კახა კუჭავა: იმედის მომცემია ეუთო/ოდირის განცხადება საქართველოში სადამკვირვებლო მისიის ჩამოსვლასთან დაკავშირებით

region
ავტ.: region სექტემბერი 25, 2020 17:35

კახა კუჭავა: იმედის მომცემია ეუთო/ოდირის განცხადება  საქართველოში სადამკვირვებლო მისიის ჩამოსვლასთან დაკავშირებით

„დღეს ეუთო/ოდირის ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება მოვისმინეთ საერთაშორისო დამკვირვებლებთან დაკავშირებით. როგორც გრძელვადიანი, ასევე მოკლევადიანი დამკვირვებლების ნაწილი ჩამოსულია“, -განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი ინფორმაციით, 30 სექტემბრისთვის დამატებით ჩამოვლენ გრძლვადიანი დამკვირვებლები.

„ისინი 13 სხვადასხვა რეგიონში გადანაწილდებიან, ხოლო  შემდეგ დაემატებათ , თუ სწორად მახსოვს, 330 დამკვირვებელი მოკლევადიანი მისიით.  ძალიან მნიშვნელოვანია მათი ვიზიტი. ჩვენ გვახსოვს  ვალდებულება, რომელიც ეუთო/ოდირს აქვს აღებული. დახლოებით 15 არჩევნებია საქართველოში მას შემდეგ, რაც ისინი აკვირდებიან სარჩევნო პროცესს, განსაკუთრებით, არჩევნების დღეს.

საგარეო საქმეთა მინისტრის და მთლიანად სამინისტროს მიერ გაგზავნილი მოწვევა მათ მიიღეს ამჯერადაც და გამოგზავნეს სადამკვირვებლო მისია მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად შეზღუდულია მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც სადამკვირვებლო მისიის გაგზავნა პანდემიის გამო. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი მოწვევა მიიღეს. ველოდებით სხვა დამკვირვებლებსაც. რაც შეეხება ეუთო/ოდირს, ისინი გამოაქვეყნებენ როგორც შუალედურ ანგარიშს 2 კვირით ადრე, ასევე საბოლოო ანგარიშს, რომელიც არჩევნებიდან 1,5- 2თვის შემდეგ იქნება. ჩვენ ველოდით უფრო მეტ დამკვირვებელს, როგორც ეს წინა არჩევნებზე იყო, თუმცა ევროპარლამენტს ჯერ კიდევ არ მიუღია გადაწყვეტილება. საერთოდ, ყველა ქვეყანაში აქვს აკრძალული სადამკვირვებლო მისიები გლობალური პანდემიის გამო. ამიტომ გარკვეული ორგანიზაციები, შეიძლება, ვერ ახერხებენ ჩამოსვლას, თუმცა ეუთო/ოდირის ეს განცხადება საკმაოდ იმედის მომცემია. იმედი მაქვს, რომ სხვებიც შეუერთდებიან, მათ შორის, ევროპარლამენტიც . ვიცით, რომ სხვა ფორმატებიდანაც აპირებენ ჩამოსვლას  და ეროვნული პარლამენტებიც ცალ-ცალკე ჩვენი მოწვევის შედეგად აპირებენ დაესწრნონ ჩვენს საარჩევნო პროცესს“, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა.​

region
ავტ.: region სექტემბერი 25, 2020 17:35