კახა მიქაია: „ოცნებამ“ სააკაშვილი “გმირად” აქცია

მიხეილ სააკაშვილის ციხის კადრებმა ყველა გააოგნა. სამოქალაქო აქტივისტი კახა მიქაია მიიჩნევს, რომ საქმე გვაქვს საქართველოს მესამე პრეზიდენტის “გარეცხვასთან”. რა მიზანს ემსახურება ეს ყველაფერი, ამაზე მიქაია „თაიმერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.

კახა მიქაია:
– „ქართულმა ოცნებამ“ მიშასგან შექმნა ,,გმირი”. მე ვერ წარმომედგინა თუ შესაძლებელი იყო მიშას ასე „გარეცხვა“. ამის გაკეთება შეეძლო მხოლოდ „ქართულ ოცნებას“. მოგეხსენებათ, რომ მე მხოლოდ სამი თვე ვიყავი ზუგდიდის საკრებულოში. პირველივე სხდომაზე გაოგნებული დავრჩი, იმ დღეს მივიღე გადაწყვეტილება დამეტოვებინა „ქართული ოცნება“ და ვყოფილიყავი დამოუკიდებელი დეპუტატი.
– „ქართული ოცნებიდან“ რატომ წამოხვედით?
– როცა გადავხედე საკრებულოს შემადგენლობას და დავინახე როგორ გავდნენ ქოცები და ნაცები ერთმანეთს, შემრცხვა „ქართული ოცნების“ რიგებში ყოფნის. ისეთი განცდა მქონდა, რომ თითქოს ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის წევრი ვიყავი. ეს ამბავი შემთხვევით არ გამხსენებია. რაც დღეს ხდება, ამას თავისი მიზანი აქვს, ის მიმართულია ქვეყნის სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. ქვეყანაში მიმდინარეობს სპეცოპერაცია სახელწოდებით: გავრეცხოთ მიშა და ვაქციოთ იგი ,,გმირად”.
უკვე დარწმუნებული ვარ, რომ რაც ახლა ხდება, წინასწარ იყო ჩაფიქრებული. მიშა, მისთვის მიცემული გარანტიების ფასად, საქართველოში უნდა დაბრუნებულიყო და ქცეულიყო ,,გმირად”, ეს დავალება, სააკაშვილთან ერთად, „ქართულმა ოცნებამ“ ზედმიწევნით კარგად შეასრულა!

– პრეზიდენტი უარს ამბობს სააკაშვილის შეწყალებაზე. ესაც ამ გეგმის ნაწილია?

– ამ კითხვაზე მოკლედ და კონკრეტულად გიპასუხებთ, ჩვენ პრეზიდენტი არ გვყავს.

– ისევ იმ ამბებს დავუბრუნდეთ, რაც მიშას თავს ტრიალებს. იქნება ეს არაა გმირად ქვევა, როგორც თქვენ თვლით და ხელისუფლებას მასთან დაკავშირებით სხვა გეგმები აქვს? ან სისულელით აკეთებენ იმას, რასაც აკეთებენ?

– დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნების“ ლიდერშიპი აზრზე არაა რა ხდება ქვეყანაში. ესაა ჩემი აზრი და ამ აზრს ვერავინ შემაცვლევინებს. პროცესები იმართება მიშას და ბიძინას მიერ. ბიძინაზე ამბობენ, ქვეყნიდან წავიდაო, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. რამდენიმე თვის წინ გიორგი გახარიამ თქვა, მიშა თუ ჩამოვიდა საქართველოში, ეს ჩამოსვლა შეთანხმებული იქნება ივანიშვილთანო. ამაში არც ადრე მეპარებოდა ეჭვი… ციხის კადრების შემდეგ ეს განცდა უფრო გამიმძაფრდა.
ყოველივე ზემოთქმულიდან მარტივად შეიძლება დასკვნის გამოტანა და მიმდინარე პოლიტიკური პროცესის შეფასება. ორპოლუსიანობა, ნაც-ქოცური დაპირისპირება ქვეყანას საბოლოოდ ჩაძირავს ჭაობში. ფაქტია, ხელისუფლების მხრიდან პროცესს მთლიანად წარმართავს ბიძინა ივანიშვილი, ხოლო ოპოზიციის მხრიდან მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც მთელი ოპოზიცია უბრალოდ გადაყლაპა.
ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, დღეს, ჩვენ ვდგავართ სახელმწიფოებრიობის დაკარგვის საფრთხის წინაშე. რუსეთმა თავის მიზანს მიაღწია. დასავლეთის ძალისხმევა, ყველანაირად შეეშალა ხელი რუსეთისთვის მიზნის მიღწევაში, ამ ეტაპზე სამწუხაროდ წარუმატებელი აღმოჩნდა…

თაიმერი

 

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი ელენე ხოშტარიას მოუწოდებს შიმშილობა შეწყვიტოს
შემდეგი სტატიაელენე ხოშტარია: მაჩვენებელი, რომელიც კრიტიკულ ზღვარზე იყო, გამოსწორდა… ამ ეტაპზე გადასხმები გავაჩერე