კახა კუჭავა : აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება ყველას შეუძლია წაიკითხოს და შეაფასოს, არის სილის გაწვნა თუ შექება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გავრცელებული განცხადება ცალსახად ხაზგასმაა იმ პროგრესის, რომელიც ჩვენ სასამართლოში გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ ჟურნალისტებთან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებასთან დაკავშირებით კომენტირებისას აღნიშნა.

კახა კუჭავას თქმით, განცხადებაში საუბარია ასევე საარჩევნო სისტემასა და ამ პროცესში დიალოგის მნიშვნელობაზე.

„ჩვენ მივესალმებით იმ ოფიციალურ განცხადებას, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გააკეთა. აქ ცალსახად ხაზგასმაა იმ პროგრესის, რომელიც ჩვენ სასამართლოში გვაქვს, მხარდაჭერა მე-4 ტალღად წოდებული სასამართლო რეფორმის. ეს მისასალმებელია. იგივე ტონით და იგივე ხაზგასმით განცხადება შაბათს გააკეთა ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა. არის სხვა საკითხები რაც ხაზგასმულია, პირველ რიგში ის, რომ მოუწოდებს ყველას შევინარჩუნოთ დიალოგის ფორმატი და მაგიდასთან საუბრით გადავწყვიტოთ ის საკითხები რომელიც უკავშირდება საარჩევნო სისტემას. ზოგადად მიწოდება, რომ საქართველო იყოს კიდევ უფრო დემოკრატიული, კიდევ უფრო თავისუფალი, ინსტიტუციონალურად უფრო გაძლიერებული, არის ის საკითხები რომელზეც ჩვენ გვქონდა საუბარი. 2020-ში და მომდევნო წლებშიც შევეცდებით, კიდევ უფრო გავაძლიეროთ, უფრო დავხვეწოთ ეს საკითხები“, – განაცხადა კახა კუჭავამ

კახა კუჭავას თქმით, ხელისუფლებას აქვს მზადყოფნა, მოისმინონ რჩევები სტრატეგიული პარტნიორბისგან.

„შეხვედრის დროს პროკურატურასთან დაკავშირებით ჩვენ საუბარი არ გვქონია. სასამართლოზე გვქონდა საკმაოდ საფუძვლიანი და ხანგრძლივი შეხვედრა. ის, თუ რა პოზიციები დაფიქსირდა შეხვედრისას, დღეს უკვე კარგად არის დაფიქსირებული ოფიციალურ განცხადებაშიც. შეხვევდრამდე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები უკვე არჩეულები იყვნენ. ეს განცხადებაც მათი არჩევის შემდეგ არის გაკეთებული. ვისაუბრეთ და ხაზი გავუსვით, რომ არა მხოლოდ საქართველოში, არც ერთ ქვეყანაში არ არის სრულყოფილი სისტემა როგორც სასმართლო ისე სხვა ინსტიტუტები. ყოველთვის უნდა ვეცადოთ, კიდევ უფრო დავხვეწოთ და კიდევ უფრო სრულყოფაში მივიყვანოთ. რა თქმა უნდა, რაღაც მიღწევები არის, მაგრამ სრულყოფილი არ არის. ამისთვის მზადყოფნაა. ამიტომ არიან ჩვენი პარტნიორები, თუ რამე იქნება საკითხი, რომელზეც უნდათ, რომ ხაზი გაუსვან და უკეთესი რჩევები მოგვცენ, ჩვენ პირველ რიგში მათ მოვუსმენთ. შემდეგ უკვე ვიფიქრებთ, თუ რა გზებით შეგვიძლია კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ. მიღწევების მიუხედავად გვესმის, რომ არის ძალიან ბევრი გამოსასწორებელი. არის სხვადასხვა საკითხები, სასამართლოს კუთხით საჭიროა დამატებით მუშაობა. ამას შემდგომი ნაბიჯები რეფორმირების კუთხით მოჰყვება. აუცილებელია, ჩვენს პარტნიორებთან ერთად მობილიზებული ვიყოთ, რომ კიდევ უფრო დავხვეწოთ ის სისტემა და ის მონაპოვარი რაც უკვე გვაქვს“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გავრცელებული განცხადება შეიძლება შეფასდეს როგორც მხარდაჭერა.

„ოფიციალური ვერსია არა მხოლოდ ინგლისურად, არამედ ქართულადაც გამოქვეყნდა. ყველას შეუძლია წაიკითხოს და ნახოს. ყველამ შეაფასოს სილის გაწვნაა თუ პირიქით, შექება. აშკარად შექება და მხარდაჭერაა. როდესაც ასეთი მხარდამჭერი განცხადებები კეთდება, ყოველთვის იქნებიან „ფეიკ ნიუსის“ გამავრცელებელი სხვადახვა საშუალებები, რომლებიც ამ მიღწევის და მხარდაჭერის უგულებელყოფას ან დაკნინებას შეეცდებიან“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდის მუნიციპალიტეტში ველოსიპედით და მოტოციკლით მიმავალი ახალგაზრდები ერთმანეთს შეეჯახნენ
შემდეგი სტატიააშშ-ს საბიუჯეტო კანონი საქართველოსთვის გაზრდილ საფინანსო დახმარებას ითვალისწინებს და კვლავ შეიცავს ჩანაწერს საქართველოს რეგიონების არაღიარების თვალსაზრისით