კახა კოჟორიძე: მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის ხარვეზებიანი პროცესი უნდა შეჩერდეს

მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის ხარვეზებიანი პროცესი უნდა შეჩერდეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა საკითხებში კახა კოჟორიძემ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

როგორც კოჟორიძემ აღნიშნა, პარლამენტმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს სისტემური რეფორმების გატარება.

“პრეზიდენტმა თავის საპარლამენტო სიტყვაში დღის წესრიგში დააყენა სასამართლოში არსებული პრობლემები. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები თავიანთ ანგარიშებში საქართველოს პრობლემების ჩამოთვლას საბჭოს საქმიანობის აღწერით იწყებენ. არავის გვაქვს უფლება, მშვიდი სახეებით ველოდოთ, როდის დაინგრევა საქართველოში სამართლიანი სასამართლოს შექმნის იმედი. საქართველოს არ სჭირდება ისეთი მოსამართლეები, რომლებიც უარს იტყვიან საკუთარ სახელსა და გვარზე, სჭირდება მოსამართლეები, რომლებიც იამაყებენ თავიანთი ვინაობით”, – განაცხადა კოჟორიძემ.

მისივე თქმით, საუბარი მიდის სისტემურ რეფორმებზე და ამ პროცესში ყველას მოეთხოვება, რომ სწორი ხედვები და პოზიცია დააფიქსიროს, პირველ რიგში, კი _ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს.

ცნობისთვის, კოალიციის “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” წევრები პრეზიდენტის მრჩეველს ადამიანის უფლებათა საკითხებში კახა კოჟორიძეს და საპარლამენტო მდივანს გიორგი კვერენჩხილაძეს შეხვდნენ. შეხვედრაზე მართლმსაჯულების სიტემაში არსებული ხარვეზები და პრობლემები განიხილეს.

banner
წინა სტატიაშიამერიკელმა გენერალმა პრესკონფერენციის დროს გონება დაკარგა
შემდეგი სტატია“არ ვიცი დამკვეთი ვინ არის”- გიგლა აგულაშვილი ციხისძირში ხეების გადარგვას გამოეხმაურა