კახა მიქაია: „საქართველოს უკრაინაზე უფრო ჭკვიანი ოლიგარქი მართავს!“ 

„სააკაშვილმა ყველას დაანახა პოროშენკოსა და მისი ხელისუფლების სისუსტე! მთელი დასავლური მედია სააკაშვილს უმაგრებს პოზიციებს და ის, პრაქტიკულად, პოსტსაბჭოთა სივრცეში კორუფციასთან მებრძოლ რაინდად გამოაცხადეს,“ – ამ განცხადებებს „თაიმერთან“ საუბრისას „დაიცავი საქართველოს“ ლიდერი, კახა მიქაია აკეთებს. ამასთან, მიქაია ამბობს, რომ სააკაშვილის დაპატიმრება პოროშენკოსთვის გამოსავალი არაა. 

სააკაშვილის ქმედებები და მის ირგვლივ შექმნილი მდგომარეობა უკვე შეაფასა პოროშენკომ, როდესაც მან თქვა, რომ ეს იყო შოკი. ეს მართლა შოკი იყო პოროშენკოსთვის. ჩემი ანტიპატია სააკაშვილის მიმართ მოდით გვერდზე გადავდოთ და შევეცადოთ, შეძლებისდაგვარად ობიექტურად შევაფასოთ არსებული ვითარება.
სააკაშვილმა ყველას დაანახა პოროშენკოსა და მისი ხელისუფლების სისუსტე! ის სახურავიდან გადმოხტომას აპირებდა თუ ჩამოსრიალებას, ფაქტია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი, მთელი დასავლური მედია სააკაშვილს უმგარებენ პოზიციებს და ფაქტიურად სააკაშვილი გამოაცხადეს პოსტსაბჭოთა სივრცეში კორუფციასთან მებრძოლ რაინდად. სააკაშვილსაც გააჩნია ამის პრეტენზია და ახლა
ამის შესახებ რას იტყვიან ჟირინოვსკი ან ეკა ბესელია, რომან კაკულია ან გიორგი ვოლსკი, პარლამენტის თავმჯდომარე ან ნუკრი ქანთარია, ამას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. მათი განცხადებები შიდა მოხმარების საგანია მხოლოდ. გლობალურად თუ შევხედავთ და გავაანალიზებთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს, სააკაშვილმა, პოროშენკოს ხელისუფლებას პოლიტიკური ბრძოლა გამანადგურებელი ანგარიშით მოუგო.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება , რომ შენ ჩემი მეგობარი ხარ, მაგრამ მე ყველაფერში არ გეთანხმები, პირდაპირ მიმანიშნებელია იმისა, რომ ნატოსა და ევროკავშირისკენ მიმავალი გზა გადის დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებაზე და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე!
ეს არის აქ მთავარი.
დააპატიმრებს თუ არა პოროშენკო სააკაშვილს?! სააკაშვილის დაკავება, ვფიქრობ, მისთვის გამოსავალი არ არის. დაიჭერს ცუდი, არ დაიჭერს, მით უარესი. ორივე შემთხვევაში სააკაშვილი ამ თამაშში მოგებულია. როდის მიაღწევს სააკაშვილი მიზანს და მისი ხელმძღვანელობით თუ მონაწილეობით უკრაინელი ხალხი და უკრაინული ოპოზიცია როდის გადააყენებს პოროშენკოს, ეს დროის საკითხია. სააკაშვილის დაჭერით რომ საკითხი წყდებოდეს, არავინ გაუშვებდა სააკაშვილს იმ პოლიციის მანქანიდან, სადაც ის იჯდა. დასავლეთმა პოროშენკოს არ მისცა უფლება სააკაშვილის დაპატიმრების და ეს ფაქტია! სააკაშვილი არ არის მიუნჰაუზენი და არც კარლსონი, ის არის პოლიტიკური ფიგურა, რომლის დამარცხებაც პოროშენკოს არ შეუძლია.

-თქვენ აცხადებთ, რომ სააკაშვილი ორივე შემთხვევაში მოგებული რჩება. საქართველო ამ კონტექსტში სად არის და რა როლს თამაშობს?

-დააკვირდით ჩვენი ხელისუფლების პოზიციას. ჩვენი ხელისუფლების ზოგიერთი მაღალჩინოსანი ამბობს: ,,დავაკვირდეთ მოვლენებს, რამდენად იქნება ჩვენთვის მომგებიანი სააკაშვილის ექსტრადირება საქართველოში?!” მეორე მხრივ, პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ სამართალი ქვეყანაში პოლიტიკაზე მაღლა დგას და სააკაშვილი აუცილებლად უნდა იყოს ექსტრადირებული საქართველოში!
როგორც ვხედავთ, საქართველოს ხელისუფლებას და ქართული ოცნების გუნდს არ გააჩნია ერთიანი პოზიცია სააკაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, მე დღესაც ვამბობ რომ მღებრიშვილის საუბარი ე.წ. პრანკერებთან არანაირი ფეიკი არ იყო. მღებრიშვილის პოზიცია ეს იყო და არის მმართველი გუნდის პოზიცია. ასე რომ, სააკაშვილის ექსტრადირებას ნაკლებად ველი.
სამწუხაროდ, სააკაშვილი არის პრობლება საქართველოს ხელისუფლებისთვის, ასევე, უკრაინის ხელისუფლებისთვის. თუმცა, ერთი რამ უნდა აღინიშნოს, საქართველოს უფრო ჭკვიანი ოლიგარქი მართავს, ვიდრე უკრაინას…..

-თბილისში, ისანში, გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციიდან უკვე ორი კვირა გავიდა, თუმცა კითხვები ამ ოპერაციის ირგვლივ იმაზე მეტია, ვიდრე მანამდე იყო….

-რაც ვიცით ისიც ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს. ძალიან სუსტია საქართველოს ხელისუფლების მიერ ამ შეკითხვებზე გაცემული პასუხები. თანაც, არაკომპეტენტური და არაპროფესიონალური. ხელისუფლება აცხადებს, რომ არ იცის საიდან და რა გზებით აღმოჩნდა ჩატაევი და მისი დაჯგუფება თბილისში, არ იცის საიდან აღმოაჩნდა ჩატაევს იარაღის ესოდენ დიდი არსენალი ხსენებულ ბინაში, ხელისუფლებამ არაფერი არ იცის! მაშიმ შეგვიძლია ვთქვათ, თუ შენ არაფერი არ იცი და ტერორისტების წინააღმდეგ პრევენციული ზომების მიღება არ შეგიძლია, რათა არ დამკვიდრდეს საზოგადოებაში დაუცველობის განცდა- შენ არ ხარ ხელისუფლება!!!
ერთმა ჩემმა ფეისბუქფრენდმა ,,იხუმრა,” ცალხელა და ცალფეხა ჩატაევი თუ თვრამეტი საათი ეომა სპეცრაზმს, მას ორივე ხელ-ფეხი რომ ჰქონოდა საერთოდ თბილისს აიღებდაო…
უკვე სახელისუფლებო კულუარებში ხმამაღლა საუბრობენ, რომ ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცოდა ჩატაევის ადგილსამყოფელი ბერი სალოსის ქუჩაზე. ხელისუფლებამ მიიღო ჩატაევი, მან გარკვეული გასამრჯელოც გადაიხადა გამოზამთრებისთვის, მაგრამ იცით რა, ოცდამეერთე საუკუნეში ჩატაევის დამალვა თბილისის ცენტრში შეუძლებელია! გაჟონა ინფორმაციამ და ხელისუფლება იძულებული გახდა მოეხდინა ჩატაევის ლიკვიდირება. ამ ინფორმაციაში, ვფიქრობ, ლოგიკის საფუძველი ნამდვილად არსებობს, რადგან ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია ჩატაევის ლიკვიდაციასთან მიმართებაში.
ტერორიზმთან ბრძოლა უნდა იყოს ქართული სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტი. ჩვენ უნდა ვიყოთ მსოფლიო თანამეგობრობის აქტიური წევრი ტერორიზმთან ბრძოლის თვალსაზრისით და თუ ხელისუფლება ასეთ შეცდომებს უშვებს და არ იცის, რომ მსოფლიოში ცნობილი ტერორისტი ქალაქის ცენტრში იმალება, ის ხელისუფლება არ არის!
მარტო ამიტომც კი ეკისრება შინაგან საქმეთა სამინისტროს და უშიშროებას პასუხისმგებლობა.

-არ შემიძლია არ შევეხო ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას.
პირველ რიგში, მინდა დაღუპულთა ოჯახებს მივუსამძიმრო. დამზაფრა და გამაშეშა ამ საშინელმა ტრაგედიამ. გამიკვირდა იმ ხალხის, ვინც ამ ტრაგედიაზე რაღაც პიარის აგება დაიწყო. გამაოცა სკოლის დირექტორის, მასწავლებლების, მშობლების, შინაგან საქმეთა და განათლების სამინისროს არაადექვატურმა განცხადებებმა…. არადა, ის კადრი, მოკლული ბავშვის მამის ბღავილი სულ თვალწინ მიდგას…
ვფიქრობ, ეს არ არის კერძო შემთხვევა. საზოგადოებაში არსებული ყველა პრობლემა-ზნეობრივი, მორალური, სოციალური და პოლიტიკურიც კი აკუმულირდა და გამოიხატა ამ ტრაგედიაში!
. კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ რაღაც გამოგვრჩაო. მინდა კვირიკაშვილს მივმართო,
,,რაღაც” არ არის ის, რაც მოხდა!
თქვენ მთავარი გამოგრჩათ. თქვენ შერჩით ფულის კეთებას და გამოგრჩათ ბავშვების დაცვის პრევენცია!
,,რაღაც,, არ არის ეს!
თქვენ ვერ დაიცავით ბავშვების სიცოცხლე!
დამნაშავეა თითოეული ჩვენთაგანი და პირველ რიგში, ხელისუფლება. ,,რაღაც” და ვიღაც, შეხ ხარ, კვირიკაშვილო!

 

ბერდია კალანდია

banner
წინა სტატიაში„ომეგა ჯგუფი“ „ბენტლის“ ოჯახის წევრი გახდა
შემდეგი სტატიასოხუმში გაიხსნა რუსეთის ე.წ. მშვიდობისმყოფელთა მემორიალი