კახა მიქაია: “ოცნებაში” პორტირებულმა ნაცებმა გახარიას პროვოკაცია მოუწყვეს

ვინ უწყობს შს მინისტრს პროვოკაციებს, როგორ აპირებს სააკაშვილი საქართველოში შემოპარვას, რა პროცესები შეიძლება დაიწყოს სამეგრელოდან, რატომ ითხოვს “დაიცავი საქართველოს” განახლებას, მართლა აპირებს თუ არა ამ ორგანიზაციის დატოვებას? – ამის შესახებ “ახალ თაობას” “დაიცავი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი კახა მიქაია ესაუბრება.

_ “დაიცავი საქართველოს” პირველ ყრილობაზე თქვენ არ ჩანდით, არადა, ამ წლების განმავლობაში, როცა დანარჩენები ოცნებობდნენ. მხოლოდ თქვენ ასოცირდებოდით ამ მოძრაობასთან. თქვენმა არგამოჩენამ გააჩინა ეჭვები, რომ “დაიცავი საქართველოს” დატოვებას აპირებთ. მართლა მოდიხართ?
_ ყველაფერი მომავალში გაირკვევა. მთელი წლები “დაიცავი საქართველოს” წარმოვადგენდი, მაგრამ პირველი ყრილობის საორგანიზაციო საკითხებში ჩარევისგან თავი შევიკავე. ამიტომ ვერ გეტყვით, თუ როგორ განვითარდა მოძრაობის შიგნით მოვლენები.
თუ “დაიცავი საქართველო” მართლა აპირებს მუშაობას, მაშინ მას მართლა სჭირდება განახლება და რეფორმირება. საჭიროა ახალგაზრდების მოზიდვა, რადგანაც არსებულ გამოწვევებს ახლებურად სჭირდება შეხედვა.
_ ეს გაახალგაზრდავება არსებული გამოწვევების ახლებურად დასანახად არის საჭირო თუ იმ ოდიოზური სახეების გადასაფარად, რომლებიც ამ მოძრაობაში მრავლად არიან. შეიძლება, თქვენ ამ ადამიანებს ოდიოზურ ფიგურებად არ თვლით, მაგრამ ხალხი მათ ასეთებად აღიქვამს.
_ საზოგადოებაში მართლაც არის ასეთი აზრი. მე ხალხის აზრს ყოველთვის პატივს ვცემ და ვითვალისწინებ. მოძრაობის გაახალგაზრდავებაზე იმიტომ ვსაუბრობ, რომ ახალგაზრდული ენერგიაა საჭირო. არსებულ გამოწვევებს ახალგაზრდები ახლებურად გაუმკლავდებიან. ასევე საჭიროა ახალი სახეებიც.
_ ჯერ ისევ ამ მოძრაობის წევრად აღიქმებით და გეცოდინებათ, ვინ დგას მის უკან. მართალია, რომ ივანიშვილმა გააცოცხლა “დაიცავი საქართველო”?
_ ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე გეტყვით, რომ “დაიცავი საქართველოს” უკან ივანიშვილი არ დგას.
_ აბა, რატომ გავრცელდა ასეთი მოსაზრება?
_ ეს არის იმ ადამიანების აზრი, რომლებიც გაღიზიანებული არიან “დაიცავი საქართველოზე”, რადგან მასში კონკურენტს ხედავენ. პოლიტიკურ ავანსცენაზე “დაიცავი საქართველოს” შემოსვლა არ აწყობს.
ბევრი მოწინააღმდეგე გვყავს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ იმ პრობლემებს, რაც გვაქვს. იმასაც კარგად ვგრძნობთ, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ მოძრაობის რეფორმირება.
_ ამ მოძრაობის წევრებიდან ეს თქვენ ყველაზე ნაკლებად გეხებათ, ნებისმიერ უკანონობას აპროტესტებდით, მაგრამ მაინც უნდა გკითხოთ, რაღა ახლა გაგახსენდათ საქართველოს დაცვა, აქამდე ვერ ხედავდით, რა ხდებოდა ქვეყანაში?
_ ეს პრეტენზია ნამდვილად არსებობს იმ ადამიანების მიმართ, ვისზეც თქვენ საუბრობთ, მაგრამ, მინდა დავაფიქსირო, რომ “დაიცავი საქართველოს” აქტუალიზაცია დაიწყო მას შემდეგ, რაც “ოცნებაში” სერიოზული პრობლემები გაჩნდა, რამაც საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია.
პრობლემები აქამდეც იყო და `დაიცავი საქართველოს~ გააქტიურება ცოტა დააგვიანდა, მაგრამ, როგორც ამბობენ _ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.
_ რა იქნება “დაიცავი საქართველოს” შემდეგი ნაბიჯი?
_ ამის თქმა ახლა გამიჭირდება. არ ვიცი, მოძრაობად დავრჩებით თუ პოლიტიკურ პარტიად ჩამოვყალიბდებით. საუბრები მიმდინარეობს, მაგრამ გადაწყვეტილი არაფერი არ არის. ამიტომ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და წინ ნუ გავასწრებთ.
_ ზუგდიდის მერის არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია და აქ პოლიტიკური ტემპერატურა ძალიან მაღლა აიწევს, მაგრამ, ასე ადრე თუ დაიწყებოდა არეულობა, არავინ ელოდა. დარჩა შთაბეჭდილება, რომ ეს ყველაფერი გახარიას წინააღმდეგ იყო მოწყობილი.
_ მეც დამრჩა ასეთი შთაბეჭდილება, რომ რაც რამდენიმე დღის წინ ზუგდიდში მოხდა, შს მინისტრ გიორგი გახარიას წინააღმდეგ იყო მოწყობილი. მომხდარს აშკარად გასდევდა პროვოკაციის ელფერი.
_ თქვენ რატომ დაგრჩათ ასეთი შთაბეჭდილება?
_ პოლიცია იმდენად ბრიყვულად და არაპროფესიონალურად მოიქცა, რომ სხვა ვარაუდი, უბრალოდ, არ მაქვს.
ნაციონალურ მოძრაობას რეგიონებში სერიოზული გავლენები აქვს. ამ მხრივ, ჩემდა სამწუხაროდ, სამეგრელო გამორჩეულია. ჩემს რეგიონში ყოფილი ხელისუფლება სერიოზულად არის წარმოდგენილი, მაგრამ ეს პარტია იმდენად ძლიერი არ არის, რამდენადაც მის წინააღმდეგ არაკომპეტენტურად მოქმედებს “ქართული ოცნება”. აი, აქ არის მთავარი პრობლემა.
ზუგდიდში ისეთი არაფერი ხდებოდა, რომ ამას ამხელა აჟიოტაჟი მოჰყოლოდა. პოლიტიკური და პიარის თვალსაზრისით ნაციონალებმა “ქართულ ოცნებას”მოუგეს.
ამ ამბავში ჩართული აღმოჩნდა პოლიცია. დიდი ხანია ვამბობ, რომ პოლიციამ უნდა დაიცვას წესრიგი. სამართალდამცავებს სრული უფლება აქვთ, სიმშვიდის შესანარჩუნებლად ამა თუ იმ პარტიის წევრები შეამოწმონ. თუ მოვალეობის შესრულების დროს ისინი ასე მარტივად წამოეგებიან პროვოკაციაზე, მაშინ ისინი არ ყოფილან სამართალდამცავები.
პირდაპირ გეუბნებით, ზუგდიდის პოლიციის უფროს ირაკლი ფაცაციას ქცევა არანაირ პოლიტიკურ ჩარჩოში არ ჯდება.
მე არ გამოვრიცხავ, რომ ეს იყო გიორგი გახარიას წინააღმდეგ მიმართული პროვოკაცია. ეს ფაცაცია წლების წინ, ნაციონალების დროს, ყაზბეგის პოლიციის უფროსი იყო. არსებობს ვიდეომასალა, თუ როგორ ექცეოდა ის 2012 წელს “ქართული ოცნების” მომხრეებს.
ზუგდიდში მომხდარს პროვოკაციის სუნი ასდის. მტკიცებულებები რადგან არ მაქვს, ამას მხოლოდ ვარაუდის დონეზე ვამბობ.
_ როცა ეს ინციდენტი მოხდა, შს მინისტრი ამერიკაში იმყოფებოდა.
_ რა თქმა უნდა, ეს გასათვალისწინებელი ფაქტია. მაგიტომ ვამბობ, რომ მომხდარს პროვოკაციის სუნი ასდის. ვიღაცა შეიძლება შემედავოს, მაგრამ საზოგადოება მომხდარს შს მინისტრის წინააღმდეგ მოწყობილ პროვოკაციად აღიქვამს.
_ ამბობენ, რომ ივანიშვილმა სწორედ გახარიას ჩააბარა სამეგრელო და მისგან ითხოვს, რომ ზუგდიდში “ოცნების” კანდიდატმა გაიმარჯვოს.
_ ამის შესახებ არაფერი ვიცი. შესაბამისად, ვერ გეტყვით, ჩააბარა თუ არა შს მინისტრს ივანიშვილმა სამეგრელო. ფაქტი არის ერთი, პოლიცია ისე არაკვალიფიციურად არ უნდა მოიქცეს, როგორც ზუგდიდში მოიქცა.
_ ვვარაუდობთ, რომ რაც მოხდა, მინისტრის წინააღმდეგ მოწყობილი პროვოკაცია იყო. ვინ დგას ამ პროვოკაციის უკან, ნაციონალები თუ “ოცნება”? როგორც ამბობენ, მმართველ პარტიაში გახარიას ბევრი ვერ იტანს.
_ მე არ ვიცი, ვინ იტანს გახარიას `ოცნებაში~ და ვინ _ არა. მაინცდამაინც არც ამ ამბის გარკვევით ვარ დაინტერესებული. ფაქტი ის არის, რომ “ქართული ოცნება” ნაციონალური მოძრაობის ფილიალად იქცა და ამაზე უკვე წლებია, რაც ვსაუბრობ. სხვა რეგიონებში შეიძლება უკეთესად არის საქმე, მაგრამ სამეგრელოში “ოცნება” ნაციონალებით არის დაკომპლექტებული.
ჩემი პროტესტი მეტს კი არაფერს შეეხებოდა. მმართველი პარტია რომ ნაციონალების თავშესაფრად იქცა, ამის გამო დავტოვე ზუგდიდის საკრებულო, საიდანაც მერე ნაცებმა და ქოცებმა ერთად გამრიცხეს.
საკრებულოს წევრი როცა ვიყავი, ვითხოვდი, რომ მომხდარიყო ხელისუფლებაში მყოფი კორუმპირებულების მხილება და `ოცნება~ გათავისუფლებულიყო პორტირებული ნაცებისგან.
ერთ-ერთ სხდომაზე ნაციონალებსა და “ოცნებას” ისიც კი ვუთხარი, ერთმანეთისგან უკვე ვეღარ გარჩევთ და იქნებ წითელი და ლურჯი მაისურები ჩაიცვათ-მეთქი. წითელი მაისურები ნაცებისაა, ლურჯი -ოცნების”.
არ გამოვრიცხავ, რომ გახარიას წინააღმდეგ ნაციონალებმა მოაწყვეს პროვოკაცია. არ ის გამიკვირდება, ამაში პორტირებული ნაცების ხელი ერიოს.
_ პორტირებული ნაცები “ოცნება” გამოდის.
_ არაა ასე. მე ნაცებსა და პორტირებულ ნაცებს შორის განსხვავებას ვერ ვხედავ. სხვა თუ ხედავს, ეს განსხვავება სიკეთეში მოახმაროს.
_ იმას გამორიცხავთ, რომ გახარიას “ოცნებიდან” უწყობდნენ პროვოკაციას?
_ არც ამას გამოვრიცხავ. მეგრელ იბრაჰიმოვიჩს _ გახარიას, მმართველ გუნდშიც რომ ჰყავდეს მოწინააღმდეგე, არც ეგ გამიკვირდება.
დაბრუნდება ამერიკიდან და ალბათ ყველაფერს თავად გაარკვევს. ის, რაც ზუგდიდში რამდენიმე დღის წინ მოხდა, ძალიან ცუდი ფაქტია. “ქართულმა ოცნებამ” ამას ანალიზი თუ არ გაუკეთა და პოლიციამ თავი თუ არ შეიკავა, ძალიან ცუდად იქნება საქმე.
რადგან საარჩევნო თემაზე ჩამოვარდა საუბარი, რამდენიმე სიტყვა მინდა ვთქვა ნაციონალებზეც. მე იმის წარმოდგენაც კი არ მინდა, რომ სანდრა რულოვსი შეიძლება ზუგდიდის მერი გახდეს. ამას ვერც კი ვუშვებ.
იმას ვაღიარებ, რომ სამეგრელოში ნაციონალური მოძრაობა ძალიან ძლიერად არის წარმოდგენილი, მაგრამ სანდრა რულოვსის გამარჯვება და მერობა მხოლოდ ზუგდიდის პრობლემა არ იქნება.
მინდა, ყველამ გააცნობიეროს, რომ დღეს ზუგდიდის მერად სანდრას კალთას ამოფარებული მიხეილ სააკაშვილი იყრის კენჭს. ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ და მივმართავ ჩემს თანაქალაქელებს. მათ შეუძლიათ, ვისაც უნდათ, იმას მისცენ ხმა ზუგდიდის მერად, მაგრამ არავითარ შემთხვევაში _ სანდრა რულოვსს.
სანდრა რულოვსისთვის ხმის მიცემა არის წარსულისთვის ხმის მიცემა, რომელსაც მომავალი არ გააჩნია. მე არ მინდა, ჩემი ზუგდიდი იმ ავადსახსენებელ წარსულში დაბრუნდეს. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს ქალი არ გახდეს ზუგდიდის მერი.
_ ყველაფრის გაკეთებაში რას გულისხმობთ?
_ ყველაფერს, რის გაკეთებასაც კანონი არ კრძალავს. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ცოლის კალთას ამოფარებული სააკაშვილი არ დაბრუნდეს საქართველოში და, კერძოდ, სამეგრელოში.
ყველაფერს გავაკეთებ, რომ სამეგრელო სანდრა რულოვსის გამარჯვების შემდეგ არ იქცეს ნაციონალების პლაცდარმად, საიდანაც მთელი რესპუბლიკის მასშტაბით უბედურების დაწყება შეიძლება.

შორენა მარსაგიშვილი

banner
წინა სტატიაში„დაიცავი საქართველო“ 3%- იან ბარიერს ვერ გადალახავს – კობახიძის პროგნოზი
შემდეგი სტატიაალა პუგაჩოვა დღეს 70 წლის იუბილეს აღნიშნავს