კახა კუკავა – “ევროპული საქართველო“ ხელისუფლებასთან უნისონში თავს ესხმის “რუსთავი2“-ს

გიგა ბოკერიას გუნდის განცხადება “რუსთავი2“-ის წინააღმდეგ წარმოადგენს ამ პარტიის, როგორც ხელისუფლებასთან უნისონში მომუშავე ჯგუფის, კიდევ ერთ აშკარა ლუსტრაციას, – აღნიშნული განცხადებით პარტია “თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა “ევროპული საქართველოს“ მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება.

“როგორც ჩანს, ბატონ ბოკერიას არ აკმაყოფილებს, რომ მხოლოდ მისი და სამთავრობო პარტიის აქტივობებს მთლიანად და ექსკლუზიურად ეთმობა “იმედის“, “პირველი არხის“, “მაესტროს“ და საქართველოს თითქმის ყველა ცენტრალური არხის ეთერი და სურს, თავისი მონოპოლიური მდგომარეობა “რუსთავი 2“-ზეც განავრცოს. კომიკურია, რომ “ევროპული საქართველოს“ გაღიზიანება გამოიწვია NDI-ის კვლევის შედეგებმა, რომლის მიხედვითაც, ამ პარტიას 4%-იანი მხარდაჭერა აქვს. ბოკერიას ეცოტავა 4%, რომელიც სინამდვილეში 10-ჯერ მაინც აღემატება მისი პარტიის რეალურ რეიტინგს (რაც შეეხება არჩევნებზე ნაჩვენებ შედეგს – ეს მთლიანად ბიძინა ივანიშვილის, სუს-ის და ბატონი კეზერაშვილის დამსახურებაა). იმის მიუხედავად, რომ ჩვენი პარტია, “თავისუფალი საქართველო“ არ განეკუთვნება იმ პოლიტიკურ ორგანიზაციებს, რომელიც ხშირად ხვდებიან “რუსთავი2“-ის საინფორმაციო სივრცეში, ეს ხელს არ გვიშლის დავინახოთ, რომ ამ ეტაპზე ეს ტელეკომპანია ერთადერთია საერთო მაუწყებლებს შორის, რომელიც არ არის “ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული მანქანის ნაწილი და ხელისუფლების მხრიდან ღია შეტევის პირობებში ატარებს საკუთარ და განსხავებულ სარედაქციო პოლიტიკას“, – აცხადებს კახა კუკავა.

პარტია “ევროპულმა საქართველომ“ სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვით, “9-საათიან “კურიერში“, NDI-ის სოციოლოგიურ კვლევასთან დაკავშირებით სიუჟეტი გავიდა, სადაც საავტორო ტექსტი მცდარ ფაქტებს ეფუძნებოდა“.

“შევადაროთ პარტიული რეიტინგები გასულ თვეებში ჩატარებულ არჩევნებს. სულ ოდნავ არის მომატებული “ქართული ოცნების“ რეიტინგი, ძალიან მცირედით “ნაციონალური მოძრაობის“, ხოლო 12%-დან 4%-მდეა შემცირებული „ევროპული საქართველოს“ მაჩვენებელი”.

ეს აშკარად მცდარი და ყალბი ინფორმაციის გავრცელებაა. თუ ავტორი დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგებს არჩევნების შედეგებს ადარებს, მაშინ გაუგებარია, როგორ გაიზარდა “ქართული ოცნებისა“ და “ნაციონალური მოძრაობის“ შედეგები. თუ წინასაარჩევნოდ ჩატარებულ კვლევებს გულისხმობდა, მაშინ, NDI-ის 2017 წლის აპრილის კვლევაში ჩვენი პარტია 2%-იან ზღვარს ქვემოთ იყო, ივნისის კვლევაში “ევროპული საქართველოს“ მხარდაჭერას გამოკითხულთა 3% აპირებდა, არჩევნებზე კი, ჩვენმა პარტიამ 10.4% აიღო. იმავე კვლევაში კი, “ქართულ ოცნებას“ 22% უჭერდა მხარს, მათ არჩევნებზე 55.81% მიიღეს, “ნაციონალურ მოძრაობას“ კვლევის მიხედვით, 7% უჭერდა მხარს, არჩევნებზე კი, 17.04% მიიღეს.

“რუსთავი2“-ს, როგორც კერძო ტელევიზიას, აქვს სრული უფლება ჰქონდეს სარედაქციო სიმპათიები. ყველასთვის ნათელია, რომ დღეს ეს სიმპათია მიხეილ სააკაშვილის გუნდს ეკუთვნის, მაგრამ როდესაც ამ სიმპათიების გამო ხდება ყალბი ფაქტების გავრცელება, ეს არის მაყურებლის უპატივცემულობა და ჟურნალისტური სტანდარტების უხეში დარღვევა. იმ პირობებში, როცა ხელისუფლება განაგრძობს “რუსთავი2“-ის დევნას, ეს ტელევიზია კი “ქართული ოცნების“ გავლენის გარეთ დარჩენილი ერთადერთი მსხვილი არხია, “რუსთავი2“-ის ხელმძღვანელობის არჩევანი მხოლოდ ხელისუფლებას აძლევს ხელს. ყალბი ინფორმაციის გავრცელება მათ მაყურებლის ნდობას უკარგავს, რაც “ქართული ოცნების“ ინტერესშია“, – ნათქვამია პარტია “ევროპული საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშისამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის განცხადება
შემდეგი სტატიარუსთავში ქალაქის 70 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები იმართება