კახა მიქაია: „ოცნება“ ჭაობში – გადარგული ხის მისტერია

„დაიცავი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, კახა მიქაია დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი არ იქნება. „ივანიშვილს პრეზიდენტობა არ სჭირდება,“ – აცხადებს მიქაია „თაიმერთან“ საუბრისას. მისივე თქმით, ეს „შემოგდებული თემაა“.

– ყოფილი პრემიერი ისე დარჩება, როგორც არის, რადგან იგი შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე კომფორტულად გრძნობს თავს. „ქართული ოცნების“ მხრიდან ივანიშვილის პრეზიდენტობის კანდიდატობაზე საუბარი საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება და ზონდირებაა, მეტი არაფერი.
,,ქართულ ოცნებაში“ დაპირისპირება რა თქმა უნდა არსებობს, მაგრამ არა იმ დონეზე, რომ „ქართული ოცნება“ ივანიშვილს დაუპირისპირდეს, თუმცა ახლო მომავალში არ გამოვრიცხავ, რომ თავად ივანიშვილი აუმხედრდეს თავის პირმშოს – „ქართულ ოცნებას“ და თუ ეს მოხდება, ყოფილი პრემიერი „ოცნებას“დაასრულებს.
– ანუ, „ქართული ოცნების“ დასასრული ახლოვდება?
– დიახ, ივანიშვილი იძულებული გახდება, „ქართული ოცნება“ დაასრულოს!
„ოცნებას“ ისეთი საპრეზიდენტო კანდიდატი არ ჰყავს, რომელიც ხალხში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. ასეთი მხოლოდ ბიძინა ივანიშვილია, ანუ ივანიშვილის აქვს ძალა და რესურსი, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ისევ მის მიერ დასახელებულმა კანდიდატმა გაიმარჯვოს.
– ბატონო კახა, მოქმედი პრეზიდენტის ბოლოდროინდელი ინტერვიუები და მისი საჯარო განცხადებები იმას ხომ არ ნიშნავს, რომ მარგველაშვილი პოლიტიკურ ძალებს სინჯავს?
– ასე ჩანს. პრეზიდენტმა მნიშვნელოვანი მესიჯები გააჟღერა და საქართველოში შექმნილი მდგომარეობა სწორად შეაფასა, მაგრამ საკითხვია, რამდენად აქვს შესაძლებლობა, ან რესურსი მარგველაშვილს, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატს წინააღმდეგობა გაუწიოს. ასევე, საკითხავია, მარგველაშვილი პრეზიდენტად ისევ ივანიშვილს ხომ არ აწყობს?
– მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ვითარების ფონზე, „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი საზოგადოების წინაშე, თქვენი აზრით, რა მესიჯებით წარსდგება?
– ხელისუფლება, არჩევნების კონტექსტში, სახარბიელო მდგომარეობაში არაა. ამიტომ ის სიტუაცია, რომელიც არჩევნების დროს იქნება, რეალურად უნდა შეაფასოს. როგორ მივა ხელისუფლება არჩევნებამდე და რა გამოწვევის წინაშე დადგება, ამას ვერ გეტყვით. ისე,საზოგადოების ნიჰილისტური განწყობა არჩევნების მიმართ ბოლო არჩევნებზე თვალნათლივ გამოჩნდა – ამომრჩევლის აქტიურობა ძალიან დაბალი იყო და ამას არც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში არ გამოვრიცხავ…
-ბატონო კახა, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ოპოზიაციას გაერთიანებისკენ  და საპრეზიდენტო არჩევნებში ერთიანი კანდიდატურის დაყენებისკენ მოუწოდა..
-რაც შეეხება სააკაშვილის გუშინდელ ინიციატივას, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში ერთიანი ოპოზიციური კანდიდატის არსებობის აუცილებლობის შესახებ და დღეს ამ ინიციატივაზე ბოკერიას პასუხი, ღიმილის მომგვრელი და არასერიოზულია.
– ბატონო კახა, „თაიმერმა“ გაავრცელა ინფორმაცია იმ დაპირისპირებაზე, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის სავარძლის გამო არსებობს. თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ?
– არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი პაპუასი გახდება სამეგრელოს გუბერნატორი – თოლორაია თუ შონია. ხელისუფლება კორუფციის ჭაობშია. ხელისუფლება კრიმინალური და კორუმპირებულია. ამ დროს შიდა კლანური დაპირისპირებები რა თქმა უნდა „მოსულა“. წარმოიდგინეთ, კაცი, რომელიც დეპუტატია, სურს სამეგრელოში გუბერნატორად დაბრუნება.ისმის კითხვა, რატომ იყრიდა კენჭს საპარლამენტო არჩევნებში თოლორაია, თუ წელიწადნახევარში სამეგრელო ზემო სვანეთს გუბერნატორად დაბრუნებას მოისურვებდა?!
სახეზეა შიდა დაპირისპირება და ინტერესთა კონფლიქტი – თოლორაიას შონიამ და მისმა კლანმა ფინანსური რესურსები შეუზღუდა, რამაც გამოიწვია ეს კონფლიქტი. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ისინი რეგიონის განვითარებაზე ზრუნავენ, ცდება. ხელისუფლება სწორედ ამ შიდა კლანურ დაპირისპირებაზეა კონცენტრირებული და მას საზოგადოების პრობლემები საერთოდ არ აინტერესებს. ცხადია, თუ სისტემური ცვლილება არ მოხდება, ისევ ჭაობში ვიქნებით! „თაიმერმა“ ამხილა სწორედ ეს კლანური დაპირისპირება, რომელმაც სამეგრელოს ხელისუფლებაში გაღიზიანება და შიდა დაპირისპირების ახალი ტალღა გამოიწვია.
– ბატონო კახა, როგორია მოსახლეობის პოზიცია?
– მოსახლეობამ იცის, ვინ ვინ არის. მოსახლეობამ იცის ამ ბრიყვების ყველა ქმედებების შესახებ. მოსახლეობამ იცის, რომ ხელისუფლება მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზეა ორიენტირებული – როგორ მოიგოს ტენდერები, როგორ ისარგებლოს ატკატებით, როგორ წაართვას ბიზნესს წილები. მოსახლეობას კი სულ სხვა პრობლემები აქვს. სამეგრელოს მოსახლეობას შია! სამეგრელოში სოციალური კრიზისია! ფაროსანამ კი სამეგრელოს მოსახლეობა ეკონომიურად და სოციალურად საერთოდ გაანადგურა!
თვალსაჩინოა კიდევ ერთ ტენდენცია. თუ ხარ ყოფილი მხედრიონელი, შევარდნაძის კორუმპირებული ჩინოვნიკი, მოქმედი თუ ყოფილი „ნაციონალი“, ან ცნობილი კრიმინალი, შენი გზა ხელისუფლებისკენ ხსნილია! დღეს ქურდბაცაცების ასპარეზია სამეგრელოში. ამიტომაც ვამბობ და გარწმუნებთ: არ შეიძლება ქურდბაცაცებს აინტერესებდეთ მოსახლეობის პრობლემები და რაოდენ სამწუხაროა, რომ სწორედ ამ კრიმინალებთან, ქურდბაცაცებთან, ნარკომანებთან, კორუმპირებულებთან და ამოგლეჯილ ხეებთან ასოცირდება ბიძინა ივანიშვილი.
-ისე, ხეებზე გამახსენდა: ერთ-ერთი პოლიტიკოსი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერდა, სამეგრელოს მოსახლეობა ევედრება ბიძინას, რომ იყიდოს ხეები, რათა მათი ეკონომიური მდგომარეობა გაუმჯობესდეს…
დიახ ასეა. სამეგრელოში ხეთა ვედრება ცის კიდურს წვდება. (იცინის) – „ოცნება“ ჭაობში – გადარგული ხის მისტერია…

 

ბერდია კალანდია

banner
წინა სტატიაშიმაკა გვარამია: სასწრაფო დახმარების ცენტრის მისამართით გამოთქმული ბრალდებები აბსოლუტური სიცრუეა
შემდეგი სტატიარუსეთში ავიაკატასტროფაში დაღუპულთა შორის სამი არასრულწლოვანი და სამი უცხოელია