კახა კუკავა – სისტემა, რომელმაც ზვიად გამსახურდია მოკლა, არ შეცვლილა

სისტემა, რომელმაც ზვიად გამსახურდია მოკლა, არ შეცვლილა და კარგად თუ გადავხედავთ, არც სახელები და გვარები შეცვლილა, – ამის შესახებ „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა, კახა კუკავამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ამ ქვეყანაში პირველი პირები იცვლებიან, თორემ საშუალო და გადაწყვეტილების მიმღებ იერარქიაში ისევ ის ადამიანები არიან. რომ გადავხედოთ მთავარ პროკურატურას და სპეცსამსახურების უმაღლეს ჩინოვნიკებს, იქ რამე რევოლუციური ცვლილება არ მომხდარა და რეალურად, მათთვის ეს საქმე ისაა, ოჯახი როგორ გააჩუმონ, ან არ გააპროტესტებინონ. ზვიად გამსახურდიას შვილებს პოზიცია საერთოდ რომ არ გამოეხატათ, სახელმწიფოს ეს საქმე უნდა დაეხურა და რომელიღაც იქს პროკურორი, ან გამომძიებელი დადგენილებას ხელს მოაწერდა? ეს ნონსენსია“, – განაცხადა კახა კუკავამ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, შესაძლოა თუ არა, საქმის შეფერხების ერთ-ერთი მიზეზი მტკიცებულებათა არასრულყოფილი ერთობლიობა იყოს, კახა კუკავამ განაცხადა, რომ თუ ეს ასე იქნებოდა, საქმე დაიხურებოდა.

„ჩემი წარმოდგენით, რაც ნაწილობრივ, საქმის მასალებშიც არის, ზვიად გამსახურდიას მკვლელობას წინ უსწრებდა მისი დევნის საკმაოდ ხანგრძლივი ოპერაცია, რომელშიც დაახლოებით, რამდენიმე ასეული ადამიანი მაინც იყო ჩართული. აქედან გამომდინარე, ამ საქმის გახსნა შეუძლებელია ისე, რომ ერთი არ აყვირდეს და კვალი ხუთას ადამიანზე არ გავიდეს. მათ შორის, იმ მაღალი თანამდებობის პირებიდან ზოგი შეიძლება, დღეს ცოცხალიც აღარ არის, მაგრამ ბევრი ცოცხალი იქნება“, – განაცხადა კახა კუკავამ.

მისი თქმით, ისევე, როგორც სხვა გახმაურებულ მკვლელობებში, სავარაუდოდ, ამ მკვლელობაშიც, როგორც მინიმუმ, ერთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახური მონაწილეობდა.

„შეიძლება, დღეს, ხელისუფლების წარმომადგენლები ამასაც არიდებდნენ თავს. არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ამ საქმეში არის რაღაც ისეთი, რის გამოც ხელისუფლებას მისი ბოლომდე მიყვანა არ უნდა“, – განაცხადა კახა კუკავამ.

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა, ხვალვე გამოვიდეს, განცხადება გააკეთოს და მის მიერ ზეპირად გამოცხადდეს ოფიციალური გარანტია, რომ კანონი ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების ხანდაზმულობის ვადის გაგრძელების შესახებ მომავალ კვირაში იქნება მიღებული, რადგან ადამიანები შიმშილობენ და ყოველი დღე მნიშვნელოვანია.

„ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ახლა, სასწრაფოდ არის გასაკეთებელი. მეორე ისაა, რომ ამ საქმისთვის სპეციალური, დამოუკიდებელი პროკურორი უნდა დაინიშნოს. ასეთი რანგის საქმეებში ეს მსოფლიო პრაქტიკაა და როდესაც ხანდაზმულობის ვადა გაგრძელდება, უნდა დაინიშნოს სპეციალური პროკურორი, რომელიც ნდობით იქნება აღჭურვილი და ამ საქმეს მთავარი პროკურატურის დერეფნების ბიუროკრატიიდან გამოიტანს“, – განაცხადა კახა კუკავამ.

banner
წინა სტატიაშიტრამპს ავღანეთში სამხედრო კონტიგენტის შემცირება სურს
შემდეგი სტატია,,გამოიძიე ღირსების საქმე,, – ზუგდიდში აქცია გაიმართა (ვიდეო)