კახა მიქაია: „ნაცები და ქოცები გახარიას წინააღმდეგ გაერთიანდნენ“

პოლიტიკაში გიორგი გახარიას შემობრუნებით გამოწვეულ წივილ-კივილზე და ნაც-ქოცების გაერთიანებაზე „თაიმერს“ სამოქალაქო აქტივისტი კახა მიქაია ესაუბრება.

– დღეს ისეთი ვითარება შეიქმნა, რომ „ქართულ ოცნებაზე“ სერიოზული საუბარი შენ არასერიოზულობაზე მეტყველებს. გახარიაზე ატეხილი წივილ-კივილი კიდევ ერთხელ მეტყველებს მმართველი პარტიის არასერიოზულობაზე. „ქართული ოცნება“ დაიმცრო და ,,დათა თუთაშხიადან” ცნობილ პერსონაჟს დაემსგავსა. თუმცა, გიორგი გაბუნიასთან ირაკლი კობახიძის ინტერვიუს რომ ვუსმინე, ძალაუნებურად, უკვე მე აღმომხდა ნიკანდრო ქილიას ცნობილი სიტყვები: “დედა, რა იყო ეს, ა?” მმართველ პარტიაში კატასტროფული მდგომარეობაა.

– გახარიაზე რატომ არის ასეთი აჟიოტაჟი. ეს მხოლოდ მათი არასერიოზულობის ბრალია თუ მასში კონკურენტს ხედავენ?

– ორივე ერთად. პრემიერყოფილისადმი ყოველთვის კრიტიკულად ვიყავი განწყობილი. ამ თემაზე ერთხელ გია ხუხაშვილთან ვიკამათე. მან მითხრა, გახარიაზე უკეთესი ფიგურა დამისახელე ამ პოლიტიკურ სპექტრშიო. ძნელია, გიას არ დაეთანხმო, მართლაც, არსებულ პოლიტიკურ სპექტრში ყოფილ პრემიერზე სერიოზული პოლიტიკური ფიგურის მოძებნა თითქმის შეუძლებელია. გახარიას ბევრი შეცდომა ჰქონდა და ბევრ კითხვაზეც აქვს პასუხი გასაცემი. მიუხედავად ამისა, ის მოქმედ პოლიტიკოსთა შორის ერთი თავით მაღლა დგას და სწორედ ამიტომ, ქოცებმა და ნაცებმა ერთობლივად დაიწყეს მასზე შეტევა.

– ერთობლივ შეტევაში რას გულისხმობთ?

– რაღა ახლა მოუნდათ ქოცებს ნიკა გვარამიას ტელევიზიაში აჭიკჭიკება?! სხვა რამეზე რომ ეჭიკჭიკათ, კიდევ არაფერი, მაგრამ მთელი გადაცემის მანძილზე მხოლოდ გახარიაზე საუბარი ნიშნავს, რომ მისი ეშინიათ. ბიძინა ივანიშვილის წერილმაც, სადაც მან გახარიას მოღალატე უწოდა, ამ უკანასკნელის წისქვილზე დაასხა წყალი და ჩაირთო რეჟიმი. ახალი პოლიტიკური რეჟიმი, რომელიც გახარიას ივანიშვილის სერიოზულ ალტერნატივად ჩამოყალიბებით დასრულდება

– გახარიას გუნდზე რას ფიქრობთ?

– მოდით, მის გუნდზე არაფერს ვიტყვი. გახარია საფუძვლიანად უნდა დაფიქრდეს მისი გუნდის შემადგენლობაზე. ნაცებიდან ქოცებში და ახლა ქოცებიდან მასთან დეპორტირებულები, მას მხოლოდ პრობლემებს შეუქმნიან და ეს ყოველივე, ახლადშექმნილი პარტიის რეიტინგზე უარყოფითად იმოქმედებს.

– დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა სამეგრელოში გუბერნატორის შეცვლას. არის ვერსია, რომ ისიც გახარიასთან აპირებდა გაქცევას და ირაკლი ღარიბაშვლმა მალხაზ თორიას დაასწო და მოხსნა.

– არა მგონია, გახარიას უკავშირდებოდეს თორიას მოხსნა. თუმცა, იმდენად შეშინებულია ხელისუფლება, რომ შეიძლება თორიასიც შეეშინდათ. თორიასი რომ შეეშინდება კაცას, ის ხელისუფლებაში არ უნდა იყოს…

– სამეგრელოს ახალი გუბერნატორი ამ მხრივ სანდოა?

_ როგორც გახარიას გუნდზე არ მინდა საუბარი, ასევე არ მინდა ახალ გუბერნატორზე ვისაუბრო.

– პარლამენტში ოპოზიციის შესვლაზეც გვაინტერესებს თქვენი აზრი. თქვენი აზრით, რატომ შევიდნენ ნაცები პარლამენტში?

– ნაცები პარლამენტში შესვლით კიდევ უფრო დაუახლოვდნენ ქოცებს და ამ ბოლო დროს, განსაკუთრებით გახარიასადმი მიძღვნილი წერილის შემდეგ, როგორც ივანიშვილი ,,ჩამოლაბორანტდა” კობახიძე- სამხარაძე-ოხანაშვილამდე, ასევე “ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში შესვლით, “გირჩამდე” და ელისაშვილამდე ჩამოქვეითდა…

– “გირჩებზე” რას გვეტყვით?

– გაყოფის შემდეგ მათ მე ,,წიწვები” შევარქვი, წიწვებზე რა კომენტარი გავაკეთო?! არის საკითხები და არიან ადამიანები, რომლებზეც არ უნდა ილაპარაკო. ელისაშვილზეც ვერაფერს ვიტყვი.

“ნაციონალების” მიმართ ჩემი დამოკიდებულება კი ყველამ იცის. ამის მიუხედავად, ვაღიარებდი, რომ ეს პარტია იყო „ოცნების“ ერთადერთი ალტერნატივა. ახლა ისინი ერთმანეთს აღარ ებრძვიან. მათი მთავარი კონკურენტი გახარიაა.

– ლევან ვასაძესაც აღიქვამენ „ოცნების“ ალტერნატივად. მასზე რას ფიქრობთ?

– ვასაძემ, ერთერთ გადაცემაში ამასწინათ ბრძანა: ,, ნეტა დუგინი იყოს კრემლის რუპორი, აფხაზეთი უკვე დაბრუნებული იქნებოდაო.” სტოკჰოლმის სინდრომი, რომელიც, საბოლოოდ მსხვერპლის მიერ მოძალადის შეყვარებას გულისხმობს, ურინოთერაპიით არ იკურნება. არც სხვა მეთოდი შველის ამ დაავადებას. ეს იქნება ჩემი კომენტარი ლევან ვასაძეზე.

სახალხო დამცველისა და ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ახლადდანიშნული დირექტორი ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი, ერთმანეთს ნეიტრალურ ტერიტორიაზე შეხვდნენ, რა კომენტარს გააკეთებდით?!

არ შემიძლია, ჩემი გაკვირვება და აღშფოთება არ გამოვხატო იმ ფაქტთან დაკავშირებით, თუ რატომ დარჩა მსოფლიო მედიის ყურადღების მიღმა ეს ისტორიული შეხვედრა?!

ვფიქრობ, ევროპულ და ამერიკულ მასმედიას სათანადო ყურადღება რომ გამოეჩინა ამ შეხვედრისადმი, დარწმუნებული ვარ, ნატოს სამიტი და ბაიდენ- პუტინის შეხვედრა მეორე პლანზე გადაიწევდა!!!

როგორც შეხვედრის მონაწილეებმა გვამცნეს, შეხვედრა კონსტრუქციულ, პოზიტიურ, საქმიან და გულღია რეჟიმში წარიმართა, რაც მისასალმებელია. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება, თუმცა პანსიონის დირექტორის რეკომენდაცია ,,ყიზილბაშებისადმი” (ასე მოიხსენია დირექტორმა ჟურნალისტები) თუ იქნება გათვალისწინებული და ,,ყიზილბაშები” მოხსნიან ალყას და მისცემენ პანსიონში მყოფ ადამიანებს თავისუფლად სუნთქვის საშუალებას, მაშინ ყველაფერი კიდევ უფრო კარგად იქნება…

ასე რომ, დაპირისპირებულ მხარეთა შორის დაძაბულობა უკვე ისტორიის კუთვნილებაა, ახლა ჯერი ,,ყიზილბაშებზეა”…

“თაიმერი”

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშისაქართველოს რკინიგზამ 500 მილიონი აშშ დოლარის მწვანე ევროობლიგაციები განათავსა
შემდეგი სტატიაბრიტანეთში დელტა-ვარიანტის გამო კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა იზრდება