კახა მიქაია: 5 ივლისის მოვლენები ქართული საზოგადოების კონსერვატიული ნაწილის დისკრედიტაციის მცდელობა იყო

სამოქალაქო აქტივისტი კახა მიქაია დარწმუნებულია, რომ 5-6 ივლისის მოვლენების უკან კრემლი დგას. მისი თქმით, ძალადობა, რომელიც ვიხილეთ ხელისუფლების მიერ იყო წაქეზებული. „თაიმერს“ ის ესაუბრება იმაზე, თუ რატომ არის დასაგმობი საზოგადების მხრიდან ნებისმიერი ძალადობა.

კახა მიქაია: ეს იყო ქართული საზოგადოების, განსაკუთრებით მისი კონსერვატიული ნაწილის, დისკრედიტაციის მცდელობა, რომელიც დაიგეგმა კრემლში და რომლის შემსრულებლები იყვნენ ხელისუფლება, საპატრიარქო და ეს ეგრეთწოდებული ჰომოფობიური ჯგუფები.
აქვე, მინდა, სოლიდარობა გამოვუცხადო ნაცემ ჟურნალისტებს, ბავშვებს, რომლებიც დაზარალდნენ ამ მოვლენების დროს და განსაკუთრებით სოლიდარობა მინდა გამოვუცხადო, ხელისუფლების მიერ სახეახეულ საქართველოს პოლიციას.

– საკმაოდ მძიმე სანახავი იყო ევროკავშირის დროშის დაწვა. ეს თქვენი აზრით რისი მანიშნებელია?

– დღევანდელ ხელისუფლებაში, რომელიც კრემლის დავალებების შემსრულებელია, არიან ადამიანები, რომელთა მდგომარეობაში შევდივარ და მათთან ერთად ვწუხვარ, რომ ისინი იძულებით არიან ამ ხელისუფლების ნაწილი.
ასევეა საპატრიარქოშიც, საპატრიარქოში არიან პატიოსანი ღვთისმსახურები, რომლებიც გრძნობენ და განიცდიან იმას, რაც ხდება საქართველოში.
რაც შეეხება ევროკავშირის დროშის დაწვას, მინდა, ერთი რამ გაგახსენოთ, რამდენი წელია, რუსთაველზე წყდება საქართველოს ბედი. ცხრა აპრილი საზოგადოების ცნობიერებაში დარჩა ყველასთვის ცნობილი კადრით, როდესაც ქართველი ახალგაზრდა ჯოხს ურტყამს რუსულ ტანკს. მაშინ ეს იყო ქართული ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის და ქართული საზოგადოების მესიჯი მთელ მსოფლიოს, რომ ჩვენ ვიბრძვით თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის და აი, ეს ჟესტი იყო ამ ბრძოლის გამოხატულება! დღევანდელი რუსთაველი კი, საზოგადოების ცნობიერებაში დარჩება ეროვნული დროშის ტარით ნაცემი ჟურნალისტით, ბავშვით, ეროვნული დროშის ტარით დამტვრეული ჟურნალისტის კამერით და პარლამენტის წინ ჩამოხეული ევროკავშირის დროშით.

შეადარეთ!!!

მე ვფიქრობ, რომ ქართულმა საზოგადოებამ და, განსაკუთრებით მისმა კონსერვატიულმა ნაწილმა,- ამას ხაზს ვუსვამ, რადგან საზოგადოებაში არის, როგორც კონსერვატიული, ისე ლიბერალური ნაწილი და მათი თანაცხოვრება გარდაუვალია, აუცილებლად უნდა დაგმოს კრემლის ეს პროვოკაცია, მიმართული ქართული სახელმწიფოებრიობისა და საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ. პრაიდის გამართვა, მასთან დაკავშირებული პრობლემები, მეათეხარისხოვანი ხდება, რადგან წინა პლანზე წამოიწია ისეთმა პრობლემებმა, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენს სახელმწიფოებრიობასა და დამოუკიდებლობას.

_ ყველა ამბობს, რომ ამ ძალადობის უკან იდგა ხელისუფლება. ხელისუფლების წარმომადგენლები გმობენ ძალადობას. საზოგადოება ამას ცინიზმის გამოვლინებად მიიჩნევს. თქვენ რას იტყვით?

მომხდარის შემდეგ, ხელისუფლებისა და საპატრიარქოს წარმომადგენელთა მიერ რუსთაველზე განხორციელებული ძალადობის დაგმობა არის ცინიზმი და ფარისევლობა!
ღარიბაშვილის და კობახიძის განცხადებების გულწრფელობის არავის არ სჯერა, მარტივი მიზეზის გამო, საპატრიარქოსთან ერთად, ისინი თავად იყვნენ ძალადობის დამგეგმავნი და სულისჩამდგმელნი.
რაც შეეხება კრემლს,
მან უნდა იცოდეს, რომ ვასაძიზაცია, ფალავანდიშვილიზაცია, პუტინიზაცია, სოლოვიოვიზაცია და დუგინიზაცია საქართველოში არ გამოვა!

-ამაში დარწმუნებული ხართ?

– საქართველო საბოლოოდ, აუცილებლად იქნება დიდი ევროპული სახლის სრულუფლებიანი წევრი!

…და კიდევ ერთი,
მინდა, გავახსენო საზოგადოებას ივანიშვილის ერთ-ერთი პრემიერთაგანის განცხადება, “სეკულარიზმის ადგილი არ არის საქართველოში”. რითი განსხვავდება კვირიკაშვილის ეს განცხადება ან ვასაძის, ან პუტინის ან დუგინის ან სალავიოვის ან ფალავანდიშვილის განცხადებებისგან. მეგობრებო, ძნელად, მაგრამ თანდათან მაინც სრულდება კრემლი საქართველოში! რაც შეეხება გარყვნილებას, რუსეთზე გარყვნილი სახელმწიფო დედამიწაზე არ არის და რუსეთზე გარყვნილი ხელისუფლება არცერთ ქვეყანას არ ჰყავს!
მე, როგორც კონსერვატორი, ვარ წინააღმდეგი პრაიდის რუსთაველზე გამართვის,
მაგრამ როგორც ევროპულ ცივილიზებულ ქვეყნებში ხდება, ამის გაპროტესტება უნდა ხდებოდეს ძალადობის, დროშის ტარების ქნევის, ბავშვების ცემების და ჰომოფობიური გამოვლინებების გარეშე!
ევროპაშიც იმართება მრავალათასიანი მიტინგები პრაიდის წინააღმდეგ, მაგრამ იქ არ ცემენ ბავშვებს, არ შეურაცხყოფენ ადამიანებს, არ ასრულებენ სხვა ქვეყნის დავალებებს, არ აყენებენ საკუთარი ქვეყნის სახელმწიფოებრიობასა და მის იმიჯს კითხვის ნიშნის ქვეშ! ღარიბაშვილის განცხადება ნიშნავდა ჰომოფობიური ჯგუფების წახალისებას. ხელისუფლების, საპატრიარქოს და ჰომოფობიური ჯგუფების ქმედებამ მოახდინა ქართული სახელმწიფოს იმიჯის შელახვა მსოფლიოს თვალში, ჩვენი პარტნიორების თვალში და, რაც მთავარია, საქართველოში უმრავლესობაში მყოფი კონსერვატიული საზოგადოების დისკრედიტაცია, რომელიც გამოირჩევა ტოლერანტულობითა და შემწყნარებლობით.

ეს იყო შეგნებული ქმედება და ეს იყო კრემლის მიერ დაგეგმილი.
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, შევარდნაძის, სააკაშვილის, ასლან აბაშიძის და დღევანდელმა ხელისუფლებამ, ძალადობა აიყვანა სახელმწიფოებრივი პოლიტიკის რანგში. ძალადობა გახდა მთავარი იარაღი ოპონენტის წინააღმდეგ ბრძოლისა. სამწუხაროა ისიც, რომ ამ ძალადობის თანაზიარი იყო და არის საპატრიარქოც!
ვერ გავიზიარებ, მავანის მტკიცებას, თითქოს საპატრიარქო არ მონაწილეობდა რუსთაველზე დაგეგმილ ძალადობაში.

გასული საუკუნის 90-იან წლებში, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობა და სახელმწიფო გადატრიალება, რომელიც ასევე კრემლში დაიგეგმა, სწორედ საპატრიარქომ აკურთხა! საპატრიარქო, შევარდნაძის ხელისუფლებასთან და ჯაბა იოსელიანის ბანდებთან ერთად, გახდა ძალადობის აპოლოგეტი და მაშინ დაიწყო სახელმწიფო პოლიტიკის რანგში ძალადობის აყვანა ჩვენს ქვეყანაში.

 

“თაიმერი”

banner
წინა სტატიაშივოლსკი ევროკავშირის ფინანსურ დახმარებაზე: ეს არის პოლიტიკური გზავნილი ყველასთვის, რომ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ქვეყნისთვის
შემდეგი სტატია“მათი მხრიდანაც იყო რაღაცა…იყვნენ არაპროფესიონალები”- ძალადობაში ბრალდებულის ადვოკატი ჟურნალისტებზე