კახა მიქაია: ოპოზიცია უკრაინაში ხელიდან არ გაუშვებს ხელისუფლების წინააღმდეგ გაერთიანების და კონსოლიდირების შანსს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ “თაიმერი” მოძრაობა “დაიცავი საქართველოს” ლიდერს, კახა მიქაიას ესაუბრა.

“თაიმერი” – როგორ აისახება უკრაინაში დემოკრატიულ პროცესებზე სააკაშვილის პოლონეთში რეადმისია, რომელსაც თავდაპირველად მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა უძღოდა წინ?

კახა მიქაია – სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა, მისი ფიგურის პერმანენტულმა აქტუალიზაციამ, შესაძლოა, მართლაც იმოქმედოს უკრაინაში დემოკრატიის ხარისხის ამაღლებაზე, რაც, საბოლოოდ ოპოზიციის გამარჯვებით და ოლიგარქის დამარცხებით დასრულდება. მიუხედავად იმისა, იქნება თუ არა თავად სააკაშვილი ამ პროცესის აქტიური თანამონაწილე.

“თაიმერი” – სააკაშვილის ქვეყნიდან გაძევება არის გაერთიანების სიგნალი უკრაინული ოპოზიციის ლიდერებისთვის და საზოგადოებრივი ჯგუფებისთვის?

კ.მ. – რა თქმა უნდა არის. ქართული ოპოზიციისგან განსხვავებით, უკრაინული ოპოზიცია უფრო ძლიერი და გონიერია. დარწმუნებული ვარ, ოპოზიცია უკრაინაში ხელიდან არ გაუშვებს ხელისუფლების წინააღმდეგ გაერთიანების და კონსოლიდირების შანსს, რათა სერიოზული პრობლემები შეუქმნას პოროშენკოს ოლიგარქიულ მმართველობას.

“თაიმერი” – ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო წამს შეცვალა სააკაშვილის თვითმფრინავის გეზი?

კ.მ. – მართალია, როგორც კი სააკაშვილის თვითმფრინავი მოუახლოვდა ბათუმის ცას, ბიძინა ივანიშვილმა მას კურსი შეუცვალა და კოსმოსისკენ გააფრინა, თუმცა, კოსმოსმა სააკაშვილი ჯერჯერობით არ მიიღო და თვითმფრინავი იძულებული გახდა ვარშავაში დაფრენილიყო. იმედია, ბიძინა ივანიშვილი მისი შორსმჭვრეტელური უნარებიდან გამომდინარე, საბოლოოდ აუცილებლად უზრუნველყოფს სააკაშვილის კოსმოსში გაუჩინარებას, რადგან სააკაშვილი უკვე არათუ უკრაინაში ან საქართველოში, არამედ, დედამიწაზე არ ეტევა.

“თაიმერი” – რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ქართულ პოლიტიკაზე უკრაინიდან სააკაშვილის გაძევებას?

კ.მ. – არანაირი, თუმცა, ფაქტია რომ, არც ხელისუფლება და არც ,,ნაციონალური მოძრაობა” საქართველოში სააკაშვილის მისაღებად მზად არ იყო.

“თაიმერი” – ფიქრობთ რომ მღებრიშვილმა რუს პრანკერებთან საიდუმლო გათქვა?

კ.მ. – საერთოდ, მღებრიშვილი გულწრფელი ადამიანია, გულწრფელებს კი ხშირ შემთხვევაში, ნაკლებად ძალუძთ საიდუმლოს შენახვა!
ასე რომ, საზოგადოებამ სათანადოდ უნდა დაუფასოს ყოფილ შსს მინისტრს ესოდენ დიდი გულწრფელობა

banner
წინა სტატიაშიკობახიძე მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებს კვირის ბოლოს შეხვდება
შემდეგი სტატია„ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოში კომპანია „Sinohydro”-ს საქმიანობაზე 21 სისტემურ დარღვევას აქვეყნებს