კახა კუჭავა – ოპოზიციის მიზანი ხელისუფლებაში მოსვლაა, მაგრამ ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ

region
ავტ.: region ნოემბერი 11, 2020 16:08

კახა კუჭავა – ოპოზიციის მიზანი ხელისუფლებაში მოსვლაა, მაგრამ ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სიკერის კახა კუჭავას განცხადებით, ოპოზიციასთან დიალოგისთვის ხელისუფლება მზად არის. მისივე თქმით, საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესს საერთაშორისო მხარდაჭერა აქვს.

ამასთან, როგორც კუჭავამ აღნიშნა, არჩევნებზე ძირითადად, ტექნიკური სახის დარღვევები გამოვლინდა, რასაც საერთო შედეგზე გავლენა ვერ ექნება.

„არ დაგვიმალავს და გვითქვამს, რომ მოლაპარაკება არის საუკეთესო საშუალებაა, ერთმანეთს გავუზიაროთ პრეტენზიები, თუ გამოსავლის გზები. დიალოგისთვის მზაობა ჩვენი მხრიდან არის. მოვუსმენთ მათ, ვის რა პრეტენზია გვაქვს. ოპოზიცია არა მხოლოდ უკანონო ქმედებებით, უკანონო მოთხოვნებითაც გამოდის. ფაქტია, საარჩევნო პროცესი ისე მიმდინარეობს, რასაც საერთაშორისო მხარდაჭერა აქვს და ეს არაერთხელ გახმოვანდა დამკვირვებლების მიერ. ეს არის ის რეალობა, რასაც ყველამ თვალი უნდა გაუსწოროს. არც ერთი არჩევნები არ ჩატარებულა დარღვევების გარეშე და ძირითადად, ტექნიკური დარღვევები იყო, რასაც საერთო შედეგზე გავლენა არ უნდა ჰქონდეს. ეს არის მთავარი. ის, რომ არჩევნები უშეცდომოდ ჩატარდებოდა და ადრე საერთოდ არ გადათვლილა, სიმართლე არ არის. გარკვეული შეცდომა სულ იქნება, მთავარია, ეს უკვე მიღებულ ნორმას არ ცდებოდეს, რაც არჩევნების ჩატარების შედეგებს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს. ეს არ იკვეთება და ოპოზიციამ რაც არ უნდა იწვალოს, მეეჭვება, გამოიკვეთოს. სწორედ ამიტომ მიდიან ქუჩის აქციებზე, სხვა გზა არ რჩებათ. მათი სურვილი არ არის პარლამენტში შესვლა, მათი მიზანი ხელისუფლებაში მოსვლაა და ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

region
ავტ.: region ნოემბერი 11, 2020 16:08