიზეზებზე, იმაზე, თუ რა იწვევს მოსახლეობის გადინებას. საქართველოში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა არის უმძიმესი. ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს გადაბრალებაზე აგებული პოლიტიკის წარმართვა და მიხედოს ეკონომიკას. ხალხს შია!
– გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ცნობილ განცხადებას, რომ აზიური ფაროსანა მხოლოდ მწერია და არ არის საჭირო მას განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს, როგორ შეხვდა სამეგრელოს მოსახლეობა?
– მინისტრი ვერ აღიქვამს იმ კატასტროფის მასშტაბებს, რომელიც შეიძლება ფაროსანას გავრცელებას მოჰყვეს. თუ ფაროსანას წინააღმდეგ ეფექტური საბრძოლო მექანიზმების შემუშავება ვერ მოხერხდა, მოხდება რევოლუცია სახელწოდებით “ფაროსანა”. აბსოლუტურად არაადეკვატური იყო მინისტრის განცხადება. რა ქნას მოსახლეობამ? რით უნდა ირჩინოს თავი?
ხელისუფლების ბრიყვული განცხადებებით?!
-პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები სამეგრელოში მოსახლეობასთან ერთად საპროტესო აქციების გამართვას გეგმავენ – „არა ფაროსანას!“
– მე მაქვს ინფორმაცია, რომ ეს აქციები დაფინანსებული იქნება ხელისუფლების მიერ. “თაიმერისთვის” ექსკლუზიურად ვაცხადებ, რომ დიახ, ხელისუფლება აპირებს აქციების გამართვას ოპოზიციასთან შეთახმებით. იქ ხომ ოპოზიცია არ არსებობს: „ნაცები“- „ევრო ნაცები“, „ქოცები“- „ევრო-ქოცები“ – ერთი კონგლომერატია. ხელისუფლება ცდილობს ამ პრობლემის გადაგორებას და აქციებზე ყურადღების გადატანას. ფულს კი გაუყოფენ ოპოზიციას და ერთიც და მეორეც კმაყოფილი დარჩება. ამ აქციებით კი დაიწყებენ მოსახლეობის “დაბოლებას” და რამდენ ხანს უნდა დააბოლონ ეს მშიერი ხალხი?
– ამ ფონზე თბილისის მერის განცხადება მნიშვნელოვანი იყო, როცა მან „ევროპულ საქართველოს“ კონსტრუქციული პარტია უწოდა.
– ეს ურწმუნო თომასთვის გაკეთებული განცხადება იყო. მათთვის, ვისაც დღემდე არ სჯერა რომ „ქოცები“ და „ნაცები“ პოლიტიკურად ერთი დედმამიშვილები არიან. მე ველოდები თუ როდის გახდება მიხეილ სააკაშვილი, რომლის ექსტრადაცია ცოცხალი თავით არ უნდა ხელისუფლებას, „ქოცებისთვის“ მისაღებ კონსტრუქციულ “ობოზიციად”.
– რას იტყვით არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე?
– პირველ რიგში სამძიმარს ვუცხადებ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს. ეს დიდი ტრაგედიაა ჩვენთვის. ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსელ ოკუპაციასთან მიმართებაში უძლური და უსუსურია. უძლური და უსუსური ხელისუფლების ცქერა კი ძალიან მძიმეა. მიხეილ სააკაშვილის დროს და დღესაც, საქართველო სავსეა რუსეთის ფედერალური სამსახურის აგენტებით კონფლიქტისპირა რეგიონებში, განსაკუთრებით სამეგრელოში..

ბერდია კალანდია

banner
წინა სტატიაშიშსს-ში ოთხასი პოზიციაა შემცირებული-არ შეიძლება 800 ლარი ადეკვატური ხელფასი იყოს
შემდეგი სტატიაშსს-ს სპეციალური დანაყოფის მობილიზება მესტიაში