კახა მიქაია: ეს “ოცნება” და ფაროსანა ძალიან ჰგვანან ერთმანეთს

“ქართულ ოცნებას”-ფაროსანა გადაიყოლებს
“სამეგრელო შიმშილობის ზღვარზეა”
“ხელისუფლება ხალხის ბიუჯეტს ჭამს, მავნებელი _ მოსავალს

კახა მიქაია: “ადრე საქართველოს ხელისუფალი აზროვნებდა ნიკოფსიიდან დარუბანდამდე, ახლა _ პრემიიდან დანამატამდე~
რა ხდება სამეგრელოში, რატომ არაფერს აკეთებს ხელისუფლება და რა არის მისი მთავარი საზრუნავი, რატომ დუმს ხალხი? _ ამის შესახებ “ახალ თაობას” ორგანიზაცია “დაიცავი საქართველოს” ლიდერი კახა მიქაია ესაუბრება.

_ როგორც ჩვენი კოლეგა, ბერდია კალანდია, სამეგრელოდან იუწყება, რეგიონში ფაროსანამ გაიღვიძა. გასულ წელს ამ მავნებელმა მოსახლეობა ულუკმაპუროდ დატოვა. შარშან ხელისუფლებამ დაიგვიანა. წელს თუ აპირებენ რამის გაკეთებას?
_ სამეგრელოში ფაროსანამ მარტო კი არ გაიღვიძა, გაიზმორა კიდევაც. რაც შეეხება ხელისუფლების გამოღვიძებას, მათგან ჯერ არაფერი ისმის. ისინი აქამდე უკვე უნდა დასცხრომოდნენ მავნებელს. შარშანაც იმიტომ დადგა კატასტროფული შედეგი, რომ ხელისუფლებამ რეაგირება დააგვიანა. მაშინ დაუწყო ფაროსანას ომი, როცა მათ მთელი მოსავალი შეჭმული ჰქონდათ.
_ ხელისუფლება ამბობს, რომ სათანადო აქტიურობა არც მოსახლეობამ გამოიჩინა.
_ აქტიურობა ვერ გამოიჩინაო, ხომ? თუ ვინმეს უნდოდა ამ მავნებლის განადგურება, ეს, პირველ რიგში, მოსახლეობა იყო. ამის დაბრალება მოსახლეობისთვის უსინდისობა და დიდი უნამუსობაა!
_ რატომ გიკვირთ, რომ მოსახლეობას დააბრალეს? მადლობა უნდა ვთქვათ, რომ არ გვითხრეს, ფაროსანა თქვენ მოიწვიეთო.
_ მაგასაც იკადრებენ, იტყვიან, სამეგრელოსა და გურიაში საგანგებოდ დაპატიჟეს და კარგი პურმარილიც გაუშალესო. ისე, მართლა არ აკლდა საჭმელი მავნებელს _ მთელი მოსავალი გაანადგურა.
სამეგრელო და გურია შარშან მშიერი რომ დარჩა, თავიდან ბოლომდე ხელისუფლების ბრალია. ვიმეორებ, ფაროსანასთან დაკავშირებით მოსახლეობის რამეში დადანაშაულება უნამუსობაა!
ვინმეს თუ მოსახლეობის მონდომებაში ეჭვი ეპარება, მე მომისმინოს. დღეს ჩვენი რეგიონი ჭაობია. აქ არ არის სამუშაო ადგილები. მოსახლეობის დიდი ნაწილი საზღვარგარეთ წავიდა საშოვარზე. ვინც აქ დარჩა, ისინი თავს თხილითა და სიმინდით ირჩენენ. მეტი არაფერი არ არის და ახლა თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, მოსახლეობა არ შეებრძოლებოდა ფაროსანას, რომელმაც მთელი მოსავალი გაანადგურა და ხალხი მშიერი დატოვა?!
იგივე ვითარებაა გურიაშიც. იქაც ხალხის ერთადერთი შემოსავალი არის თხილი, რომელიც ფაროსანამ შეჭამა.
ფაროსანამ ასე რომ მოიკიდა ფეხი საქართველოში, ეს ხელისუფლების დამსახურებაა. მათ შარშან დააგვიანეს რეაგირება, წელსაც არ ჩქარობენ.
_ სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა თქვეს, ბუკლეტებს დავურიგებთ მოსახლეობასო.
_ და ხალხმა რა ქნას, ამ ბუკლეტებით დახოცოს მავნებელი, რომელიც ყველაფერს ანადგურებს? ასე არ გამოვა. ქმედითი ნაბიჯებია საჭირო.
_ ამბობენ, რომ ამ ბუკლეტებში ფაროსანასთან ბრძოლის წესებზე წერია.
_ ეგ ბუკლეტები წაუკითხონ ფაროსანას. არა, ბუკლეტიც კარგია და მოსახლეობა გაეცნობა მას, მაგრამ ხელისუფლების ჩარევის გარეშე არაფერი გამოვა. საჭიროა შეწამვლა, რასაც მოსახლეობა ვერ გააკეთებს. დაიწყოს ხელისუფლებამ და ხალხიც გვერდში დაუდგება.
ესენი როდის იყო, რომ ჩქარობდნენ. წინასწარ არც კრიმინალის ასალაგმად აკეთებენ რამეს და არც სხვა საფრთხეებს ითვალისწინებენ. ფაროსანასთან დაკავშირებით რას ელოდებიან, ვერ გეტყვით, მავნებელმა გაიღვიძა და გემრიელადაც გაიზმორა. იმდენად უმაქნისები და უუნაროები არიან, რომ რეაქცია არა აქვთ.
_ თქვენი აზრით, ამას შეგნებულად აკეთებენ?
_ არა მგონია, მთლად შეგნებულად უწყობდნენ ხელს მავნებელს. მოკლედ რომ გითხრათ, ამათ არაფერი შეუძლიათ. ესენი საქმის კეთებისგან შორს არიან.
_ მთლად ეგრეც ნუ იტყვით, ბატონო კახა, პრემია-დანამატების გამოწერაში ნამდვილი პროფესიონალები არიან.
_ მაგ საქმეში ამათ ბადალი არ ჰყავთ. მაგის მეტი მართლა არაფერი იციან. ადრე საქართველოს ხელისუფალი აზროვნებდა ნიკოფსიიდან დარუბანდამდე, ახლა _ პრემიიდან დანამატამდე.
_ ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მოითხოვა, რომ მოსახლეობისთვის აენაზღაურებინათ ის ზარალი, რომელიც მათ ფაროსანამ მიაყენა. აუნაზღაურეს ვინმეს ზარალი?
_ რა ზარალი აუნაზღაურეს? ხელისუფლებაში სამართლიანობის აღდგენის დაპირებით მოვიდნენ, მაგრამ არაფერი გააკეთეს, ორ თუ სამ ადამიანს დაუბრუნეს ნაციონალების დროს წართმეული მანქანა და ამით დაამთავრეს ყველაფერი. `ქართული ოცნება~ არ არის ის პარტია, ვინმეს ზარალი აუნაზღაუროს. თუ ვინმე ამაზე ოცნებობს, დროა, გამოიღვიძოს.
_ გასულ წელს იყო თვითმმართველობის არჩევნები. ოზურგეთში მერის არჩევნებში დამოუკიდებელმა კანდიდატმა კოტე შარაშიძემ გაიმარჯვა. `ოცნების~ მხარდამჭერები ამას იმით ხსნიან, რომ ფაროსანამ რეგიონი გაანადგურა.
_ საინტერესო ვერსიაა. ფაროსანა კოტეს მხარდასაჭერად ჩავიდა რეგიონში? ასეთი არაფერი გამიგია, როგორ შეიძლება, კანდიდატს არჩევნები მწერმა მოაგებინოს. განცხადებების გაკეთებაც არ შეუძლიათ, მხოლოდ ფულის გამოწერა და აღება იციან.
_ გურია და სამეგრელო ყოველთვის აქტიური რეგიონები იყო. ახლა რატომ არის მოსახლეობა ჩუმად?
_ გურიაზე ვერაფერს გეტყვით, სამეგრელოს დუმილს თავისი მიზეზები აქვს. სააკაშვილის ხელისუფლებაში მოყვანაში სამეგრელოს უდიდესი წვლილი მიუძღვის. რაც დამართა ამ კაცმა რეგიონს, ჩემზე კარგად იცით. ნაციონალური მოძრაობის წასვლის შემდეგ იმედი იყო, რომ `ოცნება~ ხალხს ჭრილობებს მოუშუშებდა. ამათ მოშუშების ნაცვლად ხალხს ჭრილობაზე მარილი დააყარეს, ამდენი ტკივილის მნახველი მხარე, ფაქტობრივად, ულუკმაპუროდ დატოვეს.
ნაციონალური მოძრაობა იყო შავი ჭირი, `ქართული ოცნება~ კი ფაროსანასფერი ჭირია. ჭირი თავის დაღს ასვამს ხალხს. მოსახლეობის დუმილს იმედგაცრუებით ვხსნი.
_ რეგიონში არც ოპოზიცია აქტიურობს. ამას რით ხსნით?
_ ოპოზიციამ რომ იაქტიუროს, ამისთვის საჭიროა, ოპოზიცია არსებობდეს. სამეგრელოში ოპოზიცია არ არის. ნაცები და ევრონაცები ოპოზიცია არაა, ისინი `ოცნებასთან~ ერთად არიან შეკრული. ხმას არავინ ამოიღებს. მოსახლეობა კი მხოლოდ იმაზე ფიქრობს, როგორ გადაირჩინოს თავი.
ხელისუფლებამ თუ ახლავე არ მიიღო რაღაც ზომები, რეგიონი მშიერი დარჩება. ეს მავნებელი სხვაგანაც წავა. კახეთშიც გამოჩნდნენ ფაროსანას ოჯახის წარმომადგენლები.
ეს `ოცნება~ და ფაროსანა ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. ხელისუფლება ხალხის ბიუჯეტს ჭამს, მავნებელი _ მოსავალს.
იმის იმედი ნუ აქვთ, რომ ფაროსანა მათ ოჯახებამდე ვერ მიაღწევს. ამ ინტერვიუს რომ ვწერთ, ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტ მარგველაშვილს გამოეცხადა თელავში. მინისტრებთანაც მივა და მათ პრემია-დანამატებსაც შეჭამს. მოსავალს რომ გაანადგურებენ, ხომ კიდევ მოუნდებათ ჭამა? ეწვევიან ხელისუფლებას.
ფაროსანა თუ არა, მშიერი ხალხი მიადგება მთავრობას. თუ არაფერი იღონეს და მავნებელი არ დაამარცხეს, ეს მავნებელი დაამარცხებს მათ _ `ქართულ ოცნებას~ ფაროსანა გადაიყოლებს.
_ წელს არის საპრეზიდენტო არჩევნები. არჩევნების წინ რაღაც ზომებს იღებენ ხოლმე ხალხის გულის მოსაგებად. იქნებ ამის ხათრით მაინც დაერიონ ფაროსანას?
_ მაშინ უკვე დაწყებული უნდა ჰქონდეთ ბრძოლა. ამათ სულ არ აინტერესებთ, რას ფიქრობს ამომრჩეველი, იმედი აქვთ, რომ მაინც მათი კანდიდატი მოიგებს. ჰოდა, რადგან იმას ამბობენ, რომ ოზურგეთში კოტე შარაშენიძემ მავნებლის წყალობით მოიგო არჩევნები, პრეზიდენტიც ის გახდება, ვისაც ფაროსანა დაუჭერს მხარს.

შორენა მარსაგიშვილი

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილის საჩივრის საფუძველზე, იური ლუცენკოს მიმართ დისციპლინური წარმოება დაიწყო
შემდეგი სტატიაუკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა სააკაშვილს უკრაინაში შესვლა 2021 წლამდე აუკრძალა