კახა მიქაია: “ოცნებაზე” სერიოზული კომენტარის გაკეთება შენს არასერიოზულობაზე მეტყველებს

რატომ არ ღირს “ქართულ ოცნებაზე” სერიოზული საუბარი, რა რჩევებს აძლევს ტრამპს ირაკლი კობახიძე, რა შანსები მიეცათ გუგული მაღრაძესა და ნუკრი ქანთარიას, რატომ გვეკაიფება ხელისუფლება? _ ამის შესახებ “ახალ თაობას” არასამთავრობო ორგანიზაცია “დაიცავი საქართველოს” ლიდერი კახა მიქაია ესაუბრება.

_ “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მათმა ხელისუფლებამ ასეულობით საწარმო გახსნა და ასეულობით ადამიანი სიღარიბიდან ამოიყვანა. ამ განცხადებამ საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. ყველა ამბობს, რომ ხელისუფლება უკვე გვეკაიფება. თქვენ რას ფიქრობთ?
_ მამუკა მდინარაძემ ტვ პირველის ეთერში ასეთი რამ განაცხადა: დღეს ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი პრობლემაა და უამრავი ადამიანი გაჭირვებაში ცხოვრობს, მაგრამ ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ პროგრესისაკენ და მთავარია, რომ სიღარიბიდან ასეულობით ადამიანი ამოვიდა. ერთ დღეში არაფერი წყდება. ჩვენ გვინდა, რომ ეს ყველაფერი მოხდეს ერთ დღეში. ეს ასე ვერ იქნება.ძალიან მიკვირს, რატომ აღშფოთდა საზოგადოება ამ განცხადების გამო. თქვენი გაზეთის საშუალებით მინდა მივმართო მათ: მამუკა მდინარაძე ამბობს, ასეულობით ათასი ადამიანი ამოვიდა გაჭირვებიდანო. და ამის შემდეგ თქვენ ბედავთ და ხელისუფლებას კეთილებს აგინებთ! არ გრცხვენიათ? ან ნამუსი სად დაკარგეთ, ან სინდისი?!
კარგი, ხელისუფლებას არც ნამუსი ჰქონია არასდროს, არც სინდისი და არც რცხვენოდა არაფრის, ვიცი, არც მომავალში შერცხვება, მაგრამ თქვენ… თქვენ რა დაგემართათ, თქვენც ხომ ხელისუფლება არა ხართ!
თქვენ ხომ ასეულობით ათასი სიღარიბიდან ამოსული ადამიანები ხართ, ხალხო! რატომ მალავთ ამას ყველაფერს და სახალხოდ რატომ არ უხდით მადლობას ხელისუფლებას? რატომ? მართლა თქვენზე ,,მზრუნველი~ ხელისუფლებასავით, სიღარიბიდან ამოსულებმა, თქვენც დაკარგეთ სინდისი, ნამუსი, მადლიერების განცდა, ჰაააა? ხომ თქვა მდინარაძე ,,ნუ პაგადიმ~, სიღარიბიდან ამოგიყვანეთო და მეტი რა გინდათ?
აააა, ვიცი, რაც გინდათ, ერთ დღეში გინდათ ყველანი მილიონერებად იქცეთ!
ვერ მოგართვით! თუმცა, ესეც არ არის პრობლემა, თუ მილიონერობა გინდათ, მაშინ ,,ქართული ოცნების~ ხელისუფლებაში ყოფნის მეშვიდე წლისთავზე სიღარიბიდან ამოსულებმა მომდევნო წლების განმავლობაში მინიმუმ ათჯერ გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ისევ ,,ოცნებას~ დაუჭირეთ მხარი და, როგორც დღეს ამოხვედით სიღარიბიდან, დღევანდელი ხელისუფლების ხელისუფლებაში ყოფნის სამოცდაათი წლის თავზე მილიონერებიც გახდებით!!!
მილიონერები გახდებით, საკუთარი დენდროლოგიური პარკებიც გექნებათ, საკუთარი სოლოლაკის სასახლეებიც და მილიარდერობაზეც გაიქაჩებით…
მერე? მერე კი ჩვენთან, სიღარიბეში დარჩენილებთან, სიღარიბიდან ვერამოსულებთან მოხვალთ ყვავილების დიდი თაიგულით ხელში და სინანულით შემოგვჩივლებთ, ჩვენსავით თქვენც რატომ არ დაიჯერეთ, რომ თავის მოტყუება, სიცრუით ტკბობა, მლიქვნელობა, უსინდისობა და ფარისევლობა ამქვეყნად დიდხანს ყოფნის ელექსირია.
_ იმედია, ხუმრობთ, ბატონო კახა.
_ სახუმაროდ არ გვაქვს საქმე, მაგრამ ვხუმრობ. აბა, ამ ხელისუფლებაზე როგორ შეიძლება ადამიანმა სერიოზულად ილაპარაკო. ამ მთავრობაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება უკვე შენს არასერიოზულობაზე მეტყველებს.
თვალს ვადევნებ ამ ხელისუფლების წევრების განცხადებებს და ათასი ფიქრი მიტრიალებს თავში. კარგა ხანი ვფიქრობდი იმაზე, თუ რით ჰგავს კალაძე ტატო ბარათაშვილის მერანს?! თქვენ წარმოიდგინეთ და… ქროლვით!!! თბილისის მერი სწორედ რომ ქროლვისადმი მიდრეკილებით ამ ბოლო დროს ერთი-ერთში დაემსგავსა ბარათაშვილის უსაზღვროდ მქროლავ მერანს!
…და თუ კანცელარიის მეთერთმეტე სართულზე ვაჟას არწივივით დაჭრილი პრემიერი ყვავ-ყორნებს იგერიებს და მისთვის ჩართული “ტაიმერის” იგნორირებით იწონებს თავს, ქართული პოლიტიკის მერან კალაძეს უკან მოსჩხავის თვალბედითი შავი ყორანი _ რუსთავი 2, მაგრამ ვერ ეწევა…
სწორედ ამ ქროლვისას რუსთავი 2-ის ყორანმა ჟურნალისტმა მას ამას წინათ შეკითხვა დააწია. მერის პასუხმაც არ დააყოვნა: ,,თქვენ გგონიათ, გოთვერნულ შეკითხვას მისვამთ?~ იყო მერის პასუხი. მაგარია!!!
წარმომიდგენია ამის გაგონებაზე `ქართული ოცნების~ ოფისში მერის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლებისა და კალაძის მომხრეების ჟივილ-ხივილი შეძახილებით: საღოოლ, კახა!~ ს-აღღღღუუ…
ისე, მართალი რომ ვთქვათ, სად კოკურ-ნარმანიული ვირიშვილო-მაიმუნო და სად სამტრედიული გოთვერნული? რა შედარებაა! ასე რომ, ჩვენო მერო-მერანო, რუსთავი 2-ის გოთვერანი ყორნები შენ ვერას დაგაკლებენ. გასწი, იქროლე…
რადგან მერზე მიდგა საუბარი, ბელიაშვილის ქუჩის ინციდენტსაც შევეხები.
ბელიაშვილის ქუჩის სტადიონზე მოსალოდნელი ამხანაგური მატჩის მოლოდინში გატრუნული დედაქალაქის სიცოცხლით სავსე მერი, ნაცებით სავსე მერიაში დილის თათბირებზე, ვფიქრობ, უახლოეს მომავალში უფრო ეპოქალური და გოთვერნული ინიციატივების გაჟღერებით კიდევ უფრო დაიპყრობს ჩვენს გულებს…
ხო, ხო, ხო, ხო, რა შენძრეული მერი გყავთ, თბილისელებო. როგორ მშურს თქვენი!
_ რატომ გშურთ? ზუგდიდის მერს არ აწუხებს იდეები?
_ ჩვენს მერს არათუ ფრენა, ლაპარაკიც არ შეუძლია და მხოლოდ ცოცხით ხელში როლანდ ახალაიას ეზოს თუ გახვეტს წარმატებით, მაგრამ, ხომ გაგიგონიათ, კაცი იმედით ცხოვრობსო და, ხომ შეიძლება, ერთ მშვენიერ დღეს ზუგდიდის მერი იმ ცოცხს მოაჯდეს და თქვენთან ჩამოფრინდეს, დედაქალაქელებო!
მთავარია, რომ გამოსავალი ნაპოვნია. თუ ვიჩხუბებთ, მერე ერთმანეთში ამხანაგურ მატჩს ვითამაშებთ და ყველაფერი კარგად იქნება.
ასე რომ, ფოფხაძეებო, ჭიჭინაძეებო, ქანთარიებო, პაპუაშვილებო, მაღრაძეებო, ბესელიებო, თალაკვაძეებო, მდინარაძეებო, კობახიძეებო, მელიებო, კვირიკაშვილებო, ფეხბურთი ითამაშეთ, ფეხბურთი!
ისე, ფეხბურთის გარდა, ამხანაგური მატჩის ჩატარება რაგბიშიც შეიძლება, კალათბურთშიც, წყალბურთშიც და ა.შ. აბა, სხვა თქვენ არაფრის გამკეთებლები არა ხართ, არც შეგიძლიათ და ეს მაინც ქენით, იქნება და გამოგივიდეთ…
_ აშკარად კარგ ხასიათზე დაგაყენათ მეოცნებეთა არაადეკვატურობამ.
_ ცუდ ხასიათზე როგორ უნდა ვიყო, როცა ვგრძნობ, რომ სადაცაა ტრამპი ირაკლი კობახიძის გარეშე ნაბიჯს აღარ გადადგამს.
_ ეს საიდანღა დაასკვენით?
_ ირაკლი კობახიძის განცხადებებიდან. ამ დღეებში მან განაცხადა:
`არსებობენ ფსევდოლიბერალური ძალები, რომლებიც თანაბრად ებრძვიან საქართველოსა და აშშ-ის მოქმედ ხელისუფლებებს. ამის საუკეთესო ილუსტრაციაა `ენ დი აი~-ს თბილისის ოფისის ხელმძღვანელობა, რომლისთვისაც საქართველოში საკუთარი ხელისუფლების შეურაცხყოფა ჩვეულებრივი მოვლენაა~.
მინდა ვკითხო კობახიძეს, ტრამპმა თუ იცის ეს ამბავი, ირაკლი, ბიძია, ალბათ არ იცის, თორემ მიიღებდა შესაბამის ზომებს.
იმედია, ახლა მაინც მოეგება გონს, სპეციალურ ბრიფინგს გამართავს, დაგმობს ,,ენ დი აი~-ს ,,ძირგამომთხრელ~ საქმიანობას ჩვენს ქვეყანაში და არა მხოლოდ… ვფიქრობ, თავად აშშ-ის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედ ,,ენ დი აი~-სა და `ფრიდომ ჰაუსს~ აშშ-ის პრეზიდენტი სათანადო პასუხს გასცემს და, რაც მთავარია, დარწმუნებული ვარ, ტრამპი უყურადღებოდ არ დატოვებს შენს ძალისხმევას, ამხილო და სააშკარაოზე გამოიტანო ფსევდოლიბერალური ძალების, რბილად რომ ვთქვათ, არაკეთილსინდისიერი საქმიანობა ჩვენს ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.
არ არის გამორიცხული, მომავალში ტრამპმა თავის ბრიფინგებზე კობახიძესთან ერთად მიიწვიოს გუგული მაღრაძე და ნუკრი ქანთარიაც. შესაძლოა, ის პარალელურად იმ ,,გაუგებრობის~ გარკვევაში დაგეხმაროთ, რომლის წინაშეც ამ ბოლო დროს უმრავლესობის წევრები დადექით.
_ ტრამპმა უნდა მოაგვაროს “ოცნების” შიდა პრობლემები?
_ აბა, ბიძინას ამათთვის არ სცალია და ვიღაცამ ხომ უნდა მიხედოს `ოცნებას~. ისევ პარლამენტის სპიკერს მივმართავ: ჩემო ირაკლი, როგორც ჩემი წყარო თეთრი სახლიდან მატყობინებს, ტრამპი სირიის პრობლემის მოგვარების გადადებასა და უკან დახევასაც აპირებს, როგორც ჩემი წყაროსთვის გახდა ცნობილი, `ჭკვიანი რაკეტებით~ სირიის დაბომბვამდე იგი ჭკუას ქართველ ექსპერტებს: ხარშილაძეს, გოგოლაშვილსა და მათ ძმებს დაეკითხება!
აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და `ქართული ოცნების~ ,`ფრაერ~ დეპუტატებსაც მივმართავ: შექმნილ ვითარებაში მთავარია, რას გეტყვით `ქურდი~. ჰოდა, ააკითხეთ მას!
ადგილობრივი მასშტაბის `ქურდები~ თქვენს `მოყომარებას~ ვერ შეძლებენ. მათ მხოლოდ შეუძლიათ, ფეხბურთის თამაში შემოგთავაზონ! ამ `სპორის~ გადაწყვეტას მხოლოდ საკავშირო მასშტაბის `ქურდი~ სჭირდება! დაუჯერეთ თქვენს თანაგუნდელ ნუკრი ქანთარიას, ააკითხეთ `ქურდს~. ნუკრის ხომ ქურდებთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება აქვს…
მართალია, `ნევიდიმკას~, `კობზონისა~ და `ნუ პაგადის~ `სტოსაობას~ `ჯიგრები~ საბოლოოდ ვერ აიტანდით, მაგრამ `სხოდკაზე~ მთავარი ქურდის საბოლოო სიტყვას და, აქედან გამომდინარე, ქურდულ-პარტიულ დისციპლინას ყველა უნდა დაექვემდებაროთ! ააკითხეთ `ქურდს~, დაგალაგებთ, საქმეს გაგირჩევთ, თუმცა, მეეჭვება, თქვენთვის მოიცალოს.

შორენა მარსაგიშვილი

“ახალი თაობა”

banner
წინა სტატიაშიემიგრაცია ფაქტები, არასწორი მიდგომა და პანიკა
შემდეგი სტატიაავტოსაგზაო შემთხვევამ 13 წლის გოგო იმსხვერპლა