კახა მიქაია: “ღარიბაშვილმა უნდა გააცნობიეროს, რომ მურუსიძე უვადო სააკაშვილია”

რისთვის ემზადება ბიძინა ივანიშვილი, რაში ცდება ის, რა პრეტენზიები გაუჩნდა ნაციონალების ნაწილს სააკაშვილთან, რატომ დაიწყო “ოცნებამ” ხალხის ქუჩაში ძებნა? – ამის შესახებ “ახალ თაობას” “დაიცავი საქართველოს” ლიდერი კახა მიქაია ესაუბრება.

-“ოცნება” ჩვენ გაოცებას აგრძელებს. ახლახან გვამცნეს, რომ კერძო კომპანია იქირავეს, რომელიც რეგიონებში შუკა-შუკა, შარა-შარა ჩამოივლის და მმართველი პარტიისთვის კარგ ხალხს შეარჩევს. თქვენი აზრით, რა ხდება?
_ სერიოზული კომენტარი თუ გინდათ ამაზე, საქმე იმასთან გვაქვს, რომ ბიძინა ივანიშვილი ემზადება 2020 წლის არჩევნებისთვის. ის მომავალი საპარლამენტო არჩევნების მოგებასაც აპირებს. ყველაფერი, რაც დღეს მმართველ პარტიაში ხდება, მომდევნო წელს დაგეგმილი არჩევნების მოგებისკენ არის მიმართული.
ივანიშვილმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები უნდა მოიგოს, ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.
_ რას ნიშნავს გადაწყვეტილება მიღებულია? ივანიშვილი ნებისმიერ ფასად აპირებს არჩევნების მოგებას?
_ რადაც არ უნდა დაუჯდეს, მან ამ არჩევნებში უნდა გაიმარჯვოს. ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებას ასე მარტივად და ასე იოლად არ დათმობს. 2020 წლის არჩევნები მისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და ქვეყნისთვისაც.
ახლავე გეუბნებით, 2020 წლის არჩევნების შემდეგ ჩვენ ისევ ერთპარტიულ პარლამენტს მივიღებთ. ნაციონალების ოპოზიციონერობა რაც არის, ყველა ვხედავთ. მათი ოპოზიციონერობა მიშას სიგიჟეებით შემოიფარგლება.
ყოფილი ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის გარეშე არაფერს არ წარმოადგენს. მე მაქვს ინფორმაცია, რომ ნაციონალებში არის სერიოზული განხეთქილება.
_ რა განხეთქილებაზე საუბრობთ?
_ ჩემ ხელთ არსებული ინფორმაციით, ნაციონალების ნაწილი ღიად დაუპირისპირდა სააკაშვილს. ისინი მიხვდნენ, რომ მიშას ქმედებები და პოლიტიკა, ამ პარტიას უქადის მუდმივ მეორე ადგილს და ოპოზიციონერობას. ამ ხალხს კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ მიშას სიგიჟეებით ვერასდროს ვერ მოიგებენ არჩევნებს.
მართალია მას თანაგუნდელების ნაწილი დაუპირისპირდა, მაგრამ სააკაშვილი, ივანიშვილის მსგავსად, აქტიურად ემზადება არჩევნებისთვის.
“ოცნების” ლიდერი კარგად ხვდება, რომ კობახიძეებით, თალაკვაძეებით, კალაძეებით და ვიღაც-ვიღაცებით არჩევნებში გამარჯვება გაუჭირდება. ის იმაზეც ფიქრობს, რომ 2020 წელს შეიძლება ქართველ საზოგადოებას მობეზრდეს `მგელი მოდის~ ძახილით `ოცნებისთვის~ ხმის მიცემა და თქვას, რომ ბოლოს და ბოლოს მოვიდეს ეს მგელი.
მმართველი პარტიის ლიდერი ამ საშიშროებას გრძნობს და ამიტომ გამართა ფართომასშტაბიანი მუშაობა. მან აქტიური შეტევა მიიტანა ქართველ ამომრჩეველზე, რათა კიდევ ერთხელ მოიგოს არჩევნები.
_ გასაგებია, რომ არჩევნების მოგება უნდა, მაგრამ შუკა-შუკა, შარა-შარა ხალხის ძებნა რა უბედურებაა, ეს ცოტა გაუგებარია.
_ ეს საინტერესო ამბავია. ამათ რომ ვუყურებ, სულ უფრო და უფრო მიმძაფრდება განცდა, რომ საბჭოთა საქართველოში ვბრუნდებით.
“ჩვენ ვეძებთ ტალანტებს” – ეს იმ ტელეგადაცემის სახელწოდებაა, რომელიც ჩემი ბავშვობის დროს სამოცდაათიანების საბჭოთა საქართველოში იყო პოპულარული!
როგორც ვატყობ, წარსულის ექო დღევანდელობამდე აღწევს და ტალანტების ძიება გრძელდება. ტალანტებს, მთავარი ტალანტი _ კახი კალაძე მოძებნის, რომელსაც ,,ძირმომპალი კაპიტალისტური დასავლეთიდან~ დაქირავებული კერძო კომპანია დაეხმარება და ,,ახალი საბჭოეთის ოცნების პარტიაც~ ახალი ტალანტებით შეივსება!!!
პარტიაში მყოფი ტალანტები ახალ ტალანტებს პარტიული მუშაობის გამოცდილებასაც გაუზიარებენ და პარტიული მუშაობა მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიშლება.
ჩვენ კი, შრომის ფერხულში ჩაბმული ამომრჩევლები, მქუხარე, ხანგრძლივი აპლოდისმენტების ქვეშ, ისევ მივალთ საარჩევნო ურნებთან და დაუფიქრებლად მივცემთ ხმას ახალი ტალანტებით სავსე მშობლიურ პარტიას!!!
მით უმეტეს, როგორც გვამცნეს, ,,ქართული ოცნება~ დღეს, ხელისუფლებაში ყოფნის შვიდი წლისთავზე, იწყებს ნამდვილ პარტიად ჩამოყალიბებას. ჰოდა, წინ, წარსულისაკენ, ამხანაგებო.
იმას, რასაც ახლა ივანიშვილი აკეთებს, ეს ცოტა სასაცილოა, მაგრამ მას მეტი გზა არა აქვს. რესურსი ამოეწურა და დადის ახლა შუკა-შუკა, შარა-შარა და იქ ეძებს ხალხს.
_ რა გარანტია აქვთ, რომ ამ შუკებში ისეთ ხალხს იპოვიან, რომელიც მათ გამოდგება?
_ ისინი იმ იმედით მიდიან შუკა-შუკა, შარა-შარა, რომ შეიძლება ახალი კობახიძეები, მდინარაძეები და თალაკვაძეები იპოვონ.
მე ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილი თავის თანაგუნდელებს ისე უყურებს, როგორც ერთჯერადი გამოყენების ნივთებს. ვისაც ჰგონია, რომ “ოცნებაში” რაღაცას წარმოადგენს, ძალიან შემცდარა. ყველამ უნდა გაითავისოს, რომ `ქართული ოცნება~ არის პარტია, რომელიც წარმოადგენს ერთ კაცს.
“ოცნების”  ლიდერს თუ დასჭირდა, ყველას მოიშორებს, ვინც დღეს მის გვერდით არის. ბოლო დროს ბევრი საინტერესო რამ მოხდა და ივანიშვილიც ერთ რამეს მიხვდა, რომ მონებისგან პოლიტიკურ პარტიას ვერ შექნის. მონებისგან მხოლოდ ერთჯერადი გამოყენების პარტიის შექმნაა შესაძლებელი.
_ შუკებში და შარა-შარა ივანიშვილი მონებს ეძებს თუ თავისუფალი აზროვნების ადამიანებს?
_ რა თქმა უნდა, მონებს ეძებს. არა მგონია, ტალანტების ძებნით დაიღალოს.
_ ზემოთ თქვენ თქვით, რომ ივანიშვილი 2020 წლის არჩევნების მოგებას აპირებსო. საქართველოს უახლესი ისტორიის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, არც ერთ ხელისუფლებას არ მოუგია არჩევნები ორზე მეტჯერ. ივანიშვილს ორჯერ უკვე მოგებული აქვს საპარლამენტო არჩევნები.
_ ივანიშვილი რისი ივანიშვილი იქნება, უპრეცედენტო რამე რომ არ გააკეთოს. მან ხომ უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა, როცა მწვერვალზე მყოფმა დატოვა ხელისუფლება. ახლა ის ყველას დაანახებს, რომ ის ორ ე.წ. სროკს არ დასჯერდება და მესამე სროკზე წავა.
ამ ადამიანს ძალიან დიდი ამბიციები აქვს. ის მესამე კი არა, მეოთხე წრეზეც მოინომებს წასვლას. მას საქართველოს ისტორიაში დადგენილი ჩარჩოებით არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევხედოთ _ ის ყველანაირ ჩარჩოებს სცდება. მეტსაც გეტყვით, ის ანგრევს ჩარჩოებს.
_ ჩარჩოებში ჯდომა არ უყვარს, ამბიციებიც აქვს და ბევრი ფულიც, მაგრამ შემთხვევით ეს მდიდარი კაცი ქართველების შეფასებაში ხომ არ ცდება?
_ ამ პოლიტიკაში ბევრი რამე გავაცნობიერე და ბევრ რამესაც მივხვდი. ერთადერთი, რაც ვერ გავიგე, ისაა, რომ რატომ უყურებს ასე ცუდად ეს კაცი ქართველებს. მას მართლაც ცუდი წარმოდგენა აქვს ქართველებზე და მათ ბუნებას სათანადოდ ვერ აფასებს.
_ ქართველების ბუნებას მართლა ვერ აფასებს და ამაში მისი გარემოცვის ხელი ხომ არ ურევია?
_ არა მგონია. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ამ ადამიანზე გარემოცვას რაიმე გავლების მოხდენა შეუძლია.
_ “ოცნებასთან” დაახლოებული ადამიანები ამბობენ, რომ მათი ლიდერი ბოლო დროს გოგა ხაინდრავას ჭკუაზე დადის.
_ გამორიცხულია. ის არავის ჭკუაზე არ გაივლის. არაა ეგ ის ადამიანი, ვინც სხვის აზრს გაითვალისწინებს. მოსმენით მოუსმენს, მაგრამ გადაწყვეტილებას ისე მიიღებს, როგორც თავად ჩათვლის საჭიროდ.
ის არავის არ უსმენს და კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან მიკვირს, რატომ უყურებს ივანიშვილი ქართველ ხალხს ასე. ის ძალიან ცდება ქართველების შეფასებებში. ის ამაში მალე დარწმუნდება.
_ ამით რისი თქმა გინდათ, რომ ის რაკი სათანადოდ არ აფასებს ქართველ ხალხს, ეს მას ცხვირს წაამტვრევინებს?
_ რა თქმა უნდა, ის ცდება ქართველების შეფასებაში და ეს მას აუცილებლად წაამტვრევინებს ცხვირს.
_ მისი ცხვირის წამტვრევა ნაციონალების დაბრუნებით ხომ არ დასრულდება?
_ ღმერთმა არ ქნას, რომ ეს ნაციონალების დაბრუნებით დამთავრდეს. მოდით იმაზეც შევთანხმდეთ, რომ ყველაფერს ბიძინა ივანიშვილს ნუ დავაბრალებთ. ვიღაცები, უადგილო ადგილას თუ მოწვიმა, ამასაც “ოცნების” ლიდერს აბრალებენ.
ამასთან აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ამ ადამიანმა თავის პარტიას განვითარების საშუალება არ მისცა, მაგრამ ვსვამ კითხვას, რას გააკეთა ოპოზიციამ, რომელსაც ბოლო 6 წელია მისი გინების მეტი არაფერი გაუკეთებია. მთელი ამ წლების მანძილზე ტელევიზიებში ისხდნენ და გულისმოსაფხან ფრაზებს ისროდნენ.
დააკვირდით ეთერებს, ჟურნალისტებიც ისეთ ხალხს იწვევენ, ვინც მაგრად იჩხუბებს და კარდ შოუს დადგამს. ეს შოუები არაფრით არ მთავრდება. პარტიები ერთ ადგილს ტკეპნიან და იმის იმედით არიან, რომ ქართველი საზოგადოება ივანიშვილს მესამედ აღარ აირჩევს.
ძალიან დიდი ბოდიში ყველასთან, მაგრამ მთელი ქართული პოლიტიკური სპექტრის მარგი ქმედების კოეფიციენტი უდრის ნულს.
_ ახალი სახეების მოძიებაზე გადასული `ოცნება~ ძველ სახეებსაც ხომ არ დააბრუნებს? ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნება ამის წინაპირობა ხომ არ არის?
_ ღარიბაშვილის დაბრუნებასთან დაკავშირებით ძალიან დიდი აჟიოტაჟია ატეხილი, რაც პირადად მე ძალიან არ მომწონს. ზოგი ილანძღება, ზოგი ზღვარგადასულად ქილიკობს.
გულწრფელად გეტყვით, არ მომწონს, როცა ირაკლიზე ასეთ ცუდ რამეებს ამბობენ. მინდა მას წარმატებები ვუსურვო და ვურჩიო, რაც შეიძლება მალე მოახდინოს პოლიტიკურ პროცესებში ადაპტირება.
ყურადღებით ვუსმინე მის პირველ სატელევიზიო გამოსვლას და ამ გამოსვლიდან გამომდინარე, მას ერთი რამე მინდა ვუთხრა. ირაკლი ღარიბაშვილმა უნდა იცოდეს, რომ სააკაშვილი არ არის უვადო.
მიუხედავად იმ მძიმე ვითარებისა, რაც დღეს საქართველოშია, ნაციონალების ლიდერი პოლიტიკური სპექტრიდან, როგორც პოლიტიკოსი, ძალიან მალე გაქრება, მაგრამ მურუსიძე უვადო სააკაშვილია და ეს ღარიბაშვილმა კარგად უნდა გააცნობიეროს.

შორენა მარსაგიშვილი

“ახალი თაობა”

banner
წინა სტატიაშიპარტიაც შეეცდება, რომ დაისაჯოს ყველა ის ადამიანი, ვინც ჩადიოდა დანაშაულს ამ შვიდი წლის განმავლობაში
შემდეგი სტატიაპოლონეთმა, ჩეხეთმა და უნგრეთმა ნატოში გაწევრიანების 20 წლისთავი ერთად აღნიშნეს