კახა კუჭავამ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას შალვა პაპუაშვილი დაიკავებს.

„კახა კუჭავამ მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ. გადაწყვეტილების მიზეზს თავად განმარტავს. მე, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის სახელით, დიდ მადლობას ვუხდი მას პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ძალიან რთულ პერიოდში, ძალიან ღირსეული საქმიანობისთვის. გადაწყვეტილება არის მთელი გუნდისთვის გულდასაწყვეტი, თუმცა ჩვენ ამ გადაწყვეიტილებას პატივს ვცემთ. შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილება პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ ცნობად მიიღო.

ბუნებრივია, კახა რჩება ჩვენი პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთ ლიდერად და პარტიის პოლიტსაბჭოს წევრად, იმუშავებს ძალიან მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ პროექტზე, რის შესახებაც მოგვიანებით გაგიზიარებთ დეტალურ ინფორმაციას.

პარტიის პოლიტიკური საბჭოს და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე პარლამენტს წარედგინება შალვა პაპუაშვილის კანდიდატურა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„მოგესალმებით, მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო სპიკერის თანამდებობა, ეს არ არის 2-3 დღის გადაწყვეტილება. დაახლოებით ერთი თვეა ჩვენს გუნდთან ერთად ამ საკითხზე გვქონდა საუბარი. შორს არსად მივდივარ. ვრჩები პოლიტსაბჭოში, ვრჩები ჩემს გუნდთან ერთად. იგეგმება ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ირაკლიმ ახსენა. რა თქმა უნდა დეტალებზე აქ არ ვისაუბრებ, რადგან წელს თქვენ გაიგებთ ამ მიმართულებასთან დაკავშირებით, რომელსაც მე ვუხელმძღვანელებ და ეს ახსნის ყველა იმ მიზეზს, რომელიც დღეს არ შეგვიძლია ბოლომდე ვთქვათ ამ საკითხთან დაკავშირებით. პარლამენტი არის ის ერთადერთი ადგილი, სადაც უნდა ხდებოდეს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მიღება. არ იყო მარტივი პერიოდი, რომელიც გავიარეთ. მე შევეცადე ვყოფილიყავი ყველას თავმჯდომარე. ვფიქრობ, დიდწილად შევძელი ამის გაკეთება და დიდი მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ თანამშრომლებს, ჩემს გუნდს, ირაკლი კობახიძეს და მთელ გუნდს იმისთვის, რომ ნდობა გამომიცხადა. ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო ეს ტვირთი მეტარებინა. ბევრი საინტერესო ახალი პროექტი დავიწყეთ, რომელსაც დარწმუნებული ვარ შალვა პაპუაშვილი წარმატებით გააგრძელებს და დარწმუნებული ვარ ბევრ სიახლესაც შემოგვთავაზებს. მე მინდა წარმატება ვუსურვო და დარწმუნებული ვარ ამ წარმატებით იზეიმებს გუნდიც და საქართველოც“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

banner
წინა სტატიაშიკლუბ „ბასიანთან“ შრომის ინსპექციის წარმომადგენლები იმყოფებიან
შემდეგი სტატიანაძალადევის რაიონში ავტოფარეხების დემონტაჟის შემდეგ რეკრეაციული სივრცის მოწყობა მიმდინარეობს