კახა მიქაია: ივანიშვილმა უდიდესი შეცდომა დაუშვა, როცა პორტირებული ნაცები შეუშვა “ოცნებაში”

რატომ შეხვდა სამეგრელოს ახალ გუბერნატორს, ვინ წაართვა მას არჩევანი, ვინ წააგებინა “ოცნებას” არჩევნები სამეგრელოში? – ამის შესახებ “ახალ თაობას” “დაიცავი საქართველოს” ლიდერი კახა მიქაია ესაუბრება.

სამეგრელოში საპრეზიდენტო არჩევნების წაგებაოცნებამთქვენ დაგაბრალათ. ახლა ვიგებთ, რომ სამეგრელოს გუბერნატორს შეხვდით და მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილისთვის აპირებთ მხარის დაჭერას. მართალია ეს ამბავი?

– დიახ, “ქართული ოცნება” სამეგრელოში არჩევნების წაგებას მე მაბრალებს. ამაზე დიდი აბსურდი ადამიანმა და, მით უმეტეს, პოლიტიკურმა ორგანიზაციამ შეიძლება მოიფიქროს? როგორ შეიძლება ერთმა კაცმა წააგებინოს პარტიას არჩევნები. სიმართლე თუ გინდათ, სამეგრელოში არჩევნები წააგო გოგიამ და გულორდავამ, ისინი ზუგდიდში არსებულ საარჩევნო შტაბებს ხელმძღვანელობდნენ.

არჩევნები წააგო სამეგრელოს ყოფილმა გუბერნატორმა შონიამ, რომელიც არჩევნებში ირიბად მონაწილეობდა, ოღონდ არა “ოცნების” მხარეს. და რაც მთავარია, რეგიონში არჩევნები წააგო ბიძინა ივანიშვილმა.

ხელისუფლებაში მოსვლიდან 6 წლის თავზე გრიშა რომ მოგიგებს არჩევნებს, ეს არის სამარცხვინო. ასეთ დროს კახა მიქაიასკენ ხელის გაშვერა არის დაუშვებელი.

თურმე ნუ იტყვით და ამ ქვეყანაში “ოცნების” ბრალი არაფერი არ არის. ყველაფერი სხვისი ბრალია. ასეთი ძლიერი თუ ვარ, რომ არჩევნები წავაგებინო, მითხრან და იქნება მეორე ტური მოვაგებინო.

რაც შეეხება გუბერნატორთან შეხვედრას, მართლაც შევხვდი მას. ეს იყო ჩვენი პირველი შეხვედრა. მან ჩემზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

რატომ დაგრჩათ მასზე კარგი შთაბეჭდილება?

– ის არის ადეკვატური. მას შესანიშნავად აქვს გათვითცნობიერებული თუ რა მძიმე პრობლემების წინაშე დგას რეგიონი. მე “ოცნების” პოლიტიკური ოპონენტი ვარ, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ რეგიონს რაიმე ცუდი გავუკეთო.

სალომეს მხარდაჭერაზე რას გვეტყვით, მართლა მისთვის გადაწყვიტეთ ხმის მიცემა?

– მოიცათ, მოიცათ, მე, კახა მიქაიამ, შეიძლება ხმა გრიგოლ ვაშაძეს მივცე? ეს არის გამორიცხული.

თქვენი და ნაციონალების ურთიერთობა იმდენად ცნობილია, რომ რომც დაგინახონ 5-იანს ხაზავთ, ამას მაინც არავინ დაიჯერებს.

– მე გრიგოლ ვაშაძეს ხმას ვერ მივცემ. ის პირდაპირი მნიშვნელობით მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელია. ახლა რომ გამოდის და შეცდომებს აღიარებს, ნაციონალებს სად ჰქონდა შეცდომები? მაგათ სისხლის სამართლის დანაშაულები აქვთ ჩადენილი. სისხლის სამართლის დამნაშავეებს ვერაფრით ვერ გამოვუცხადებ ნდობას.

ვაშაძეს არც მისი რუსული წარსულის გამო არ ვენდობი. რუსეთთან მიმართებაში სალომეს სულელური და ბრიყვული განცხადებები აქვს გაკეთებული.

აგვისტოს ომის თემაზე გაკეთებულ განცხადებას გულისხმობთ?

– დიახ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვაშაძე იყო რუსი დიპლომატი. მას 2008 წლამდე ჯიბეში რუსული პასპორტი ედო. ის ცნობიერებით რუსია.

დღეს ორ არასასურველ კანდიდატს შორის გვიწევს არჩევანის გაკეთება. მე არ ვარ სალომე ზურაბიშვილის მომხრე, მაგრამ მიწევს იძულებითი არჩევანის გაკეთება. მე მინდა, რომ სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი არ დაბრუნდეს საქართველოში.

თქვენი გაზეთით მივმართავ მთელ საქართველოს, არ დაუშვათ მიხეილ სააკაშვილის დაბრუნება საქართველოში.

ამბობთ, სააკაშვილის დაბრუნება არ უნდა დავუშვათო, მაგრამ ამ პორტირებულ ნაცებს რას უშვრებით? მთელიოცნებაყოფილი ნაციონალებით არის სავსე. ეს არის სახიფათო, თუ მიშას დაბრუნებაა მარტო პრობლემა?

– ქვეყნის უბედურებაა, რომ დღეს “ქართული ოცნება” პორტირებული ნაცებით არის სავსე. იმის გამო, რომ სალომე არ მოგვწონს, სააკაშვილი დავაბრუნოთ და მივიღოთ ბუკეტი? გამორიცხულია.

ბუკეტი რატომ უნდა მივიღოთ, არ შეიძლებოდა პორტირებულები მიშას გზაზე გაეგზავნათ?

– ამ გზას რომ არ გაუყენეს ეს ნაცები, მაგიტომაც მიიღეს ხალხისგან პასუხი. ახლა კიდევ თუ პორტირებულების პორტირებით დაკავდება ბიძინა და ხალხის მოთხოვნებს ფეხებზე დაიკიდებს, ბოლოს მართლა მოვა მგელი.

მოვა მგელი და მერე ამასაც მე დამაბრალებს “ქართული ოცნება”. სამეგრელოში უადგილოდ რომ სადმე მოწვიმოს, ესეც კახა მიქაიას ბრალია.

პორტირებულებს რატომ ვერ ელევაოცნება“?

– მარტივად გითხრათ? მიზეზი ფულია.

რა ფული?

– რა ფული და წილებში ჩაუსხდნენ ნაციონალებს და ახლა ერთად არიან კორუფციაში ჩაფლულები. ნაციონალები კორუფციით იყვნენ გამორჩეული და “ოცნება” ბოლომდე ჩაყვა მათ ამ ჭაობში. ქართული საზოგადოება კი ხახამშრალი დატოვეს.

ამბობთ, რომ წილებში ჩაუჯდნენ ნაციონალებსო. ბიძინა ივანიშვილს 7 მილიარდი აქვს და რაში სჭირდება ნაცებთან წილში ჩაჯდომა?

– ამ შემთხვევაში მე “ქართული ოცნების” ლიდერი ბიძინა ივანიშვილი არ მყავდა მხედველობაში.

მაშინ ასე გკითხავთ, რატომ დაუშვა მან, რომ მისი თანაგუნდელები ნაცებს წილში ჩასხდომოდნენ?

– ბიძინა ივანიშვილმა უდიდესი შეცდომა დაუშვა, როცა პორტირებული ნაცები შეუშვა “ოცნებაში” და ამ პორტირებულებს ჩააბარა სამეგრელო. როლანდ ახალაიას ეზოს მენაგვე გოგია რომ ზუგდიდის მერად დასვეს, რა ეგონათ. ან რას ფიქრობდნენ, როცა ყოფილი მხედრიონელი გულორდავა გახადეს ვიცე-მერე. ამ უბედურებს ჩააბარეს ზუგდიდი და წაგება კიდევ კახა მიქაიას ბრალია?

ამ ორ ადამიანს ჰქონდა ზუგდიდში საარჩევნო შტაბები ჩაბარებული და დღეს ორივე ზის გლდანის ციხეში. მითხრას ვინმემ, სად არის ახლა ლოგიკა.

მათ წინააღმდეგ არჩევნების წინ იყო საქმე აღძრული, მაგრამ მათი დაკავება მოხდა არჩევნების შემდეგ, ამაზე რას იტყვით?

– არჩევნების მერე რომ მოხდა მათი დაკავება, ეს არის კიდევ ერთი დიდი პრობლემა. მე არც გრიგოლ ვაშაძის და არც სალომე ზურაბიშვილის მომხრე არ ვარ. მე სააკაშვილის არდაბრუნების მომხრე ვარ.

დაბრუნებად სააკაშვილის ექსტრადირებაც შეიძლება ჩაითვალოს და ამის წინააღმდეგიც ხართ?

– მე მომხრე ვარ, რომ სააკაშვილი მართლმსაჯულების წინაშე წარდგეს, ოღონდ არა სუბელიანის და მურუსიძის მართლმსაჯულების წინაშე.

 

შორენა მარსაგიშვილი

“ახალი თაობა”

 

banner
წინა სტატიაშიდამწვრობის ცენტრში ფონიჭალაში, გაზის აფეთქების შედეგად დაშავებულების ახლობლები იმყოფებიან
შემდეგი სტატიაადევნებასა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფაში ბრალდებულს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა