კახა მიქაია: “ივანიშვილი ან შეცვლის სიტუაციას, ან თავად დასრულდება პოლიტიკურად”

გიხაროდენ!!!რატომ არ მისცა ივანიშვილმა “ოცნების” წევრებს ზეიმის უფლება, რა პასუხისმგებლობა აიღო მან საკუთარ თავზე, როდის დასრულდებიან ნაცები და ქოცები? _ ამის შესახებ “ახალ თაობას” “დაიცავი საქართველოს” ლიდერი კახა მიქაია ესაუბრება.
_ “ოცნება” არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის სამზადისშია, გაერთიანებული ოპოზიცია შედეგებს არ აღიარებს. ქვეყანა ფაქტიურად ორად გაიყო. ეს ამბავი ცუდად ხომ არ დამთავრდება?
_ ეს ამბავი აუცილებლად დასრულდება. რაც შეეხება ქვეყნის ორად გაყოფას, ეს ახლა არ მომხდარა. საქართველო აქამდეც ორად იყო გახლეჩილი. იმის თქმა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები მკვეთრი პოლარიზების პირობებში ჩატარდა, სპეკულაციაა და მეტი არაფერი. მკვეთრი პოლარიზება არსებობდა, არსებობს და მომავალშიც არსებობდა.
ამბობენ, რომ ეს არჩევნები აგრესიულობით იყო გამორჩეული. ვერც ამ მოსაზრებას გავიზიარებ. საქართველოში გინახავთ არჩევნები, რომლებიც აგრესიის გარეშე ჩატარდა?!
ყველა არჩევნები აგრესიის ფონზე ტარდებოდა. ერთადერთი გამონაკლისი იყო 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნები, მაშინ ქართველმა ერმა ყოველგვარი აგრესიის გარეშე დაამარცხა კომუნისტური პარტია.
_ ეს არჩევნები მართლაც დემოკრატიულად და აგრესიის გარეშე ჩატარდა, მაგრამ არჩევნებიდან ერთი წლის და ორი თვის თავზე კანონიერი ხელისუფლება დაამხეს.
_ გამსახურდიას ხელისუფლება კრემლმა და საქართველოში მისმა აგენტურამ დაამხო. მე კატეგორიულად არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ მაშინ საქართველოში სამოქალაქო ომი იყო.
_ აბა რა იყო ის, რაც რუსთაველზე დაიწყო და შემდეგ სამეგრელოში გაგრძელდა?
_ ეს სამოქალაქო ომი არ ყოფილა. ეს გამსახურდიას და საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ კრემლის მიერ ჩატარებული სპეცოპერაცია იყო.
კრემლის მიერ მაშინ დაწყებული სპეცოპერაცია დღემდე დამთავრებული არ არის. ამ სპეცოპერაციის შედეგია, რაც დღეს ქართველებს გვჭირს. კრემლის სპეცოპერაციის შედეგად ჩაეყარა საქართველოში საფუძველი აგრესიას და დაპირისპირებას. ქვეყნის ორად გაყოფაც იქიდან მოდის.
კრემლთან ერთად ამ სპეცოპერაციის ავტორები ახლა ხმამაღლა ღაღადებენ _ არა ბოროტებას.
_ ვისზე საუბრობთ?
_ პერსონიფიცირებას არ ვაპირებ. ეს ხალხი თავად იდგა ბოროტების მხარეს. უკვალოდ არაფერი არ იკარგება.
_ პერსონიფიცირებას არც მე დავიწყებ, მაგრამ ის ხალხი, ვინც ახლა ბოროტებას გმობს და გასული საუკუნის 90-იანებში ბოროტების მხარეს იყო, ნაციონალებშიც მრავლად არის და “ოცნებაშიც”.
_ ეგენი ყველგან არიან. ეს ის ხალხია, ვინც აგრესიას და ბოროტებას ედგა სათავეში და ახლა ბევრს ლაპარაკობენ, რომ აგრესია დაუშვებელია. ეს ხალხი ძალიან აგრესიულად ებრძოდა ქვეყნის პირველ პრეზიდენტს და დამოუკიდებლობას.
_ ამბობთ, რომ საქართველო დიდი ხანია ორად არის გაყოფილი. ეს გაყოფა სამოქალაქო დაპირისპირებით ხომ არ დასრულდება?
_ ამ ეტაპზე ყოველგვარ სამოქალაქო დაპირისპირებას გამოვრიცხავ. ახლა ამის ნიშნები ნამდვილად არ არის. ოპოზიციას არანაირი შანსი არა აქვს საიმისოდ, რომ არსებული სიტუაცია სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიიყვანოს.
დაპირისპირებაზე საუბარი უფრო პიარის სფეროა, ვიდრე რეალობასთან ახლოს დგომა. ოპოზიციას სამოქალაქო დაპირისპირების თავი არა აქვს.
_ იქნებ ჭკუა აქვთ და ამიტომ არ წავლენ დაპირისპირებაზე?
_ ჭკუის რა მოგახსენოთ. მათი ლიდერის ჭკუაზე კარგს ვერაფერს გეტყვით. მე ის ვიცი, რომ ოპოზიციას დაპირისპირების თავი არა აქვს.
_ მეორე მხარეზე რას იტყვით, მათ ხომ აქვთ იმის თავი, რომ სამოქალაქო დაპირისპირება მოაწყონ?
_ თავი შეიძლება აქვთ, მაგრამ სამოქალაქო დაპირისპირებაზე არავითარ შემთხვევაში არ წავლენ. მათ საპრეზიდენტო არჩევნებზე ძალიან მწარე მაგალითი მიიღეს _ მისმა უდიდებულესობა ქართველმა ხალხმა პირველ ტურში სილა გააწნა ივანიშვილს, ხოლო მეორე ტურში პანჩური ამოარტყა მიხეილ სააკაშვილს.
_ ამბობთ, ერთს სილა გააწნეს, მეორეს პანჩური ამოარტყესო, მაგრამ ორივე რაღაც კარგად გრძნობს თავს.
_ არა მგონია, რომ ისინი კარგად გრძნობდნენ თავს. არჩევნების შემდეგ თუ მართლა კარგად გრძნობენ თავს, მაშინ მათი საქმე დამთავრებულია.
_ სადაც გამოჩნდნენ, სახეზე ჭმუნვა ნამდვილად არ ეტყობოდათ.
_ ეგ არის მოჩვენებითი. სინამდვილეში ძალიან ცუდად არის ივანიშვილი და, მით უმეტეს, მიხეილ სააკაშვილი. ძალიან კარგად ვიცი, რა შავ დღეშია ახლა ივანიშვილი და იმასაც ვგრძნობ, რას გრძნობს ის ახლა.
_ რატომ არის შავ დღეში, ხომ მიაღწია მიზანს და თავისი კადრი პრეზიდენტად გაიყვანა?
_ “ქართული ოცნების” წევრებისგან განსხვავებით, მან ბევრად რეალურად შეაფასა ის საფრთხე, რაც ხელისუფლებას დაემუქრა.
28 ნოემბრის საღამოს, როცა არჩევნების შედეგები გამოცხადდა, “ოცნების” წევრები მზად იყვნენ, გამარჯვების ჩოხები ჩაეცვათ, გამოვარდნილიყვნენ ქუჩაში და მოვიგეთო, ეყვირათ, მაგრამ ამის გაკეთება მათ ივანიშვილმა კატეგორიულად აუკრძალა.
_ რატომ აუკრძალა? არ იყო ეს გამარჯვება?
_ ივანიშვილი მიხვდა, რომ მან ეს არჩევნები წააგო, არჩევნები მოიგო ხალხმა. მინდა ყველამ დაიმახსოვროს _ საპრეზიდენტო არჩევნები ხალხის მოგებულია და არა ივანიშვილის, მით უმეტეს, `ქართული ოცნების~.
_ არჩევნების წინ ივანიშვილმა ყველაფერი თავის თავზე აიღო და ვითარების გამოსასწორებლად ერთწლიანი ვადა ითხოვა. რა გამოდის, მისი გუნდი თუ ჩაფლავდება, პირადად მან უნდა აგოს პასუხი?
_ პასუხისმგებლობა მან აიღო საკუთარ თავზე და სანამ რამე ჩაფლავებულა, თავად უნდა მიხედოს საქმეს. ჯერჯერობით მას ამის რესურსი გააჩნია და ვნახოთ, რა იქნება. `ქართული ოცნების~ იმედი არა მაქვს. არც ივანიშვილი უნდა იყოს მათ იმედზე.
_ ივანიშვილმა ახალი გუნდი უნდა შექმნას?
_ მკითხველმა განსაზღვროს, რა უნდა გააკეთოს `ოცნების~ ლიდერმა.
_ თქვენი აზრით, რა უნდა გააკეთოს?
_ ახლა ის დილემის წინაშე დგას _ ან არსებულ სიტუაციას გამოასწორებს, ან ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურად დამთავრდება.
_ თქვენი აზრით, რა მოხდება?
_ ვნახოთ. დიდი სურვილი მაქვს, რომ მან სიტუაცია შეცვალოს. ეს არის ჩემი სურვილი. ამიტომ ხატზე ვერ დავიფიცებ, რომ ის ამას გააკეთებს, მაგრამ იძულებული რომ არის, სიტუაცია გამოასწოროს, ეს ყველაზე უკეთესად თავად ივანიშვილმა იცის.
_ ქოცებში პორტირებულ ნაცებზე არაერთი სკანდალი გაქვთ მოწყობილი. არჩევნების წინ `ოცნება~ ხალხს დაჰპირდა, რომ პორტირებულებისგან გაიწმინდებოდა. იქნება წმენდა?
_ ეს იმ გეგმის ნაწილია, რაზეც ივანიშვილი ლაპარაკობდა. მან სიტუაციის გამოსწორება გუნდის გაწმენდით უნდა დაიწყოს.
_ თუ მართლა წმენდა დაიწყო, გვერდით აღარავინ დარჩება. მის გვერდით სულ ყოფილი ნაცები დგანან.
_ ამ ხალხის მოშორება აუცილებელია. ვინ მისცა არჩევნებზე გრიგოლ ვაშაძეს ხმა? ვინ და პორტირებულმა ნაცებმა. ფაქტები მაქვს, თუ როგორ აძლევდნენ `ოცნების~ ჩინოსნები თავის ოჯახებიანად ვაშაძეს ხმას.
_ რამდენად მაღალი თანამდებობები უკავიათ ამ ჩინოსნებს?
_ მაღალი თანამდებობებიც უკავიათ, საშუალოც და დაბალიც. ძალიან არ მომწონს იმაზე ჟივჟივი, რომ ნაცებმა ხალხი არ შეკრიბეს. დამიჯერეთ, მნიშვნელობა არა აქვს, რამდენი ხალხი მივა მიტინგზე.
_ რატომ არა აქვს ამას მნიშვნელობა?
_ არა აქვს მნიშვნელობა და იმიტომ. აქ მთავარი ისაა, თუ რამდენი ხმა მიიღეს ნაცებმა არჩევნებზე.
_ არჩევნებზე ბევრი ხმა მიიღეს.
_ ბევრი ხმა მიიღეს და ამ ფონზე აღტკინება, რომ მიტინგზე ხალხი ვერ გამოიყვანეს, ხბოს აღტაცებად და არასერიოზულობად მიმაჩნია.
_ ამბობთ, რომ ნაცებს `ოცნების~ ჩინოსნებმაც მისცეს ხმა. არჩევნები ვაშაძეს რომ მოეგო, ალბათ ბევრი ქოცი გადაპორტირდებოდა ნაცებში.
_ გადაპორტირდებოდნენ რომელია, ვაშაძეს რომ მოეგო, პირდაპირ გადაფრინდებოდნენ ნაცებში.
_ საპარლამენტო არჩევნებისთვის უკვე დაიწყო სამზადისი. თქვენ არ აპირებთ გააქტიურებას?
_ მეტი რაღა ვიაქტიურო? ყოფილა დრო, როცა კახა მიქაიას არ უაქტიურია?! აქტიურობას მომავალშიც გავაგრძელებ.
_ პარტიის შექმნას ხომ არ აპირებთ?
_ ამის არც რესურსი მაქვს და არც სურვილი.
_ ისე, კახა მიქაია კი უდრის ერთ პარტიას და რაღა საჭიროა პარტია.
_ არ ვიცი, არ ვიცი. სამომავლო გეგმებზე მერე დაგელაპარაკებით.
_ საპარლამენტო არჩევნებისთვის თუ შეიცვლება პოლიტიკური სურათი?
_ საპარლამენტო არჩევნებამდე ჯერ კიდევ არის დრო. რაღაცები ალბათ შეიცვლება.
_ ნაცები და ქოცები თუ დასრულდებიან პოლიტიკურად, სხვა თუ არაფერი, მესის და რონალდუს ეპოქა დასრულდა _ შესანიშნავ ფორმაში არიან და ოქროს ბურთის მფლობელი სხვა გახდა.
_ ეს დრო აუცილებლად დადგება. როგორც მიშას და ნაციონალებს გაუვიდათ ყავლი, ასევე მოუვათ `ოცნებას~ და ივანიშვილს. ადრე თუ გვიან, ყველაფერი მთავრდება, ამათი ხანაც დასრულდება.
_ პორტირებულებიც დასრულდებიან?
_ ეს გამორიცხულია. პორტირებულები მარადიული თემაა. ისინი ყველგან და ყველა დროში არიან, ასეთი ხალხი განსაკუთრებით ქართულ პოლიტიკაშია მრავლად.
_ ანუ მათ მოშორებაზე არც ვიოცნებოთ?
_ ამაზე ოცნება არარეალურია.

 

შორენა მარსაგიშვილი

“ახალი თაობა’

banner
წინა სტატიაშიკრემლის ბოტები საფრანგეთზე თავდასხმას ახორციელებენ
შემდეგი სტატიარუსეთს ბრიტანეთში ორ რეზონანსულ გარდაცვალებასთან აკავშირებენ