კახა მიქაია: “ოცნება” სამეგრელოში არ არსებობს, ის, დიდი ხანია, რომაული მითოსის ღმერთს, ორსახა იანუსს, დაემსგავსა…

ხელისუფლების უუნარობა თუ სამართლიანობის აღდგენაზე უარის თქმა-რა ხდება სამეგრელოში

უკრაინაში ცოტა ხნის წინათ დაკავებულმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა მეგის ქარდავამ მედიასთან პირველი განმარტება გააკეთა და ქართული მართლმსაჯულების მიერ მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებზე ისაუბრა.

ქარდავას თქმით, სამეგრელოში, სამალავები კი არა, სპეციალური საიდუმლო ობიექტები არსებობდა, რომლებიც, რუსეთისგან შესაძლო აგრესიის შემთხვევაში, თავდაცვის მიზნით უნდა გამოეყენებინათ: “სამეგრელოში, სამალავები კი არა, არსებობდა საიდუმლო ობიექტები და თავდაცვითი ზღუდეები, რომელთა საშუალებით შესაძლებელი იყო რუსული აგრესიის შეკავება და მასთან გამკლავება. ეს ობიექტები არ წარმოადგენდა საკუთრებას. ის მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით გამოიყენებოდა”.

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი და აწ უკვე დაპატიმრებული ქარდავა აღნიშნავს, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში სამეგრელოში სამართალდამცველების დანაყოფი არსებობდა, რომელმაც შეძლო იდეალური წესრიგის დამყარება არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ოკუპირებული გალისა და მისი სოფლების ტერიტორიებზეც. “სამეგრელოში არსებობდა ძალზე ეფექტური სამართალდამცველების დანაყოფი, რომელიც პირნათლად და ღირსეულად ასრულებდა მათზე დაკისრებულ მოვალეობებს. სწორედ მათი დამსახურება იყო ის, რომ შეძლეს იდეალური წესრიგის დამყარება არა მხოლოდ სამეგრელო–ზემო სვანეთის ტერიტორიაზე, არამედ ოკუპირებული გალისა და მისი სოფლების ტერიტორიაზეც. სწორედ მათი თავდადების შედეგად გამოვლენილი და აღკვეთილი იქნა არაერთი ტერორისტული აქტი. სწორედ ამიტომ კვლავ რუსეთის სპეცსამსახურების სამიზნე გავხდით”, _ განაცხადა მეგის ქარდავამ.

რას ემსახურებოდა რეალურად სამეგრელოს ტყეებში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ აღმოჩენილი სამალავები, პრინციპულია თუ არა ქართული მართლმსაჯულება ადამიანების წამებაში, გაუპატიურების ორგანიზებასა და წამებით მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნის მიმართ და რაში გამოიხატებოდა ქარდავას მიერ ნახსენები სამართალდამცველების ეფექტიანი მუშაობა სამეგრელოში _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე “საქართველო და მსოფლიოს” ესაუბრება “დაიცავი საქართველოს” ერთ–ერთი დამფუძნებელი კახა მიქაია.

_ ბატონო კახა, უკრაინელი სამართალდამცველების მიერ დაკავებულმა მეგის ქარდავამ განაცხადა, რომ სამეგრელოში არანაირი სამალავი არ არსებობდა და ეს ობიექტები საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას ემსახურებოდაო. თქვენ, როგორც წლების განმავლობაში სააკაშვილის რეჟიმთან აქტიურად დაპირისპირებული ოპოზიციური მოძრაობის წარმომადგენელი, რას უპასუხებთ მას? რისთვის იყო რეალურად ეს “ობიექტები” განკუთვნილი?

_ აბა, რას იტყვის მეგის ქარდავა?! რა, ვინმე ელოდებოდა, რომ განაცხადებდა, _ ადამიანებს ვაუპატიურებდით იმ სამალავებშიო?! ქარდავას წინააღმდეგ საქმეებიც აღძრულია, მისჯილიც აქვს კონკრეტული სასჯელი წამების გამო და რაზეა საუბარი?! მეგის ქარდავა იყო მთავარი გამაუპატიურებელი და ჯალათი სამეგრელოში, თუმცა აქვე არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტიც _ ქარდავა არ იყო დამგეგმავი იმ უბედურებებისა, რომლებიც “ნაცრეჟიმის” მმართველობის პერიოდში დატრიალდა, მეგის ქარდავა შემსრულებელი გახლდათ. თქვენ იცით, როგორ ვუპირისპირდებოდი ქარდავას ან ახალაიების კლანს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, ყველაფერი ქარდავას დაბრალდეს. ამით, ჯერ ერთი, სააკაშვილი აიცილებს პასუხისმგებლობას და მეორეც _ თუ, ბოდიში და, ყველაფერს ქარდავასნაირ პაიკებს “შეტენიან”, დროთა განმავლობაში, შესაძლოა, “ნაცრეჟიმის” რეაბილიტაციის საკითხიც დადგეს პოლიტიკურ დღის წესრიგში. ამის განხორციელების საშუალება არავის უნდა მიეცეს, თორემ ესენი ყველაფრის მკადრებლები არიან. ხვალ-ზეგ შეიძლება როლანდ ახალაიამაც თქვას, ქარდავას არ ვიცნობდიო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: მეგის ქარდავა ასრულებდა მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილის, ადეიშვილისა და ახალაიების ბრძანებებს, შესაბამისად, ყველა მკვლელობა, წამება, გაუპატიურება, რომლებიც იმ პერიოდში მოხდა, პირველ რიგში, ამ ადამიანების კისერზეა…

_ სააკაშვილმა განაცხადა: მეგის ქარდავას ცხოვრებაში არასოდეს შეხვედრივარ და მის შესახებ მხოლოდ მედიით მსმენიაო…

_ სააკაშვილმა ორჯერ დააჯილდოვა მეგის ქარდავა ორდენით. შეგიძლიათ პირდაპირ ასე დაწეროთ: მეგის ქარდავა იყო სააკაშვილის პირადი “შნირი”.

_ ინტერვიუში ქარდავამ ასევე განაცხადა, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში სამეგრელოში არსებობდა სამართალდამცველების ძალიან ეფექტიანი დანაყოფი, რომელიც პირნათლად ასრულებდა თავის მოვალეობას. რაში გამოიხატებოდა ქარდავას სამართალდამცველების ეფექტიანობა სამეგრელოში?

_ წამება, ცემა, გაუპატიურება, სისასტიკე, რომლითაც თითქოს კრიმინალს გამოუცხადეს ბრძოლა, მაგრამ სინამდვილეში უამრავი უდანაშაულო ადამიანი აღმოჩნდა ციხეში პოლიტიკური ნიშნით… ეს იყო ქარდავასა და მისი მბრძანებლებისთვის “ეფექტიანი მუშაობა”.

რაც შეეხება, საზოგადოდ, ძალოვნებს, არაერთხელ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ: უდიდეს პატივს მივაგებ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს, მაგრამ ეს იყო დღე-ნახევარში სამარცხვინოდ წაგებული ომი. დღე-ნახევარში ომს არ აგებენ და არ გამორბიან ბრძოლის ველიდან. ამას სააკაშვილის გასაგონად ვამბობ. და კიდევ: ეფექტიანობაზე რომ ლაპარაკობს ქარდავა, მინდა, გაგახსენოთ, როგორ დაიცალა ზუგდიდი სამართალდამცველებისგან, როცა აფხაზეთიდან რუსეთის შეიარაღებული ძალები შემოვიდნენ. არაფერს ვამბობ პარლამენტის იმჟამინდელი თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის, მიმართვაზე მოსახლეობისადმი, თავი დანა-ჩანგლებით დაიცავითო…

_ წამება ახსენეთ და, ზოგადი საუბარი რომ არ გამოგვივიდეს, გაიხსენეთ კონკრეტული ფაქტები: რა სადამსჯელო მანქანა მოქმედებდა იმ პერიოდში სამეგრელოში?

_ სიმართლე გითხრათ, გახსენებაც არ მინდა. ყველამ ნახა ამათი “კასტილიანი” კაცი და 30 ლარად დაქირავებული გამაუპატიურებლები, რომლებიც სულის ამოხდამდე აწამებდნენ ადამიანებს. ძალიან მიჭირს ამაზე ლაპარაკი. ისედაც ყველამ იცის, როგორ აუპატიურებდნენ ბოთლით ადამიანებს, ან ცოცხით და ხელკეტით, გგონიათ, ვინმეს დაავიწყდა?!

_ დავუბრუნდეთ მეგის ქარდავას დაკავების საკითხს. ქართული მართლმსაჯულების მოთხოვნა ერთხელ უკვე უგულებელყო უკრაინამ, იგივე გააკეთა საფრანგეთმაც, როცა დავით კეზერაშვილის ექსტრადირების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. გაქვთ იმედი, რომ ქარდავას საქართველოს გადმოსცემენ?

_ ვარაუდებით ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ჩემი სურვილია, მიხეილ სააკაშვილი, ადეიშვილი, მეგის ქარდავა, ახალაიები და, საერთოდ, ყველა, ვისაც წვლილი მიუძღვის “ნაცრეჟიმის” შექმნაში, მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ. შეძლებს თუ არა ამას საქართველოს ხელისუფლება და აქვს თუ არა ამის ზურგი (არ მინდა სხვა სიტყვა ვიხმარო) ან რამდენად პრინციპული იქნება ის ექსტრადირების მოთხოვნისას, მომავალი გვიჩვენებს.

_ და თუ არ იქნება პრინციპული?

_ მაშინ უნდა იყოს საზოგადოების მწვავე პროტესტი, მაგრამ იქნება კი ეს პროტესტი?!

აქვე შევეხები კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს, რომელზეც, უკვე ხუთი წელია, ამაოდ ვსაუბრობ. დღეს სამეგრელოში, და არა მხოლოდ სამეგრელოში, უამრავი ადამიანი, რომლებიც, როგორც ქარდავა ამბობს, წლების განმავლობაში “ეფექტიანად” ემსახურებოდნენ “ნაცრეჟიმს”, ისევ თანამდებობებზე არიან, ანუ, დასაჯის ნაცვლად, კვლავ განაგრძობენ მუშაობას და ზოგი დააწინაურეს კიდეც. სწორედ ამის გამო დავუპირისპირდი თავიდანვე “ქართულ ოცნებას”. ჩვენდა სამარცხვინოდ, დღევანდელ ხელისუფლებას ახალაიებისდროინდელი კუდ–ის აგენტები ჰყავს ქალაქების მერებად და გამგებლებად…

_ კონკრეტულად?

_ მაგალითად, ზუგდიდის მერი ლაშა გოგია. ის იყო კუდ-ის თანამშრომელი და მიმაჩნია, რომ როლანდ ახალაიას კუდ-ის თანამშრომელი არ უნდა იყოს დღეს ქალაქის მერი. ედიშერ თოლორაია _ ყოფილი გამგებელი, დღეს პარლამენტარი “ქართული ოცნებიდან”, ნაციონალების მმართველობის პერიოდში ცნობილი იყო, როგორც არჩევნების მთავარი გამყალბებელი. რომელი ერთი ჩამოვთვალო? პოლიცია სავსეა სააკაშვილისდროინდელი ზონდერებით. კი, ვიღაცისთვის ამას კოაბიტაცია ჰქვია და ვითომ დემოკრატიული პროცესი, მაგრამ ჩემთვის და ჩემი თანამებრძოლებისთვის, რომლებსაც დაგვდევდნენ, გვიჭერდნენ, გვარბევდნენ და არ გვახარებდნენ, დღეს ძალიან ძნელი ასატანია ამ ჯალათებისა და სისხლისმსმელების ყურება მაღალ თანამდებობებზე.

_ ისე, საინტერესოა, როგორ და რის ფასად შეძლო ამ ხალხმა “ნაციონალური მოძრაობიდან” “ქართულ ოცნებაში”, ასე ვთქვათ, გადაპორტირება”?

_ ზოგმა როგორ და ზოგმა როგორ. მაგალითად, ბაკურ გულუა, სოდ-ის ყოფილი უფროსი, რომელიც სააკაშვილის მმართველობის პერიოდში მე და ჩემს მეგობრებს დაგვდევდა და პროვოკაციებს გვიწყობდა, დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის გარემოს დაცვის ინსპექციის უფროსია და “ქართული ოცნების” ერთ-ერთ მნიშვნელოვან დასაყრდენს წარმოადგენს; გოგი ნაჭყებია, სუს-ის ხელმძღვანელი ზუგდიდში, “ოცნებაში” ნაციონალების მთავარი გადამპორტირებელია; ანალოგიური საქმიანობითაა დაკავებული ედიშერ თოლორაიაც და კიდევ ბევრი სხვა. მეტსაც გეტყვით, თოლორაია და ნაჭყებია თბილისიდან იღებენ ასეთ დავალებებს.

აი ასეთი ადამიანებითაა დღეს ხელისუფლების მაღალი ეშელონები დაკომპლექტებული. საზოგადოებამ თვითონ გამოიტანოს დასკვნა და დაარქვას ამ ყველაფერს თავისი სახელი. ჩემი აზრით კი, ეს არის ფაროსანების ჯგუფი, რომელიც ხრავს “ქართულ ოცნებას” და “ოცნება”, ფაქტობრივად, კარიკატურულ ძალად აქცია ამ ხალხმა. “ოცნება” სამეგრელოში არ არსებობს, ის, დიდი ხანია, რომაული მითოსის ღმერთს, ორსახა იანუსს, დაემსგავსა…

წყარო

banner
წინა სტატიაშინინო გვენეტაძემ 34 მოსამართლის უვადოდ დანიშვნას ხელი მოაწერა
შემდეგი სტატიანარკორეალიზატორების დაკავება – ფონიჭალაში სპეცოპერაცია ერთდროულად ოთხ სახლში მიმდინარეობს