კახა კუჭავა ავსტრიაში ვიზიტს იწყებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ვიზიტით ვენაში იმყოფება, სადაც პარლამენტის სპიკერების მეხუთე მსოფლიო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ევროპული ქვეყნების პარლამენტების სპიკერებთან საუბრის მთავარი თემა საქართველოს ევროპული ინტეგრაცია იქნება, ხოლო აზიური და აფრიკული ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებთან კახა კუჭავა ჩვენი ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკაზე, საპარლამენტთაშორისო და სავაჭრო კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებაზე გაამახვილებს ყურადღებას.

„დაგეგმილია შეხვედრა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ახლად არჩეულ პრეზიდენტთან. მასთან ვისაუბრებთ მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებზე და ასევე, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციის აქტიურ მონაწილეობაზე. სპიკერების კონფერენცია 4 წელიწადში ერთხელ იმართება, შესაბამისად, ეს არის ძალიან კარგი პლატფორმა, რომელსაც ვიყენებთ იმისთვის, რომ შევხვდეთ სხვადასხვა ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციებს“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ეუთოში საქართველოს მეგობარი ქვეყნების ელჩებთან გამართავს შეხვედრას.

„შეხვედრაზე განხილული იქნება საქართველოში არსებული მდგომარეობა, ზოგადად, ოკუპაციის, კოვიდპანდემიის ფონზე, მაგრამ რაც მთავარია, ის პროცესები, ის რეფორმები, რომლებსაც საქართველო, მიუხედავად ამ ორი მნიშვნელოვანი გამოწვევის ფონზე ახორციელებს“, – აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 651, იმერეთში – 288, აჭარაში – 201
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკთან პარტნიორობით „ციტადელი“ საქმიანობას აფართოებს