კახა მიქაია: „საპატრიარქო ფეესბეს ფილიალია“

სუსიდან გამოჟონილმა მასალებმა საზოგადოება შოკში ჩააგდო. შოკში ჩავარდა სამოქალაქო აქტივისტი კახა მიქაიაც. „თაიმერთან“ საუბარში ამბობს რომ ვერ წარმოიდგენდა, თუ ამ ქვეყანაში ასეთი სიბინძურე ტრიალებდა.

კახა მიქაია:

–  მოსმენები რომ ხდებოდა, ეს საზოგადოებამ იცოდა. გასაკვირი აქ მოსმენების მასშტაბია. როცა დამლაგებელს, მესანთლეს, მეეზოვეს მოუსმენ, ეს უკვე კლინიკაა. ამათ ეს მოსმენები გადაეზარდათ ავადმყოფობაში. დიდი ხიფათის წინაშე დგას საქართველო. ამ მარაზმში შეიძლება ჩაიძიროს არა მხროლოდ სუსი და „ქართული ოცნება“, არამედ მთელ საზოგადოებას ემუქრება საფრთხე.

საზოგადოებაში გაჩნდება უნდობლობა და ეჭვი. ადამიანები ერთმანეთს უნდობლად მოეკიდებიან. ნდობა არც სახელმწიფოს მიმართ იქნება. ეს პორდაპირ ურტყამს ჩვენს ქვეყანას და ჩვენს მომავალს.

– სუსი განსაკუთრებული მონდომებით საპატრიარქოს უსმენდა. ამ მონდომებას რითი ხსნით?

– ეს ძალიან მარტივი ასახსნელია. საპატრიარქო არჩევნების დროს არის ხელისუფლების დასაყრდენი. „ოცნება“ საპატრიარქოს დახმარებით მართავს ქვეყანას. მეტსაც გეტყვით, საპატრიარქო მონაწილეობს არჩევნებში, საპატრიარქო მონაწილეობს ქვეყნის მართვაში  საპატრიარქო მონაწილეობს გარჩევებში. საპატრიარქო ჩართულია ბიზნესში.  საპატრიარქო მონაწილეობს დალაგებაში. ეს სიტყვა განსაკუთრებით უყვარს ბიძინას.

საპატრიარქოს დამოკიდებულებას და განწყობებს რომ ამოწმებენ, ეს ხელისუფლებისგან არ უნდა გიკვირდეთ. საპატრიარქო ერთ-ერთი მთავარი ინსტიტუციაა. საქართველოში ყველა ინსტიტუტი ჩამოშლილია და საპატრიარქოს კლანი „ოცნებასთან“ ერთად მართავს პროცესებს.

– საპატრიარქო თუ ასე ერეოდა პოლიტიკაში მაშინ რაღაცნაირად კარგიცაა, ამ ფაილებმა რომ გამოჟონა. ხალხი ძველებურად აღარ ივლის მათ ჭკუაზე.

-ამ მხრივ მართლა კარგი რამე მოხდა. წლების წინ, ნაციონალების მმართველობის დროს ჩავედი თბილისში და ოპოზიციას ვუთხარი, რომ ციხეებში ადამიანებს აუპატიურებენ და ათასი უბედურება ხდება. ვითხოვდი რომ ამაზე რეაგირება მოეხდინათ. ეს ამბავი ოპოზიციამ მაშინ არ დაიჯერა.

-რომელ წელს უთხარით ამის შესახებ ოპოზიციას?

– 2007-2008 წლებია.  ერთი პიროვნება მოვიდა ჩემთან და მომიყვა, რაც მას გადახდა თავს. მთხოვა მისი ვინაობა არ დამესახელებინა, მე არ დავარღვიე შეთანხმება. ოპოზიციამ გაუპატიურებების ამბავი არ დაიჯერა. არ დაიჯერა იმიტომ, რომ ეს ძნელად დასაჯერებელი იყო.

ადამიანების დიდი ნაწილისთვის ძნელად დასაჯერებელია, რომ საპატრიარქოში არიან სუსის აგენტები. ვერ წარმოუდგენიათ, რომ საპატრიარქოში ადგილი აქვს სრულ გარყვნილებას. არ იჯერებენ, რომ საპატრიარქო არის ფეესბეს ფილიალი, საპატრიარქო სავსეა ყოფილი მხედრიონელებით და ბანდიტებით, რომლებიც არიან სისხლის სამართლის დამნაშავეები. საპატრიარქო შეკრულია პირდაპირ კრემლთან და როგორც ხელისუფლება იღებს დირექტივებს მოსკოვიდან, ასევე იღებენ ეგენიც.

მრევლს ამის დაჯერება ძალიან გაუჭირდება. ფაილების გამოჟონვას ერთი სიკეთე ის აქვს, რომ საპატრიარქოს ნამდვილი სახე მთელი საზოგადოებისთვის გახდა საცნაური. მაგრამ ამას ცუდი მხარეც აქვს – ადამიანებს ერთმანეთის და სახელმწიფოს მიმართ გაუჩნდებათ უნდობლობა.

– ეკლესიის მიმართ კვლავინდებურად იქნება ნდობა?

– საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას ნდობის პრობლემა გაუჩნდა. ეს ცუდად იმოქმედებს არა მხოლოდ ეკლესიაზე, არამედ მრევლზე, საზოგადოებაზე და სახელმწიფოზე.  გამოჟონილ ფაილებში არსებულმა ინფორმაციამ ჩვენი სახელმწიფო დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ.

– ხელისუფლების რეაქციაზე რას გვეტყოდით. იმის მაგივრად რომ ამ თემაზე ისაუბრონ სხვა რაღაცებს ლაპარაკობენ.  პრემიერმა ღარიბაშვილმა მაგალითად 20 ივნისის დარბევა დაგმო და განაცხადა, უდანაშაულო ადამიანებს დასთხარეს თვალებიო.

– ხელისუფლება დაბნეული და არაადეკვატურია. „ქართული ოცნება“ ბოდავს და ეს გამოწვეულია იქედან, რომ ისინი გამოუვალ მდგომარეობაში არიან. თავი როგორ უნდა იმართლონ? ამ სკანდალის შემდეგ ნორმალური ხელისუფლება გადადგებოდა.  ამის გამართლება უბრალოდ არ შეიძლება. მე არ ვიცი რითი უნდა გადაფარონ ეს თემა.

– ხელისუფლება ცდილობს ეს თემა გადაფაროს ყოფილი პრემიერის ნარკომანად გამოცხადებით. გახარიაზე ამბობენ კოკაინშიკიაო.

–  ეს არის სრული მარაზმი. ამ თემაზე ბევრი რამის თქმა შემიძლია. ისეთ რამეებს ვიტყვი, რომ გავიცინებთ. ახლა ამის ხასიათზე არ ვარ. ძალიან მძიმედ არის საქმე. ამ მასშტაბის დანაშაული მართლმადიდებლობის და სახელმწიფოს წინაშე არცერთ ხელისფლებას არ ჩაუდენია.

– ხელისუფლების რეაქცია არაადეკვატურია. ადეკვატური რეაქცია არც საპატრიარქოს ჰქონია. ძალიან მსუბუქი განცხადებით შემოიფარგლნენ.

– ეს არ არის გასაკვირი. რა უნდა თქვას საპატრიარქომ.  ვერც ხელისუფლება და ვერც პატრიარქი ამ სკანდალს ვერ გადაფარავენ. ამ თემაზე საუბრისას აუცილებლად უნდა ავღნიშნო ჟურნალისტების პასუხისმგებლობა. რაც ხელისუფლებას და საპატრიარქოს არ აქვთ. ჟურნალისტები დიდი პასუხისმგებლობას იჩენენ, ისინი თავად განსაზღვრავენ რა გამოიტანონ საჯაროდ და რა არა. ყველაფრის გარეთ გამოტანა არ შეიძლება. იმედი მაქვს მედია ამ სკანდალზე მუშაობისას ბოლომდე შეინარჩუნებს პასუხისმგებლობის გრძნობას.

თაიმერი

banner
წინა სტატიაშითურნავა – ეკონომიკის გაჯანსაღების ტენდენცია გრძელდება
შემდეგი სტატიაკახა კალაძის კომენტარი ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით