კახა მიქაია: „ბიძინა ივანიშვილი „რადიატორების“ იმედად დარჩა“

„ოცნების“ ლიდერი კომკავშირელ თალლაკვაძესა და კობახიძეს პოლიტიკურ სამარეში არ ჩაჰყვება“

„ამერიკა რომ არა, საქართველო რუსეთის გუბერნია იქნებოდა“

„ზუგდიდის ბოტანიკური ბაღისთვის ვერ მიუხედავთ და ესენი ვაშინგტონთან დაალაგებენ ურთიერთობას?“

 

2012 წელს ხელისუფლებაში მოსულმა ბიძინა ივანიშვილმა პირობა დადო, საქართველოში ისეთ დემოკრატიას ავაშენებთ, ევროპასაც კი გავაკვირვებთო. ქართული დემოკრატიის დღევანდელობამ დასავლეთი მართლაც გააკვირვა. ისე გააკვირვა, რომ იქიდან წერილი წერილზე მოდის. ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები ოფიციალურ თბილისს მოუწოდებენ, პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით გაცემული დაპირება შეასრულონ და დემოკრატიის ხარისხი გააუმჯობესონ. ამის საპასუხოდ მეოცნებეები ჯიუტად იმეორებენ, რომ საქართველოში დემოკრატია ყვავის და ამერიკელები „ნაციონალებს“ ჰყავთ შეცდომაში შეყვანილი.

სამოქალაქო აქტივისტ კახა მიქაიას თქმით, „ოცნების“ წევრები შეურაცხყოფას აყენებენ ამერიკელებს, როცა ამბობენ, რომ ისინი „ნაციონალების“ ჭკუაზე დადიან. მისი შეფასებით, საქართველოში აშკარად გაძლიერდა რუსული გავლენები. ის ამ გავლენების გაძლიერებას დემოკრატიის ხარისხის გაუარესებასა და ანაკლიის პორტის მშენებლობის შეჩერებას უკავშირებს. მიაჩნია, რომ სწორედ ანაკლიის პროექტი იყო საბოლოო წერტილი, რომლის შემდეგაც ვაშინგტონმა გადაწყვიტა, ივანიშვილის ხელისუფლება ღიად გაეკრიტიკებინა. მიქაია ამბობს, რომ დღეს ივანიშვილს გვერდით აღარ ჰყავს პროფესიონალები და ის ამ რთულ ვითარებაში რადიატორების იმედად დარჩა.

ვინ არიან „რადიატორები“? რა მისიით აგზავნის ივანიშვილი თანაპარტიელებს ამერიკაში? რატომ არის „ოცნების“ წევრთა განცხადებები სტრატეგიული პარტნიორის შეურაცხყოფა? რა უნდა ქნას კობახიძემ, როცა 60%-ის აღებაზე დაიწყებს საუბარს? რა უნდა გააკეთოს იმ ხალხმა, ვისაც საქართველოს რუსულ ორბიტაზე დაბრუნება სურს? -ამ თემებზე კახა მიქაია „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:

_ დღეს ევროპა, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად, „ქართულ ოცნებას“ დემოკრატიას უწუნებს. თქვენ ამ პარტიის აქტიური მხარდამჭერი იყავით და 2012 წელს თუ წარმოიდგენდით, რომ ყველაფერი ასე იქნებოდა? მაშინ ივანიშვილი პირობას დებდა, რომ დასავლეთს ქართული დემოკრატიით გავაოცებო და ამ საბაბით თქვა უარი დაპირებული სამართლიანობის აღდგენაზე, რაც დამნაშავე „ნაციონალების“ დასჯას გულისხმობდა.
_ იმედგაცრუებული მარტო დემოკრატიის გამო არ ვარ. ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ 2020 წელს ასეთ სავალალო დღეში იქნებოდა ჩვენი ქვეყანა. ვერ წარმოვიდგენდი, რომ „ოცნების“ მისამართით დასავლეთიდან ასეთი კრიტიკის ქარცეცხლი წამოვიდოდა. ვერც იმას წარმოვიდგენდი, რომ ქართველ ამომრჩეველს ასეთი გაღიზიანებული და ნეგატიური დამოკიდებულება ექნებოდა „ქართული ოცნების“ მიმართ.
_ თქვენი აზრით, რატომ მივიღეთ ასეთი ვითარება? ივანიშვილს გაექცა ხელიდან სადავეები, ვეღარ მართავს სიტუაციას, თუ კარგად რომ მართავს, ამიტომ ვართ ასეთ დღეში?
_ კარგად მართვის რა მოგახსენოთ. მოხდა ის, რასაც არ მოველოდი. დღეს საქართველოზე რუსეთის გავლენა ძალიან ძლიერია. ამიტომ არის დემოკრატიის ასეთი დაბალი ხარისხი ქვეყანაში. აქსიომაა, რაც უფრო მაღალია დემოკრატია საქართველოში, მით უფრო ნაკლებია რუსეთის გავლენა. ხოლო როდესაც დემოკრატიის ხარისხი დაბალია, რუსეთის გავლენაც იზრდება. დასავლეთიც ამიტომ არის აღშფოთებული. ვაშინგტონში კარგად ხვდებიან, რომ საქართველოში დემოკრატიის კრიზისი პირდაპირ უკავშირდება რუსეთის გავლენების გაძლიერებას.
„ქართულმა ოცნებამ“ უნდა გააცნობიეროს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები რომელიმე პარტიის მეგობარი კი არა, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. ყველამ გაითვალისწინოს, რომ ვაშინგტონში ბათუ ქუთელიას ჭკუაზე არავინ დადის. აშშ ქუთელიას მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით არ წყვეტს იმას, თუ როგორი შეფასება მისცეს ჩვენს ქვეყანაში არსებულ ვითარებას.
მმართველი პარტია იქამდე დავიდა, რომ ყველაფერს „ნაციონალების“ მხარდამჭერ პერსონას აბრალებს და ახლა დეპუტატ მაჭარაშვილის თამადობით აპირებს სენატორებისთვის და კონგრესმენებისთვის ცნობიერების ამაღლებას. ეს ყველაფერი სატირალი რომ არ იყოს, ძალიან სასაცილო იქნებოდა.
დააკვირდით ერთ რამეს: ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი მაშინ გაღიზიანდა, როდესაც ანაკლიის პორტის მშენებლობა შეჩერდა. ხაზგასმით ვამბობ სიტყვას – შე-ჩერ-და, იმიტომ, რომ ეს პროექტი მაინც განხორციელდება. ანაკლიის პორტი იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი ვაშინგტონთან ურთიერთობების დაძაბვაში. ანაკლია მხოლოდ პორტი არ არის, ანაკლია არის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი და ეს პროექტი აუცილენლად უნდა განხორციელდეს.
_ თქვენ ახსენეთ ბათუ ქუთელია, რომლისკენაც მთელი „ოცნება“ ხელს იშვერს. საეჭვოა, ამერიკელებმა მარტო მისი მესიჯებით იმოქმედონ, მაგრამ თუ მართლა ასეა, არ რცხვენია „ქართულ ოცნებას“? ერთმა კაცმა როგორ აჯობა ხელისუფლებას? ამერიკაში ელჩი რატომ გვყავს ან საგარეო უწყება რად გვინდა, თუ სტრატეგიულ პარტნიორებამდე ამბავსაც კი ვერ მიიტანენ? მათი შენახვა სახელმწიფოს, ყოველწლიურად, მილიონები უჯდება.
_ ასეთი კითხვები ბუნებრივად ჩნდება. ახლა იცით, რაზე დაიწყეს საუბარი, რომ „ქართული ოცნება“ ლობისტებს დაიქირავებს და კონგრესმენებთან სიტუაციას დაალაგებს. ბოლო დროს მმართველ პარტიაში ძალიან შეუყვარდათ სიტყვა დალაგება. როცა ამერიკელებთან ლობისტების მეშვეობით დალაგდებიან, მერე თავადაც ჩავლენ და კონგრესმენებს ცნობიერებას აუმაღლებენ.
_ იმედია, კონიაკსაც არ ჩაუტანენ, როგორც კომუნისტების დროს რუსეთში ჩაჰქონდათ ქართველებს და ასე აგვარებდნენ იქ საქმეებს.
_ იმედია, ამას არ იზამენ. ისევ ლობისტების თემას დავუბრუნდები და თუ ლობისტები საჭირო იყვნენ, აქამდე რას აკეთებდნენ, ახლა გაახსენდათ ეს ყველაფერი? და საერთოდ, არ რცხვენიათ „ოცნების“ წევრებს, ამერიკელებს შეურაცხყოფას რომ აყენებენ? ვაშინგტონის მიმართ ასეთი დამოკიდებულება ამერიკის შეერთებულ შტატებს ვერაფერს დააკლებს. დავზარალდებით მხოლოდ ჩვენ.
სამწუხაროდ, მინდა აღვნიშნო, რომ ხელისუფლება შეფასებებში ძალიან არაადეკვატურია. ჩვენ დასავლეთიდან წამოსული ყველა რეკომენდაცია უნდა გავითვალისწინოთ. არ უნდა დაგვივაწყდეს ის დახმარება, რომელსაც დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან გვიწევს ვაშინგტონი. ისინი ყველა მიმართულებით გვეხმარებოდნენ: იქნებოდა ეს ეკონომიკა, დემოკრატიის განმტკიცება, თუ შეიარაღებული ძალების მშენებელობა. შტატებიდან წამოსული კოლოსალური დახმარება რომ არა, ჩვენ დღეს რუსეთის გუბერნია ვიქნებოდით.
ბოლო დროს საქართველოში საკმაოდ მომძლავრდნენ ისეთი ჯგუფები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ვაშინგტონს საქართველოსთვის არაფერი გაუკეთებია. არც იმას გამორიცხავენ, რომ რუსულ ორბიტაზე დავბრუნდეთ. ამბობენ, რუსეთია ჩვენი ნამდვილი მეგობარიო და ა. შ. ვისაც უნდა, რომ საქართველო რუსეთის ორბიტაზე დაბრუნდეს, მაგათ ვურჩევ, ცივი წყალი დალიონ. დამოუკიდებლობა ქართველი ერის არჩევანია. ქართველი ხალხის არჩევანია ევროპა და ნატო. დასავლური ცივილიზაცია გახლავთ ჩვენი საბოლოო ნავსაყუდელი. სხვა არჩევანი, უბრალოდ, არ გაგვაჩნია. ჩვენ დამოუკიდებლობაზე უარს არასდროს ვიტყვით და არასდროს გავხდებით რუსეთის გუბერნია.
_ ანაკლის პორტი ახსენეთ და ამ პროექტის ჩავარდნა მხოლოდ რუსული გავლენების დამსახურებაა, თუ აქ სხვა ინტერესებიც შეიძლება იყოს?
_ ანაკლიის პროექტი არ ჩავარდნილა, ის მხოლოდ დროებით შეჩერდა. დარწმუნებული ვარ, ეს პროექტი აუცილებლად განხორციელდება. ვიმეორებ: ანაკლიის პორტის აშენება საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
_ თუ რუსულ ორბიტაზე არ დაგვაბრუნეს, განხორციელდება.
_ რუსულ ორბიტაზე დაბრუნებას კი საერთოდ გამოვრიცხავ. დამოუკიდებლობისთვის თაობები იბრძოდნენ. ასე ადვილად დამოუკიდებლობას არავინ დათმობს. რუსულ ორბიტაზე აღარასდროს დავბრუნდებით, მაგრამ ახლა ქვეყნის განვითარების ძალიან რთული მონაკვეთის გავლა გვიწევს. ამ მონაკვეთის გავლის შემდეგ საბოლოოდ დავმკვიდრდებით ცივილიზებულ დასავლეთში.
_ ამ პარლამენტისა და მთავრობის პირობებში როგორ დავმკვიდრდებით დასავლეთში? მათი განცხადებები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ახალგაზრდა დეპუტატები ისეთი ტერმინებით საუბრობენ, კომკავშირლები მახსენდება. არადა, კომკავშირს, ასაკიდან გამომდინარე, ვერ მოესწრნენ. საიდან აითვისეს კომკავშირული მანერები?
_ დღეს საქართველოში ყველა ძირითად საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს ბიძინა ივანიშვილი. არა მგონია, რომ ის ამ კომკავშირლებს პოლიტიკურ სამარეში ჩაჰყვეს. რაც შეეხება პარლამენტის წევრების განცხადებებს, ამათ ნაბოდვარს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. მინდა, ყველას მოვუწოდო, რომ არც მათ მიაქციონ ყურადღება ამათ ნაბოდვარს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ხელისუფლებაში გადაწყვეტილებებს იღებს ბიძინა ივანიშვილი და მნიშვნელობა არ აქვს, თუ რას იტყვიან ეს კომკავშირლები.
_ თუმცა ივანიშვილი ამ კომკავშირლებს ენდობა და ამერიკაში მნიშვნელოვანი ვიზიტით აგზავნის.
_ ესენი არიან უბრალო ფოსტალიონები. დავიჯერო, ვინმეს მართლა ჰგონია, რომ სენატში ან კონგრესში თალაკვაძეს მოუსმენენ? იქ არც კობახიძეს დაუგდებენ ყურს და არც _ სხვას. უბრალოდ, შეიძლება, თავზე ხელი გადაუსვან და შეაქონ კიდეც, როგორც ფოსტალიონები, რომლებიც ივანიშვილს ამერიკელი კონგრესმენებისგან მთავარ გზავნილებს ჩამოუტანენ.
იმედი მაქვს, რომ თალაკვაძეები და კობახიძეები სწორად გაიგებენ, რა უთხრეს ამერიკელებმა და თბილისში სწორ მესიჯებს ჩამოიტანენ. ასევე იმედი მაქვს, რომ ამ მესიჯებიდან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილი ქვეყნისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებას მიიღებს.
_ აღნიშნეთ, რომ კომკავშირლებს ივანიშვილი პოლიტიკურ სამარეში არ ჩაჰყვებაო. ჯერჯერობით ის აშკარად მათ მხარესაა. ეს კომკავშირლები გასულ კვირას დაჟინებით ამტკიცებდნენ, რომ შემოდგომაზე დაგეგმილ არჩევნებზე 60%-ს აიღებენ. ამ შედეგის დაწერას ხომ არ აპირებენ?
_ არა მგონია. ისეთი განცდა მრჩება, რომ თალაკვაძეებმა და კობახიძეებმა თავადაც არ იციან, თუ რას ლაპარაკობენ. მათთვის არც ისაა წინასწარ ცნობილი, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ბიძინა ივანიშვილი. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. რაც შეხება 60%-ს, როცა ამას ახსენებს, 60-ჯერ დააკაკუნოს მაგიდაზე ხელი კობახიძემ, მერე სამზარეულოში ან აბაზანაში შევიდეს, მოუშვას ონკანი, 60-ჯერ მოყვეს ნანახი სიზმარი და წყალს გაატანოს.
„ქართულ ოცნებას“ თუ ჰგონია, რომ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების რაოდენობა იმ 60 „ნაცით“ შემოიფარგლება, რომელიც პარლამენტთან ყვირის, ძალიან შემცდარა. ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ ადამიანთა რიცხვი საქართველოში თანდათან იზრდება. ამიტომ მეეჭვება, „ოცნების“ ლიდერი ამ სიტუაციას ადეკვატურად არ აღიქვამდეს. ის აუცილებლად გაითვალისწინებს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისა და ქართული საზოგადოების მოთხოვნებს და ამის შემდეგ მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას.
_ ამბობთ, „ოცნების“ მიმართ კრიტიკულად განწყობილი ხალხის რაოდენობა თანდათან იზრდებაო. მმართველმა პარტიამ შეძლო შეუძლებელი და „ნაციონალების“ გვერდით ქუჩაში ის ხალხი დააყენა, ვისაც წინა ხელისუფლება დასანახად ეზიზღებოდა და მთელი ის 9 წელი მათთან ბრძოლაში იყო. ამას ხომ მოხერხება უნდა?
_ გახსოვთ, ალბათ, თუ როგორი განწყობა იყო ხალხში „ნაცების“ მიმართ 2012 წელს. მაშინ ვინმეს რომ ეთქვა, რვა წელიწადში ის ადამიანები, რომლებიც ახლა „ნაცებთან“ ერთად დგანან, ივანიშვილს დაუპირისპირდებიანო, მას შეურაცხადად გამოაცხადებდნენ. ადამიანებს სულ სხვა მოლოდინი ჰქონდათ, მაგრამ რეალობა სულ სხვა აღმოჩნდა და დღეს ის ხალხი, რომელსაც „ოცნების“ მოყვანაში დიდი წვლილი მიუძღვის, „ნაცებთან“ ერთად ხელისუფლების წინააღმდეგ მოწყობილ აქციებზე დგას.
დავაკვირდეთ ერთ რამესაც: ვისაც ეყრდნობოდა ბიძინა ივანიშვილი და ვინც მართლა რამეს წარმოადგენდა „ქართულ ოცნებაში“, არც ერთი ასეთი ადამიანი მის გვერდით აღარ დგას.
_ თქვენც იმ ვერსიას იზიარებთ, რომ ბიძინას პარტიაში ინგლისურისა და კომპიუტერის მცოდნე აღარავინ დარჩა?
_ ეს ხუმრობით იყო ნათქვამი, თუმცა ვინც მართლა რამეს წარმოადგენდა, აღარავინ არის „ქართულ ოცნებაში“. ბიძინა ივანიშვილის გვერდით მხოლოდ რადიატორები დარჩნენ.
_ რას გულისხმობთ?
_ ისინი, ვინც დღეს ივანიშვილის გვერდით დარჩნენ, ვალოდია ჯინჭარაძეებიც კი არ არიან. მე მათ რადიატორებს ვეძახი და სრულიად დამსახურებულად. „რადიატორების“ იმედად ყოფნა არ შეიძლება. მერე ეს „რადიატორები“ უცებ „გლადიატორებად“ იქცნენ და ბიძინა ივანიშვილს „დაუპირისპირდნენ“, მაგრამ რადიატორების იმედად დარჩენილი „ოცნების“ ლიდერი ფონს ვერ გავა და ყოველივე ეს კატასტროფით დასრულდება.
_ უკმაყოფილო ხალხზე რას იტყვით?
_ უკვე გითხარით, რომ უკმაყოფილო ადამიანების რიცხვი იზრდება. კი ითვლის ირაკლი კობახიძე, ჩვენ ამდენი პროცენტი გვაქვს, „ნაცებს“ _ იმდენი, „ევროქოცებს“ _ ამდენი, ხაზარაძეს _ იმდენიო, მაგრამ ეს მხოლოდ თვითდამშვიდებაა და მეტი არაფერი. ხალხის განწყობის გასაგებად, უბრალოდ, გავიდნენ ქუჩაში და ხალხს დაელაპარაკონ, ნახავენ, რას ფიქრობს მათზე მოსახლეობა.
სამწუხაროდ, ესენი ხალხის აზრის გაგებასაც ვერ შეძლებენ, რადგან ხალხში არ დადიან. შავი ჯიპებით გადაადგილდებიან და დაბურული შუშებიდან იყურებიან. აბა, შევიდნენ ბაზარში, ავიდნენ ავტობუსში. ჩასხდნენ ტაქსიში, იარონ ფეხით ქუჩებში _ მაშინვე ნახავენ, როგორი განწყობა აქვს ხალხს „ქართული ოცნების“ მიმართ. ეს უკმაყოფილება ყოველდღიურად იზრდება. და აქ არაფერ შუაში არ არის არც გრიშა და არც სააკაშვილი მიშა. ეს უკანასკნელი, პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ რაც დრო გადის, კიდევ უფრო აფრენს და არაადეკვატური ხდება. მისი არაადეკვატურობიდან გამომდინარე, უკვე აღრც ის ფორმულა იმუშავებს, ჩვენ თუ არ აგვირჩევთ, სააკაშვილი დაბრუნდებაო.
ვისაც ამ ზღაპრის კიდევ სჯერა, მათი რიცხვი სულ უფრო მცირდება, სამაგიეროდ, იზრდება ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების რიცხვი. კიდევ ერთხელ ვამბობ: პრობლემა არ არის ოპოზიციაში, პრობლემა არის ხელისუფლებაში. ოპოზიცია ისეთი ძლიერი რომ იყოს, ივანიშვილის დამარცხება შეეძლოს, კიდევ გასაგები იქნებოდა ყველაფერი.
_ ოპოზიციას არ შეუძლია ივანიშვილის დამარცხება?
_ არა. აქ მთავარია ხალხი, რომელიც ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად არის განწყობილი და რომელიც მას აუცილებლად დაუპირისპირდება. ბიძინა ივანიშვილმა, პირველ რიგში, ამას უნდა მიაქციოს ყურადღება და კომკავშირლების განცხადებებით თავი არ უნდა დაიმშვიდოს. თალაკვაძე და კობახიძე კომკავშირლებიც კი არ არიან. მათ უფრო ნორჩი ლენინელობა შეეფერებათ, ისე, ოქტომბრელობაც მოუხდებათ. დარწმუნებული ვარ, მათ ნაბოდვარზე „ოცნების“ ლიდერი იცინის კიდეც.
თუმცა სიტუაცია ძალიან სერიოზული და რთულია. ამ სიტუაციას სასწრაფოდ სჭირდება შემობრუნება. ადეკვატური რეაქციებია საჭირო და სტრატეგიულ პარტნიორთან დაძაბული ურთიერთობების გამოსწორება.
_ ხომ გაუშვა ივანიშვილმა ხალხი ვაშინგტონში დასალაგებლად?
_ ეგენი თავის სამზარეულოს ვერ დაალაგებენ, მაგათ იმედად როგორ შეიძლება, ვინმე იყოს?! ამ ხელისუფლების ეფექტიანობაზე ზუგდიდის ბოტანიკურ ბარში შექმნილი ვითარებაც კარგად მეტყველებს. სააგენტო „თაიმერმა“ ინფორმაცია გაავრცელა, რომ ზუგდიდის განახლებული ბოტნიკური ბაღის ნაწილი წყლის გუბეებით ივსება. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ ბაღში არსებულ გუბეებთან დაკავშირებით საქმის კურსში იმყოფებიან და პრობლემის მოგვარებაზე აქტიურად მუშაობენ. შეგახსენებთ, რომ ამ ბაღის განახლება ბიუჯეტს 12 მილიონი ლარი დაუჯდა.
თქვენი გაზეთის მეშვეობით მინდა, მივმართო ხელისუფლების წარმომადგენლებს: ბატონებო, თავის დროზე, კომუნისტებმა ტრაქტორით გადახნეს ბოტანიკური ბაღის ტერიტორია, რათა იტალიელი მებაღე-დეკორატორების მიერ გაკეთებული სადრენაჟე მეურნეობა, როგორც ბურჟუაზიული გადმონაშთი, გაენადგურებინათ.
მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, ამ წლების განმავლობაში ვინ არ ცდილობდა, მიზანმიმართულად გაეჩანაგებინა, გაესხვისებინა და საბოლოოდ, პირვანდელი იერსახე წაეშალა და მიწისაგან პირისა აღეგავა ეს მართლაც უნიკალური ბოტანიკური ბაღი და სამუზეუმო კომპლექსი.
და აი, დადგა ნანატრი დღე, _ „ოცნების“ ხელისუფლებამ დაიწყო ბოტანიკური ბაღისა და ნიკოს სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები, თუმცა შედეგი სახეზეა! სააგენტო „თაიმერის“ მიერ მოწოდებული ფოტომასალა ცხადყოფს, რომ ბოტანიკურ ბაღში 12 მილიონად შეფასებული სარეაბილიტაციო სამუშაოები არასათანადო დონეზეა შესრულებული და ბოტანიკური ბაღის ტერიტორია წყლის გუბეებით არის გადავსებული.
აქვე მინდა, ჩემი მოკრძალებული აზრი გამოვთქვა რეაბილიტირებულ ბოტანიკურ ბაღზე, რომელიც მომიტევეთ და თავისი განათებებით, მოსასვენებელი ადგილებით, ატრაქციონებით და სხვა „ღირსშესანიშნაობებით“ უფრო კომკავშირულ პარკს ჰგავს, ვიდრე დადიანისეულ ბოტანიკურ ბაღს! რაც შეეხება ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით ნიკოს სასახლეში ჩატარებულ სამუშაოებს, მინდა ვთქვა, რომ აქაც სრული კატასტროფაა! ბატონებო, ნიკოს სასახლეს რესტავრაცია სჭირდება და არა ევრორემონტი! ერთი სიტყვით, სამწუხაროა, რომ ხელისუფლებას არ აღმოაჩნდა არც ცოდნა და არც კომპეტენცია, რათა მაღალ დონეზე განეხორციელებინა ბოტანიკური ბაღისა და სამუზეუმო კომპლექსის სრული რეაბილიტაცია!

ავტორი: შორენა მარსაგიშვილი

“ქრონიკა+”

banner
წინა სტატიაშიირინა სარიშვილი: ამერიკელების წერილები ვერ გვიშველის – ერთი ნაბიჯია დარჩენილი – რუსეთის ჯარების შემოყვანა და რუსული გუბერნია ვართ!
შემდეგი სტატიანინო წილოსანი: ყველასთვის მიუღებელია ჩვენი გადასახადებიდან 50 მილიონის გაფლანგვა