კახა კუკავა პრეზიდენტობის კანდიდატობას ბიზნესმენ ლევან ვასაძეს სთავაზობს

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა პრეზიდენტობის კანდიდატობას ბიზნესმენ ლევან ვასაძეს სთავაზობს.

რაც შეეხება ფაქტს, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კანდიდატად პარტიამ უკვე კახა კუკავა წარადგინა, კუკავა აცხადებს, რომ ეს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურის ნაწილია.

„რაც შეეხება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შეტანილ განაცხადს, ეს არის კანონის მოთხოვნა, რათა ბლანკები აიღო და დაიწყო ხელმოწერების შეგროვება. აუცილებელია ასეთი განაცხადის შეტანა. ეს იურიდიული პროცედურაა“, – განაცხადა კახა კუკავამ.

მისივე თქმით, საპრეზიდენტო კანდიდატობაზე პარტიაში ამ დრომდე მიმდინარეობს კონსულტაციები, მათ შორის, ბიზნესმენ ლევან ვასაძესთან. ვასაძისგან უარის მიღების შემთხვევაში კი, პრეზიდენტობისთვის დიდი ალბათობით თავად კახა კუკავა იბრძოლებს.

„საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატთან დაკავშირებით, ვიქნები მე თუ ვინმე სხვა ჩვენი პარტიიდან, მომავალ კვირას მივიღებთ. გადაწყვეტილი გვაქვს, რომ „თავისუფალი საქართველო“ აუცილებლად მიიღებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას. კანდიდატს რაც შეეხება, პირადად შევთავაზეთ და სოციალურ ქსელებშიც აქტიურად განიხილებოდა ლევან ვასაძე. გვაქვს კონსულტაციები სხვა კანდიდატებთანაც“, – განაცხადა კახა კუკავამ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებით, კახა კუკავა საპრეზიდენტო კანდიდატადაა წარდგენილი და განაცხადი ცესკო-ში პარტია „თავისუფალმა საქართველომ“ წარადგინა.

ამ დროისთვის, ცესკო-ში პრეზიდენტობის 14 კანდიდატია წარდგენილი, მათ შორის, დავით უსუფაშვილი, დავით ბაქრაძე და შალვა ნათელაშვილი.

საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიმეხის ჩამოვარდნამ გლოლის ტყეში ხანძარი გამოიწვია
შემდეგი სტატიახობში, მდინარის მარჯვენა სანაპიროზე ტურისტული ზონა გაიხსნა