კახა მიქაია: “ბიძინა ივანიშვილი “ოცნებას” ეკაიფება”

კახა მიქაია: “ერთხელაც იქნება და ხალხი ხელისუფლებას სისულელეებს აღარ აპატიებს”

მმართველი გუნდის წევრებს უცნაური განცხადებები დასჩემდათ. გასულ კვირას `ქართული ოცნების~ ორმა დეპუტატმა ისეთი რამეები თქვეს, ყველაფრის გამპრავებელი მეოცნებეებიც კი მათ ლანძღვა გინებაში არიან. ისნის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ გლეხებს გაუნათლებლები ეძახა, დმანისის მაჟორიტარმა კახა ოქრიაშვილმა კი იმის გამო გამოთქვა უკმაყოფილება, რომ ხალხს 10-ლარიანი წამალი ძვირი ეჩვენება.
“დაიცავი საქართველოს”  ერთ-ერთი დამფუძნებელი კახა მიქაია ამბობს, რომ სულელური განცხადებების გაკეთებაზე “ოცნების” წევრებს მწვანე აქვთ ანთებული. მისი აზრით, ხალხს ეს ყველაფერი ყელში ამოუვა და “ოცნება” საკადრის პასუხს მიიღებს.
ვინ აძლევს მათ ამის ნებას, ვისზე და რატომ კაიფობს ბიძინა ივანიშვილი, სადამდე გაგრძელდება მისი გართობა? _ ამის შესახებ “ახალ თაობას” კახა მიქაია ესაუბრება.
_ ბატონო კახა, წინა კვირას მმართველი გუნდის წევრებმა უცნაური განცხადებებით გაგვანებივრეს. ერთმა დეპუტატმა გლეხებს განათლება დაუწუნა, მეორემ აღნიშნა რომ 10-ლარიანი წამალი იმას ეჩვენება ძვირი, ვისაც დაბალი შემოსავალი აქვსო. ამას საზოგადოების დიდი აღშფოთება მოჰყვა. თქვენ რას იტყვით ამაზე?
_ ცხადია, მეც აღვშფოთდი, მაგრამ სიმართლე თუ გინდათ, ამათგან ეს `სიბრძნეები~ არ გამკვირვებია. არ გამკვირვებია, მაგრამ მიმაჩნია, რომ პასუხი მაინც უნდა გავცე.
მაშ ასე, დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა, რომ `გლეხს სწავლა რომ უყვარდეს, ის გლეხი არ იქნებოდა~. მივმართავ ჩემს ძვირფას გლეხებს, დაუჯერეთ რა, თავადიშვილ ჭიჭინაძეს გლეხებო და შეიყვარეთ სწავლა, თორემ დარჩებით გლეხებად და სანამ ცხოვრებაში საკუთარ ადგილს მიაგნებდეთ, შეიძლება ფეხებიც გაფშიკოთ.
ხომ ხედავთ, თავის დროზე როგორ გაითვალისწინეს თავადიშვილ ჭიჭინაძის რჩევა ჭორვილელმა, სამტრედიელმა და კოკელმა გლეხებმა და კიდევაც იპოვეს თავისი ადგილი ცხოვრებაში…
ასეა ძმაო. ხომ გახსოვთ პროლეტარიატის ბელადმა თავად ჭიჭინაძესთან ერთად რა გვიანდერძა -სწავლა სწავლა და სწავლა! გლეხებმაც ისწავლეს და გახდნენ თავადიშვილები. დააკვირდით, რამდენი ნასწავლი გლეხია დღეს პარლამენტში ან მთავრობაში. თანაც, როგორი ნასწავლი გლეხები _ თავად ამერიკელები რომ სწავლობენ მათგან ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას _ აბააა?!
_ რას სწავლობენ ამერიკელები მათგან?
_ არ იცით? გასულ წელს თავადიშვილმა ჭიჭინაძემ დაამადლა გლეხუჭა ამერიკელებს _ ჩვენ რომ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროგრამა არ დაგვეწერა, რა გეშველებოდათ, თქვე კეთილებაფეთქებულებოო.
ისევ ჩვენს გლეხებს მივმართავ, დაიკაპიწეთ ახლა ხელები და ისწავლეთ ფაროსანასთან ბრძოლა და ფაროსანასავით გამრავლდით ნასწავლო გლეხებო და ამ სწავლაში კარგი მანერებიც თუ დაამხეცეთ, 2018 წლის არჩევნებში შეიძლება პრეზიდენტობასაც გამოჰკრას ხელი რომელიმე თქვენგანმა.
_ იმედია, გაითვალისწინებენ გლეხები თქვენს რჩევას, მაგრამ აი წამლების სიძვირე როგორ არ შეიმჩნიოს საზოგადოებამ. დეპუტატი ოქრიაშვილი ამბობს, რომ საქართველოში წამლები იაფია და იმათ ეძვირებათ, ვისაც დაბალი შემოსავალი აქვთო.
_ მართალია ოქრიაშვილი, ვის რა გონია და ვის რა. გახსოვთ ალბათ, ზაზა ხუციშვილსაც როგორ ეგონა, ლარის კურსის ვარდნის მიუხედავად, დოლარის ლარებში გადახურდავების შედეგად ბევრი ლარი რომ რჩებოდა და გახარებული იყო კაცი. ამ შემთხვევაშიც თითქმის იგივე ,,პრობლემის~ წინაშე ვართ, თუ ოქრიაშვილისთანა შემოსავალი გაქვს, მაშინ 10 ლარი რა ფულია, მაგრამ თუ არ გაქვს?!
მინდა მივმართო დეპუტატს, უმრავლესობას არა აქვს ფული ჩემო კახაბერ და ამიტომ ჰგონია, რომ 10 ლარი დიდი ფულია… თუმცა, მერე რა?!
მთავარია, შენნაირებს როგორ გგონიათ, რადგან შენნაირები არიან დღეს ,,ცვეტში,~ აბა დაბალშემოსავლიანებს რა ჰგონიათ, ნაკლებად საინტერესოა, ასე რომ, ეგონოთ დაბალშემოსავლიანებს, რომ ათი ლარი ფულია და იყვნენ თავისთვის, რას ერჩი?!…
ოპტიკური ტყუილივითააო ბრძანებს ოქრიაშვილი, ჩვენთან მედიკამენტები ძვირი არა, იაფიაო, აქაც ოპტიკურად მართალია ეს კაცი და, საერთოდ, ცხოვრებაში ოპტიკაა მთავარი…
მოდი, ახლა კახაბერ, შენზე ბევრად მაღალშემოსავლიან კაცს ვკითხოთ, არის თუ არა 10-ლარიანი მედიკამენტი ძვირი? მიმიხვდით, ალბათ, ვისზე ვსაუბრობ!
_ ივანიშვილს გულისხმობთ?
_ მას ვგულისხმობ და იმ კაცის სავარაუდო პასუხი ამ კითხვაზე ოქრიაშვილისთანა მაღალშემოსავლიანებისთვის მიმინდვია.
ისევ დეპუტატს მინდა მივმართო და ვუთხრა, ,,იტოგში,~ ჩემო კახაბერ, ბანკირების საქართველოში ძვირად ფასობს სოლიდარობა, თანაგრძნობა, სინანული, უანგარობა და ასეთი რაღაცები, თორემ მაღალტექნოლოგიური პროცესის შედეგად მიღებულ პეესპე-ს 10-ლარიან მედიკამენტებს როგორმე აუვა კაცი, ამიტომ ოპტიკურ ტყუილში რომ არ დავრჩეთ, იქ, შენთან, პარლამენტში, შენს მაღალშემოსავლიან მეგობრებს უთხარი (როგორც ერთ დროს დაარწმუნე 2024 წლამდე არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადაუსვლელობის აუცილებლობაში), გადასახადები შეამცირონ, პრემიები და დანამატები მოიკლონ, სამუშაო ადგილები შექმნან და ამით დაბალშემოსავლიანებს შემოსავალი მცირედით მაინც გაუდიდონ, შენი აფთიაქის ,,დაბალფასიანი~ მედიკამენტების შესაძენად.
თანაც, შეახსენე, უმრავლესობაში მყოფო მაღალშემოსავლიანებო, ხომ იცით, აქ, ამ სკამებზე, გარეთ, უმრავლესობაში დარჩენილი დაბალშემოსავლიანების წყალობით ვსხედვართ-თქო.
_ ამ დაბალშემოსავლიანების აზრი მათ საერთოდ არ აინტერესებთ და ამიტომაც მოუხშირეს ასეთ განცხადებებს. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ სულელურ განცხადებებს ხალხის გასაღიზიანებლად შეგნებულად აკეთებენ.
_ დაბალშემოსავლიანების აზრი არ აინტერესებთ, რაც შეეხება სისულელეების ლაპარაკს, ასეთ განცხადებებს იმიტომ აკეთებენ, რომ სულელები არიან. სულელი ჭკვიანურ განცხადებას ვერ გააკეთებს.
_ კარგით, ვთქვათ, ისინი ვერ აცნობიერებენ, რასაც ამბობენ, მაგრამ გარშემომყოფები რატომ არ აჩუმებენ?
_ ვინ უნდა გააჩუმოს? ეგენიც მაგათნაირი სულელები არიან და ეს განცხადებები დიდ სიბრძნედ ეჩვენებათ. მთელ ამხელა `ოცნებაში~ მარტო ერთი კაცია ჭკვიანი, რომელსაც ამათი გაჩერება შეუძლია.
_ ვინაა ეს ჭკვიანი?
_ ვინ იქნება? ბიძინა ივანიშვილი. მარტო მაგას მოეკითხება იქ ჭკუა.
_ ჭკუა თუ მოეკითხება და ამათი გაჩერებაც შეუძლია, ვერ გააჩერებს?
_ რატომ უნდა გააჩეროს. სულელების გარემოცვაშია და ამათზე კაიფობს. დიახ, ბიძინა ივანიშვილი `ოცნებას~ ეკაიფება. ამათ ჰგონიათ, რომ რაკი ის კაცი ხმას არ იღებს, მოსწონს მათი განცხადებები, სისულელეებს სისულელეებზე ამბობენ. ერთხელად იქნება, ხალხს ეს სისულელეები ყელში ამოუვა და ხელისუფლებას სათანადო პასუხს გასცემს.

 

წყარო: “ახალი თაობა”

შორენა მარსაგიშვილი.

banner
წინა სტატიაში“ვარკეთილის” ჭერი მერიას არ დაუკვეთავს – სატრანსპორტო სამხურის უფროსი
შემდეგი სტატიასასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ ყაზახეთის რესპუბლიკის დელეგაციას უმასპინძლა