კახა მიქაია: „მხოლოდ გახარიას შეუძლია გახდეს „ოცნების“ და ნაციონალების ალტერნატივა“

სამოქალაქო აქტივისტი კახა მიქაია „თაიმერთან“ საუბარში აცხადებს რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკურ ნაბიჯებს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი დგამენ. მიქაიას აზრით, მესამე პრეზიდენტის საქართველოში დაბრუნება ერთობლივი პროექტია, რომლის მიზანიც ორპოლუსიანი გარემოს შენარჩუნებაა.
კახა მიქაია:
– მიხეილ სააკაშვილის ე.წ. ტრიუკი აუცილებლად შეთანხმებული იყო ხელისუფლებასთან, მიმართული იყო იქეთკენ,რომ სტატუსკვო შენარჩუნებულიყო და ორპოლუსიანობა უფრო გაძლიერებულიყო. არ მისცემოდა გახარიას შესაძლებლობა, რომ საბოლოოდ ჩამოყალიბებულიყო მესამე ძალად.
-გახარია ხომ გახდა მესამე ძალა და ამ არჩევნებზე საკმაოდ კარგი შედეგი აჩვენა. თქვენ ასე არ ფიქრობთ?
– ცუდი შედეგი არ უჩვენებია, სააკაშვილის ე.წ. ტრიუკი რომ არა, კიდევ უფრო კარგ შედეგს აჩვენებდა. საბოლოოდ გახარია ალბათ ჩამოყალიბდება ძლიერ ალტერნატიულ ცენტრად. ის რაც ახლა მოხდა ქვეყნის განვითარებისთვის იყო ცუდი. ორპოლუსიანობა საქართველოსთვის არის დამღუპველი. ამ ჭაობში კიდევ რამდენ ხანს უნდა ვიყოთ?! გახარიამ ბევრი უნდა იმუშაოს ძლირ ძალად რომ ჩამოყალიბდეს. ის პროცენტები რაც ამ არჩევნებზე მიიღო, ეს არის მისი პიროვნული რეიტინგიდან გამომდინარე. მას ძლიერი პოლიტიკური პარტია ჯერ არ ჰყავს.
– „ოცნების“ და ნაციონალების შედეგებზე რას იტყვით. ორივე გამარჯვებას ზეიმობს. როგორ შეიძლება ორივე გამარჯვებული იყოს?
– რატომ გიკვირთ,რომ ზეიმობენ. მათ საზეიმოდ აქვთ საქმე. ერთი ხელისუფლებაში რჩება მეორე მთავარ ოპოზიციურ ძალად. შესაბამისად ორივე ძალა გამარჯვებულია და ამას ზეიმობენ.
-„ოცნების“ ზეიმზე როცა ვსაუბრობთ ირაკლი კობახიძის სახე მიდგება თვალწინ, რომელიც მას სააკაშვილის საქართველოში გამოჩენის დღეს ჰქონდა.
– ბოლო წლებში ქვეყანაში ერთადერთი ადამიანი დგამს პოლიტიკურ ნაბიჯებს, ეს კაცი არის ბიძინა ივანიშვილი. კობახიძეს, ღარიბაშვილს, კალაძეს, მათიკაშვილსა და ოხანაშვილს არავინ არაფერს ეკითხება. არცერთი მათგანი აზრზე არაა რა მოხდება. მათ არავინ ეუბნება ვისთან რას ათანხმებს ივანიშვილი. ივანიშვილთან ერთად პოლიტიკურ პროცესებს მართავს მიხეილ სააკაშვილი. ისინი ინარჩუნებენ სტატუსკვოს, რომელიც დამღუპველია ქვეყნის განვითარებისთვის. სანამ ქვეყანაში ეს ორი ძალა იარსებებს, ერთი ხელისუფლებაში და მეორე ოპოზიციაში, სათუო იქნება  დემოკრატიული პროცესების განვითარება. ჩვენ ვერ ჩამოვყალიბდებით ევროპულ, სამართლებრივ და ძლიერ სახელმწიფოდ.
– „ოცნებამ“ თბილისში მერის არჩევნებში გამარჯვება იზეიმა, მაგრამ ზეიმი ნაადრევი გამოდგა. თქვენ ამბობთ, რომ მათ არ იციან რა მოხდება, ისიც არ იცოდენ პირველი ტური ვერ მოიგეს?
– მე გითხარით, რომ ამათმა არაფერი იციან. ბიძინა მათ არ უმხელს რა აქვს ჩაფიქრებული და რა უნდა მოხდეს.
– რატომ აზეიმა, დასცინის?
– თქვენ ახლა მიხვდით რომ ივანიშვილი თავის გუნდს დასცინის? თქვენ არ წარმოგიდგენიათ როგორ იცინის ბიძინა ივანიშვილი ამათი შემხედვარე.  ის მაგრად იცინის როდესაც მარტო რჩება.
– ადამიანი მარტო რომ არის და იცინის, ეს მთლად კარგი ამბავი არაა.
– მართალი ხართ, ეს არც მისთვისაა კარგი და არც ქვეყნისთვის. ეს კაცი დასცინის ქვეყანას. ამიტომაა სასაცილო ეს ქვეყანა.
-ზემოთ თქვით, სააკაშვილის ტრიუკი გახარიას წინააღმდეგ იყო მიმართულიო. ასეთი შედეგი რომ დადო ყოფილმა პრემიერმა ეს მარტო ტრიუკის ბრალი არ უნდა იყოს. მის კისერზეა 20 ივნისი.
– მე არასდროს მითქვამს რომ გახარია ანგელოზია, არ ვამტკიცებ რომ მას არ ჰქონდა შეცდომები და არ ამძიმებს წარსულის სიმძიმეები. ქართულ პოლიტიკაში თქვენ ვერ ნახავთ ადამიანს, რომელიც წარსულის სიმძიმეს არ ატარებდეს. ფაქტი ერთია, სხვა ოპოზიციური ლიდერები გახარიას ვერც კი შეედრებიან.
-ამაში გეთანხმებით. კაცმა მაისში შექმნა პარტია და არჩევნებზე მესამე ადგილი დაიკავა, თან ყველა მას ლანძღავდა.
– მას სხვა ლიდერებს როგორ შევადარებ. პარტია ფაქტიურად არ ყავს და ამხელა შედეგი აჩვენა. ერთი კაცის პარტია, რომ ამხელა პროცენტს მიიღებს, ეს არაა პატარა ამბავი. „საქართველოსთვის“ რომ ერთი კაცის პარტიაა, ამაზე ნუ ვიდავებთ. ამ ქვეყანაში ერთი კაცის პარტიები მრავლად არის, მაგრამ ისინი პარტიისგან „საქართველოსთვის“ განსხვავდებიან. ისინი სადღაც ბოლოში არიან, გახარიას პარტიას კი სერიოზული შედეგი აქვს.
არასდროს მითქვია რომ გახარიას შეცდომები არ დაუშვია, მას წარსულის სიმძიმეები აწევს მხრებზე, მაგრამ სხვა პოლიტიკოსებისგან მაინც განსხვავდება. ის ერთადერთია, ვისაც შუძლია „ოცნების“ და ნაციონალების ალტერნატივის შექმნა.
– ალტერნატივა რომ გახდეს, ამისთვის პოლიტიკაში უნდა დარჩეს. დარჩება გახარია პოლიტიკაში?
– ეს გახარიას უნდა ჰკითხოთ. ჩემი აზრით, ამ არჩევნებზე ნაჩვენები შედეგების გამო პოლიტიკიდან არ უნდა წავიდეს.
– რამდენიმე ქალაქში მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. აქვს გამარჯვების შანსები ოპოზიციას?
– ხელისუფლება შეეცდება, რომ თავისი კანდიდატები მეორე ტურებში გაათრიოს. მოდით არ ვიწინასწარმეტყველოთ, დაველოდოთ მეორე ტურს. იმის თქმა თამამად შემიძლია, რომ მეორე ტური „ქართული ოცნებისთვის“ ძალიან მძიმე იქნება.
– მეორე ტურის წინ თუ გამოჩნდება ივანიშვილი? პირველი ტურისთვის დუმილის უფლება გამოიყენა.
– ბიძინამ თქვა, რომ პოლიტიკიდან წავიდა. დუმილით საზოგადოებას უთხრა, რომ არ მონაწილეობს პროცესებში. მე მის გამოჩენას ველოდები, პოლიტიკურ პროცესებში ბევრი რამე შეიცვალა. სააკაშვილის ე.წ. ტრიუკი რომ არა, ჩვენ ვღებულობდით რიგგარეშე არჩევნებს.რიგგარეშე არჩევნები რომ არ დანიშნულიყო, ამიტომ მოხდა ეს ყველაფერი. რიგგარეშე არჩევნები მოიტანდა კოალიციურ მთავრობას, ეს ერთის მხრივ ივანიშვილმა არ დაუშვა და მეორეს მხრივ სააკაშვილმა.
_ „ქართულ ოცნებაში“ ეჭვობენ, რომ ივანიშვილი გახარიასთვის აპირებს ძალაუფლების გადაბარებას. თქვენი აზრით, რას ემყარება ეს ეჭვები?
– შიშს. „ოცნებაში“ ფიქრობენ, ვაითუ ბიძინას აღარ მოვწონვართ და ჩვენს ჩანაცვლებას ფიქრობს. მათ არ აინტერესებთ ვისით ჩაანაცვლებს ივანიშვილი „ოცნებას“, მათთვის მთავარია რომ ჩანაცვლება არ მოხდეს.

თაიმერი

banner
წინა სტატიაშიგიგი ხოჯევანიშვილი: ,,ადგილი ჰქონდა დაშინებას, ზეწოლას, წნეხს, უღირს საქციელს… იყო პროპაგანდისტული მანქანა ჩვენს წინააღმდეგ, ტალახის სროლა და ეს ყველაფერი დასრულდა ძალიან სამარცხვინო კარუსელით საარჩევნო დღეს.
შემდეგი სტატიამიმდინარე თვეში საქართველოში კოვიდის სამკურნალო ორი მედიკამენტი შემოვა