კახა მიქაია: მიმდინარეობს ბიძინა ივანიშვილის „ედუარდიზაციის“ პროცესი

“კარის გადატრიალება” გარდაუვალია – კახა მიქაია

მე ვსვამ მარტივ შეკითხვას – ბესელიამ არ იცოდა რომ მურუსიძეს გაამწემსებდნენ უვადო მოსამართლედ?! ბესელიამ არ იცოდა რომ ჩინჩალაძის გუნდს მხარს დაუჭერდა პარლამენტი?! ეს რიტორიკული შეკითხვებია, რადგანაც დღესავით ნათელია, რომ ბესელიამ ყველაფერი იცოდა! რა დგას დაპირისპირების მიღმა, რომელიც ბესელიასა და პარლამენტის თავმჯდომარის შორის მოხდა ან რას ემსახურება ის ? რას უნდა ველოდოთ სინამდვილეში 2019 წელს? „თაიმერი“ ამ თემებზე „დაიცავი საქართველოს“ ლიდერს კახა მიქაიას ესაუბრა.

– ბატონო კახა, რა სურს ბესელიას? “თაიმერის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, ბესელია პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელს შესთავაზებენ.

– ფაქტია რომ კობახიძე და თავისი ჯგუფი კახი კალაძის პატრონაჟის ქვეშ იმყოფებიან, ეს კახი კალაძის გუნდია. ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვლთან კალაძის დაპირისპირება თვალნათლივ გამოჩნდა! “სამეფო კარზე” გადატრიალების ნიშნები სახეზეა. მაქვს ინფორმაცია და ექსკლუზიურად მინდა გითხრათ, რომ კახი კალაძე ქმნის ახალ პარტიას სახელწოდებით “მომავლის საქართველო”. თქვენ გახსოვთ თალაკვაძის ცნობილი ფრაზა ირაკლი კობახიძეზე, როდესაც მან კობახიძეს მომავლის პოლიტიკოსი უწოდა. კახი კალაძე სრულ დაპირისპირებაშია „ქართული ოცნების“ იმ გუნდთან , რომელიც მას არ ემორჩილება. კალაძე ფლობს ძალიან დიდ ბერკეტებს . კალაძისაა, ფაქტობრივად, პარლამენტის კონკრეტულად ის ნაწილი, რომელიც პოლიტიკურ პროცესებს წარმართავს. კალაძისაა მერია, კალაძისაა საკრებულოც, კალაძე ყოველმხრივ მზადაა დაუპირისპირდეს ბიძინა ივანიშვილს და კარის გადატრიალება მოახდინოს „ქართულ ოცნებაში“.

– თუ ძლიერი გუნდი ყავს და ბიძინა ივანიშვილთან დაპირისპირების ბერკეტებიც აქვს, ველოდოთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს?

– რა თქმა უნდა. ერთი სიტყვით, მიმდინარეობს ბიძინა ივანიშვილის „ედუარდიზაციის“ პროცესი. დააკვირდით როგორ ჰგავს ეს პროცესები 2003 წლის მოვლენებს. მაშინ მიხეილ სააკაშვილი საკრებულოს თავმჯდომარე იყო და გარკვეულ ბერკეტებს ფლობდა, როდესაც ოპოზიციაში ჩაუდგა ედუარდ შევარდნაძეს. კალაძისგან განსხვავებით, ის უფრო ძლიერი ლიდერი იყო, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ კალაძეს ბიძინა ივანიშვილისთვის წინააღმდეგობების გაწევა არ შეუძლია. არჩევნებმა გვაჩვენა, რომ ოპოზიციას არ შეუძლია ხელისუფლების შეცვლა, ამ მიზეზითაც, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ლოგიკური ჩანდა შიდა დაპირისპირების დაწყება და დაიწყო კიდეც. „ქართული ოცნების“ გუნდი ერთიანი რომ არ არის ამაზე ლაპარაკობს ყველა, თვით „ქართული ოცნების“ წევრები და თავგამოდებული მომხრეებიც კი. მოცემულობა ასეთია: სცენაზე არიან კობახიძე, თალაკვაძე, გოგაშვილი, მეუფე იაკობი, მაგრამ არსად ჩანს კახი კალაძე. არადა, დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროცესებს ის მართავს და ხელმძღვანელობს.

– ისტერიული ომია გიორგი გახარიას წინააღმდეგ. ამის უკანაც კალაძე დგას?

– რა თქმა უნდა. გახარიას წინააღმდეგ კამპანიას კახი კალაძე ხელმძღვანელობს. გახარია ივანიშვილის გუნდში ყველაზე რეიტინგული ფიგურაა, რომელსაც მძლავრი ბერკეტები გააჩნია, ის შშს მინისტრია. გახარია არის ივანიშვილის ფავორიტი. ამიტომაც, კალაძე ყველანაირად უპირისპირდება მას. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ე.წ „კარის გადატრიალების“ აღკვეთა და სიტუაციის გაკონტროლება თუ სურს, ბიძინა ივანიშვილი, თავად უნდა დაბრუნდეს პრემიერ-მინისტრად. გახარიას პრემიერ-მინისტრობა ამ შემთხვევაში პრობლემას ვერ გადაწყვეტს. პრობლემის გადაწყვეტის ერთადერთი საშუალება, ივანიშვილი პრემიერობაა. წინააღმდეგ შემთხვევაში “კარის გადატრიალება“ გარდაუვალი იქნება.

– ბატონო კახა, მეუფე იაკობის განცხადებებს როგორ შეაფასებთ?

– მეუფე იაკობმა პირდაპირ დაარტყა ბიძინა ივანიშვილს. ის ივანიშვილს დაემუქრება, თუ გიორგი გახარია გახდება პრემიერ-მინისტრი ის მას ჩამოაგდებს. ეს არ არის გახარიას წინააღმდეგ მიმართული მუქარა , ეს არის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მიმართული მუქარა. როდესაც მეუფე პოლიტიკურ პროცესებში ერთვება, ეს ნიშნავს, რომ ძალიან მძიმედ არის საქმე. არ მოვერიდები – მეუფე იაკობი ჰგავს ერთ “მახროვი” მხედრიონელს, ჯაბა იოსელიანის დროინდელს, რომელიც ზუსტად ისე ემუქრებოდა ხელისუფლებას, როგორც ახლა მეუფე იაკობი.

– არ შემიძლია არ გკითხოთ ლევან შონიასა და 5000 ლარით მის გირაოთი გაშვებაზე.

– ეს მოჰყვა იმ აუდიოჩანაწერს, რომელიც მე გავავრცელე. ეს არის სასაცილოც, სატირალიც, ირონიაც და თუ გინდათ, დაცინვაც. თუ ერთ შემთხვევაში, ათი ათასი დოლარი არის ქრთამი , რომელიც გოგიამ და გულორდავამ აიღეს, შონიას მიერ აღებული ათი ათასი საჩუქარი როგორ შეიძლება იყოს? ისმის ძალიან მარტივი შეკითხვა – რატომ ვერ დააპატიმრა ხელისუფლებამ შონია? ხელისუფლებას უჭირს “გრუს” აგენტების დაპატიმრება. ის აგრეთვე სერიოზულ ინფორმაციებს ფლობს ყოფილ პრემიერ-მინისტრზე და იმ გუნდზე, რომელსაც კვირიკაშვილ-ქუმსიშვილ-ალავიძის გუნდი ერქვა. შონია რუსული სპეცსამსახურების აგენტია. მისი კონტრაბანდისტობა და კავშირები რუსულ სპეცსამსახურებთან და აფხაზ სეპარატისტებთან არა მხოლოდ ქართული სპეცსამსახურებისთვისაა ცნობილი. “გრუს’ აგენტების დაპატიმრება, რომლებიც მრავლად არიან ხელისუფლებაში და ოპოზიციაში, ხელისუფლებას ძალიან უჭირს. გაინტერესებთ რატომ? ჰო, საინტერესოა და დავფიქრდეთ ამაზე.

წინ, პოლიტიკურად დაძაბული და გარკვეულწილად საინტერესო წელიწადი გველის. მიუხედავად მმართველ გუნდში აშკარა დაპირისპირებისა, იმედია, პოლიტიკური პროცესები მშვიდობიანად წარიმართება და არ გასცდება კონსტიტუციურ ჩარჩოებს!!!
ბოლოს მინდა დამდეგი შობა-ახალი წელი მოგილოცოთ და წარმატებები გისურვოთ.

“თაიმერი”

ბერდია კალანდია

banner
წინა სტატიაშიპირველი რესპუბლიკის მოედანზე 23:00 საათიდან საახალწლო გალაკონცერტი გაიმართება
შემდეგი სტატიააფხაზეთის ა/რ-ს მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ვახტანგ ყოლბაიას საახალწლო მილოცვა