კახა მიქაია: არც შევარდნაძის დროს არც სააკაშვილის დროს არ მდგარა დღის წესრიგში საკითხი – რუსეთი თუ ევროპა, თავისუფლება თუ მონობა ეს საკითხი დღის წესრიგში დააყენა ბიძინა ივანიშვილმა

კახა მიქაია: სალომე ზურაბიშვილის წვლილი ქართული საზოგადოების  გამოფხიზლებაში და  საზოგადოებისთვის სწორი მიმართულების მიცემაში არის მართლა შეუფასებელი

 

-ბატონო კახა, არჩევნებამდე დარჩენილია 6 დღე,სანამ ინტერვიუს დავიწყებდით, თქვენ თქვით,რომ არავის არ აქვს უფლება ხალხს არჩევანი წაართვას! როგორ შეაფასებდით მიმდინარე მოვლენებს?

– სახეზეა ბიძინა ივანიშვილის მცდელობა, განახორციელოს ზეწოლა ამომრჩეველზე, ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. რომც არ გვითხრას ეს ჩვენ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა, ჩვენ თავად ვხედავთ, როგორი ზეწოლაა ამომრჩეველზე. მაგალითად: სამეგრელოში, კახეთში, აჭარაში, მთლიანად საქართველოში.
მათ მიერ გამართულ მიტინგებს როცა ვუყურებ, ძალიან მრცხვენია, იცით? მე მრცხვენია, გულწრფელად გეუბნებით,მე მრცხვენია როცა ვუყურებ ნახირივით მორეკილ ხალხს(ბოდიშს ვიხდი ამ გამოთქმისთვის)და ამ ხალხისადმი, სცენაზე დამონტაჟებული დუშ-კაბინიდან გაკეთებულ მიმართვას…
ეს არის კატასტროფა, აქედან ჩანს, რომ ბიძინა ივანიშვილს არჩევნების მოგების იმედი არ აქვს და იგი მზად არის არჩევნების გასაყალბებლად! ახლა თქვენ იტყვით, რა არის გამოსავალი?! ძალიან მარტივია გამოსავალი, მასიურად უნდა მივიდეს ხალხი არჩევნებზე! თუ 2 მილიონი ადამიანი მივიდა არჩევნებზე ბიძინა ივანიშვილი, ჯერ ერთი, ვერ გააყალბებს და თუ მაინც გააყალბა, მაშინ ქართულმა საზოგადოებამ მას უნდა უპასუხოს ადეკვატურად, მასიურად გამოვიდეს ქუჩაში, სხვა გამოსავალი აქ არ არსებობს. ყველაფერი დამოკიდებულია ქართველ ამომრჩეველზე. აირჩევს ის დასავლეთს, შვილების, შვილიშვილების კეთილდღეობას, ევროპულ მომავალს თუ დარჩება რუსეთის საჯიჯგნად და საბოლოოდ ჩაიხრჩობა რუსულ ჭაობში.

-ანუ თქვენც ფიქრობთ ბატონო კახა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საგარეო-პოლიტიკური ორიენტაცია შეიცვალა?

-მე ვფიქრობ ამას, კარგა ხანია, სხვანაირად არ გამიგო ბერდია, მე ამას რომ ვამბობდი ბევრს არ სჯეროდა ეს. რატომ მოხდა ჩემი და ქართული ოცნების დაპირისპირება? რატომ დავუპირისპირდი იმ ქართულ ოცნებას, რომელსაც მე მხარს ვუჭერდი და პატარა წვლილი მეც მიმიძღვის მის გამარჯვებაში?!

-დიახ, მკითხველსაც დაებადება კითხვა, თქვენ ხომ იყავით მათ შორის, რომელთაც მათ მოყვანაში დიდი როლი შეასრულეთ?

-აქ ერთადერთი მთავარი მიზეზი იყო ის, რომ მე დავინახე და ვიგრძენი, რომ ბიძინა ივანიშვილი, მიუხედავად დეკლარირებული პოლიტიკისა, მიუხედავად ვიზალიბერალიზაციის მიღებისა, ბიძინა ივანიშვილი არ იყო ევროპული ორიენტაციის.
ეს იყო დიდი ფარსი, რომელიც მან შესთავაზა ქართულ საზოგადოებას.

-როდის მოხდა თქვენში იმის გაცნობიერება, რომ ივანიშვილმა საგარეო კურსი შეცვალა თუ გნებავთ შეიცვალა?

-ეს ნათლად დავინახე მე უკვე 2016 წელს, როცა ის უსამართლოდ მოექცა იმ ადამიანებს თავის კოალიციაში, რომლებიც იყვნენ ევროპული ორიენტაციის. ჩემთვის მაშინ ყევლაფერი გასაგები გახდა. შეიძლება ბევრი ვერ ხედავდა, მაგრამე მე ვიცი ბევრი რამ, რაც კოალიციის შიგნით ხდებოდა, ვის როგორი დამოკიდებულება ჰქონდა ქართველი ხალხის, ქართველი ერის სურვილისადმი გამხდარიყო ევროპული ცივილიზაციის ნაწილი.

-ბატონო კახა, თქვენი აზრით რამ განაპირობა ამ კურსის შეცვლა?

-იცით რა? ძალიან მძიმეა ამის თქმაც, მაგრამ პირდაპირ ვიტყვი, არანაირი კურსი არ შეუცვლია ბიძინა ივანიშვილს…
მას წინასწარ ჰქონდა განსაზღვრული თუ როგორ ემოქმედა და რა მიმართულებით წაეყვანა ქვეყანა!!! ბიძინა ივანიშვილმა უღალატა ქართულ იდეას-ეროვნული დამოუკიდებლობისა და ჩვენი ევროპული მომავლის იდეას. ეს ღალატი ჩადებული იყო იმთავითვე!!! დღეს უკვე ყველასათვის ნათელია, ბიძინა ივანიშვილი კრემლის გარეშე ვერ შემოვიდოდა ქართულ პოლიტიკურ ველზე.
ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც თავიდან ბოლომდე აკონტროლებს კრემლი. დროთა განმავლობაში ყველაფერს ფარდა აეხადა და ჩვენ ნათლად ვიხილეთ, რა პოლიტიკას ატარებს კრემლი საქართველოში. რა თმა უნდა, ამას ყველაფერს იმპულსი მისცა და საბოლოოდ გამოაშკარავა უკრაინის მოვლენებმა!!!

-უკრაინის მოვლენებმა საერთოდ ფარდა ჩამოხადა ყველაფერს და ნათელი გახადა თუ რა მისიით მოავლინა საქართველოში კრემლმა ივანიშვილი.

სხვათაშორის, ერთი რამ მინდა გითხრათ, მომხდარში ძალიან დიდი როლი მიუძღვის მიშა სააკაშვილს! სააკაშვილის არადემოკრატიულმა პოლიტიკამ განაპირობა ივანიშვილის აღზევება და მე ბევრჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, მიშა სააკაშვილის მოღვაწეობის გვირგვინი არის ბიძინა ივანიშვილი!!! ამიტომ, პირველ რიგში, მან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, რაც მოხდა საქართველოში და რაც ხდება ახლა! ასევე, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გავათვითცნობიეროთ ამ პასუხისმგებლობის სიმძიმე. ეს იყო ჩვენი შეცდომა, ეს იყო ჩვენი იძულებითი არჩევანი, რომელიც შემდეგ აი ამ უბედურებაში გადაიზარდა!!!

მე ვებრძოდი ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლებას, ეს თქვენ კარგად იცით, ვებრძოდი მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებასაც, მაგრამ უნდა ვაღიარო, არც ედუერდ შევარდნაძის დროს, რომელთანაც ძლიერი დაპირისპირება მქონდა და არც სააკაშვილის დროს, (თქვენ იცით ჩემი და მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დამოკიდებულება) არ მდგარა დღის წესრიგში საკითხი – რუსეთი თუ ევროპა, თავისუფლება თუ მონობა. ეს საკითხი დრის წესრიგში დააყენა ბიძინა ივანიშვილმა და ამით მან საერთოდ გააფერმკრთალა ყველაფერი. მიმძიმს მე ამის თქმა, მაგრამ პირველ პლანზე როდესაც წამოიწევს ასეთი პრობლემა, მე არარელევანტურად მიმაჩნია მხოლოდ წარსულზე აპელირება და არ ვაპირებ ქოც-ნაცურ პინკ-პონგში შესვლას!!!

დღის წესრიგში დგას ჩვენი ყოფნა -არყოფნის საკითხი!  აქვე მინდა მივმრთო ოპოზიციას, ძალიან კარგია, რომ რამოდენიმე პოლიტიკური პარტია არსებობს და  ამომრჩეველს აქვს იმის საშუალება, რომელიმე აირჩიოს. მთავარია, ქართველმა საზოგადოებამ  გააცნობიეროს, რომ ჩვენს არჩევანზე დამოკიდებული არის ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი შვილების მომავალი, ამიტომ ყველანი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მასიურად უნდა მივიდეთ არჩევნებზე და ხმა მივცეთ ჩვენი შვილების მომავალს!

-ეს გასაგებია, ბატონო კახა, მაგრამ ევროპა თუ რუსეთი, აი ამ ყველაფრის ფონზე სალომე ზურაბიშვილის ქართული ქარტია?!…  

-ძალიან კარგი შეკითხვაა, მე მინდა  ერთი რამე გითხრათ, სალომე ზურაბიშვილმა სწორად წაიყვანა პოლიტიკური  პროცესი. სალომე ზურაბიშვილის წვლილი ქართული საზოგადოების  გამოფხიზლებაში და  საზოგადოებისთვის სწორი მიმართულების მიცემაში არის მართლა შეუფასებელი. მე კარგად ვიცნობ ქ.ნ სალომეს და აქედან გამომდინარე ვამბობ ამას. სალომე ზურაბიშვილს სულისკვეთებამ, მისმა ქართულმა-ევროპულმა  ორიენტაციამ, მოთმინების უნარმა და, რაც მთავარია,ბრძოლისუნარიანობამ. (ამას ხაზგასმით ვამბობ), ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი აქცია პოლიტიკური პროცესის ლიდერად! მან  პროცესი წიყვანა ზუსტად ისე, როგორც უნდა წაეყვანა და მან შექმნა შესაძლებლობა, რომ ივანიშვილის მიერ შექმნილი ხელოვნური ბარიერები საბოლოოდ გადავლახოთ. რაც შეეხება ქარტიას, აბსოლუტურად ვეთანხმები  ქარტიის სულისკვეთებას და ცოტა ღიმილის მომგვრელად მიმაჩნია  პარტიების მხრიდან საუბარი იმასთან დაკავშირებით, თუ როდის უნდა წარადგინოს პრეზიდენტმა ტექნიკური მთავრობა, არჩევნებამდე თუ არჩევნების შემდეგ.    გასაგებია პოლიტიკური პარტიების მიზნები, მათი ამბიციები, თუმცა, დღეს ამის გამო სალომე ზურაბიშვილთან დაპირისპირება და ამით პოლიტიკური პროცესის დაზიანება, ჩემთვის ყოვლად მიუღებელია. ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, მე ვეთანხმები ქ.ნ სალომეს აზრს, საზოგადოების აზრს, რომ 31 მარტის რეფერენდუმის ტოლფასია 26 ოქტომბრის არჩევნები. ჩვენ მაშინ ხმა მივეცით საქართველოს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას და რა სავალალოა, რომ თითქმის 35 წლის შემდეგ ისევ გვიხდება ამისთვის ბრძოლა. ერთი სიტყვით,  საქართველოს დღევანდელი პრეზიდენტის წვლილი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესში არის მართლაც შეუფასებელი.

-არ შემიძლია ბატონო კახა არ გკითხოთ, ნარატივი ხელისუფლების აფხაზებთან მიმართებაში, თქვენ რას ფიქრობთ რა სატყუარაა? და თქვენი კომენტარი ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე, ბოდიშის მოხდის თაობაზე ?

– ეს იგივეა, რაც გარეჯი-საქართველო!!! გახსოვთ, ეს თემა გამოიტანეს წინასაარჩევნოდ, მას მერე არავის არ გახსენებია გარეჯი და იქ კიდევ უარესად არის საქმე, ვიდრე მანამდე იყო. რაც შეეხება ბოდიშს და თითქოსდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, საინტერესო არის არა ის რასაც ამბობს ბიძინა ივანიშვილი, არამედ  რას პასუხობენ   კრემლი და სეპარატისტები ბიძინა ივანიშვილს!!! თავად კრემლმა არ მისცა მას ამ სატყუარის გამოყენების საშუალება!!! ეს სატყუარა თავიდანვე ჩაუვარდა ბიძინა ივანიშვილს. როდესაც კოკოვითი გაკადრებს: ბოდიშიც მომიხადე და თრუსოს ხეობა და გუდაურიც მომეციო, ნუ, რაზე უნდა ვილაპარაკოთ?!  სავალალო მდგომარეობაა!!! ლავროვის რიტორიკაზე არაფერს ვამბობ… აი, ზახაროვამ კი ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა.  … კი, ბატონო, ჩვენ დაგეხმარებით თქვენ, როგორც მეზობელ სახელმწიფოებს, რომ დალაგდეთო (ბიძინას ენაზე ,რომ ვთქვათ)… ერთი სიტყვით, ვისთანაც კრემლის ტყუილები მუშაობს,  მომიტევეთ და  მასთან საუბარი არ ღირს, ვფიქრობ, რომ  ბიძინას ბოდიშმა ჩაილურის წყალი დალია.

-ანუ პოლიტიკური კრახი იყო..  

-რა თმა უნდა, პოლიტიკური კრახი იყო, თავი რომ დავანებოთ შეურაცხყოფას მეომრებისა, მათი ჭირისუფლის…   ჟიული შარტავას, გურამ გაბისკირიას, ტატუნაშვილის, ოთხოზორიას, გინტურის, ყველაზე მთავარი –  ანწუხელიძის ხსოვნის შეურაცხყოფაა, რასაც ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებას სთავაზობს!!!

-შარტავას შვილიშვილი ქართული ოცნების სიაშია და ეს როგორ?! გაუჩნდება საზოგადოებას კითხვა.  

ასეთი რაღაცეები ხდება, არ გავაგრძელებ… მე უდიდეს პატივს ვცემ ჟიული შარტავას, ჩვენი ეროვნული გმირია!!! მისი სიტყვები, გურამ გაბისკირიას სიტყვები, მათი გმირობა  დარჩება ქვეყანას, ჩვენს შთამომავლობას, როგორც სამშობლოსათვის თავგანწირვის მაგალითი. ჩვენთვის მთავარი უნდა იყოს არა ის, რას იეშმაკებს და კიდევ როგორ ,,ტრიუკს” შემოგვთავაზებს ბიძინა, არამედ, როგორ ვიქნებით იმ იდეის ერთგული, რომლის რეალიზებასაც შეეწირა ჟიული შარტავა!!! ამიტომ, თავისუფლებისა და ჩვენი სახელმწიფროებისათვის ბრძოლის დამცრობა  და იგნორირება ვერავინ ვერ უნდა გაბედოს!!!

აქვე მინდა დევნილებს მივმართო!!! თქვენ ხართ მზად აფხაზ სეპარატისტებს ბოდიში მოუხადოთ?
აი, დადგეთ ამ ცნობილი სპორტსმენებივით და ბოდიში მოუხადოთ ჟიული შარტავას და გურამ გაბისკირიას მკვლელებს.თქვენი შვილების, თქვენი მამების, შვილიშვილების, დედების მკვლელებს?!…

-სამეგრელოში რა ხდება?

-სამეგრელოში რაც ხდება გითხარით, სასაცილოც და შეურაცხმყოფელი იყო, რაც ,,ქართულმა ოცნებამ” სამეგრელოში მოიმოქმედა.
არა მგონია, რომ სამეგრელოზე, კერძოდ კი, ზუგდიდზე იმოქმედოს იმან, რასაც ბიძინა ივანიშვილი კადრულობს!!!

-,,ფანტანი” აიღეს და გაალურჯეს

-ხო, ,,ფანტანი” აიღეს…
რაც არ უნდა ქნას ბიძინამ, სამეგრელო აფხაზ სეპარატისტებს ბოდიშს არ მოუხდის!!!
საგულისხმოა ისიც, რომ ბიძინა ივანიშვილმა ზუგდიდის მიტინგზე ვერ გაბედა მეგრელებისთვის შეეთავაზებინა სეპარატისტებისთვის ბოდიშის მოხდა!!!

-ბატონო კახა, ჩვენ გავესაუბრეთ იქ მყოფ ადამიანებს და ნახევარზე მეტი ხმას არ აძლევს, ისინი მოსულები იყვნენ, რომ სამსახური არ დაეკარგათ.

-რა თმა უნდა ,ეს ყველა ხელისუფლების დროს ასე იყო. თქვენ გახსოვთ მიშა სააკააშვილსაც ეგონა, რომ 2012-ში მოიგებდა არჩევნებს, ისეთი ზეწოლა იყო მოსახლეობაზე, რომ დარწმუნებული იყო, მაგრამ 2012-ში რაც მოხდა, თქვენ ნახეთ…
.
-თქვენ პედაგოგის ოჯახიდან ბრძანდებით. რას ეტყვით პედაგოგებს?!

-მე ისეთი პედაგოგები მყავდა და მე ისეთი გაკვეთილები მიმიღია ჯერ სახლში და მერე სკოლაში, რომ ახლა, როცა ზოგიერთებს ვუსმენ, ისეთ რაღაცებს ამბობენ, ძალიან მენანება ეს ხალხი… გული მტიკვა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ: ჩემო მასწავლებლებო, პედაგოგებო, თქვენზე არის ბევრი რამ დამოკიდებული, თქვენ ზრდით ახალგაზრდებს, მომავალ თაობას, არ უღალატოთ თქვენს მრწამს, არ უღალატოთ საქართველოს ისტორიას, საქართველოს დამოუკიდებლობას, თავისუფლების იდეას, ევროპული მომავლის იდეას, თქვენ კიდევ ბევრი თაობა უნდა გაზარდოთ და არ მოხდეს ისე, რომ გარკვეული დროის შემდეგ, თქვენ ვერ შეძლოთ თვალებში ჩახედოთ ბავშვებს და ვერ შესძლოთ მათვის გაკვეთილების ჩატარება, ამ მდგომარეობამდე არ უნდა მიხვიდეთ, არ უნდა დაეხმაროთ ივანიშვილს ისტორიის გადაწერაში, კრემლის ოცნების აღსრულებაში!!!
დარწმუნებული ვარ, ყველა გასცემს პასუხს ბიძინა ივანიშვილს იმ შეურაცხყოფისთვის,რა შეურაცხყოფაც მიაყენა მან ქართულ საზოგადოებას და შესთავაზა თავისუფლების ნაცვლად მონობა. ჩვენ ბიძინა ივანიშვილს ამ შეურაცხყოფას არ ვაპატიებთ, კრემლი არ იქნება საქართველოში. კრემლი საბოლოოდ დამთავრდება საქართველოში.

…და ბოლოს, მოვუწოდებ მთელ საქართველოს, მონაწილეობა მიიღოს დღევანდელ მარშში, რათა კიდევ ერთხელ დავინახოთ ყველას, რომ საქართველოს თავისუფლება და მისი ევროპული მომავალი ჩვენთვის უალტერნატივოა!!!

ავტორი: ბერდია კალანდია

საინფორმაციო სააგენტო “თაიმერი”

banner
წინა სტატიაშიექსკლუზივი: ვისი ბრძანებით არბევდნენ აქციებს? – მოპოვებულია რაციის ჩანაწერები
შემდეგი სტატიაამომრჩევლის „ფილოსოფია“ და „პატარა ბერიას“ ფიქრები: გავიზრდები და ზარქუასაც მოვკლავ და  ხარჩილავასაც!?