კახა კოჟორიძე: ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ ეს კლანი კიდევ უფრო გაძლიერდეს და უზენაესი სასამართლოც გააკონტროლოს

როგორც მოსალოდნელი იყო, პარლამენტმა მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის მიერ მომზადებულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა. ოპოზიცია, მესამე სექტორი და საზოგადოების ნაწილი აღნიშნულ კანონპროექტს უარყოფითად აფასებს. “ახალი თაობა”  აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იურისტს, უფლებადამცველ კახა კოჟორიძეს ესაუბრა.

_ ბატონო კახა, პარლამენტმა ირაკლი კობახიძის მიერ ინიცირებული კანონპროექტი პირველი მოსმენით 89 ხმით მიიღო. გაქვთ განწყობა, რომ რაიმე უკეთესობისკენ შეიცვლება?
_ მაგ კანონპროექტით არანაირი სასიკეთო ცვლილებების მოლოდინი არ არსებობს და გამორიცხულია, რაიმე სასიკეთოდ შეიცვალოს. პირიქით, ეგ კანონპროექტი სწორედ იმას ისახავს მიზნად, რომ აქამდე თუ საზოგადოებისთვის მიუღებელი მეთოდებით ცდილობდა ის კლანი თავისი წევრების უზენაეს სასამართლოში გაყვანას, ახლა ეს კანონპროექტი მაშველი რგოლია კლანისთვის, რომ როგორღაც ლამაზი შეფუთვა გაუკეთონ ამ საბჭოს ადრინდელ გადაწყვეტილებას და საბჭოს სურვილებს.
კობახიძის კანონპროექტის მიზანი არ არის ის, რომ კეთილსინდისიერი ადამიანების უზენაეს სასამართლოში შეყვანა უზრუნველყოს.
_ რა არის მიზანი?
_ ამ კანონპროექტის მიზანი არის ის, რომ უზრუნველყოს კლანის და მისი გავლენის აგენტების, უზენაეს სასამართლოში უვადოდ დანიშვნა. ოღონდ ამას მისცეს ისეთი შეფერილობა, ისეთი ფორმა, რომ საზოგადოების აღშფოთება არ გამოიწვიოს. შინაარსი იქნება იგივე, რაც აქამდე გაუკეთებიათ მათ, უბრალოდ, ლამაზად შეფუთავენ. პროდუქტი, რომელიც არავის არ მოსწონს, ლამაზ ბრჭყვიალა ქაღალდში რომ გავახვიოთ, აი ეგ ხდება.
აქამდე თუ ფურცლის ნაგლეჯზე იყო ჩამოწერილი 10-კაციანი სია, ახლა ამას უფრო დახვეწილი ფორმა ექნება. თუმცა შინაარსი აბსოლუტურად არ იცვლება, ეს ცალსახაა.
_ აბსოლუტურად არაფერი?
_ არა და ეს ძალიან მარტივი დასანახია. ვინც ეს თემა იცის და ვისაც ამ პროცესებთან შეხება ჰქონია, ყველა ერთ აზრზეა, მათ შორის მეც.
ის საკითხი, რაც ახლა შემოიტანეს, გამოცდის ჩაბარება და ასე შემდეგ, რა უნდა იყოს წარმატებული იურისტისთვის ამ გამოცდის ჩაბარება? მაგრამ რა ფორმითაც ესენი აკეთებენ, ეს არის სწორედ გაფილტვრა ისეთი კანდიდატების, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ სურვილი პროცესში მონაწილეობის, მაგრამ აქამდე არასოდეს გასჩენიათ სურვილი მოსამართლის გამოცდის ჩაბარების.
რატომ უნდა ჰქონოდა რომელიმე წარმატებულ ადვოკატს სურვილი მოსამართლის გამოცდის ჩაბარების? იმ სიტუაციაში, როცა ამ გამოცდის შედეგებს აფასებენ ისევ კლანის წევრები და მათი გავლენის ქვეშ მყოფი ადამიანები.
_ ჩავარდა ბესელიას მიერ ინიცირებული კანონპროექტი.
_ დიახ, როგორც კი დაიწყო საუბარი იმაზე, რომ აი ეს ფურცლის ნაგლეჯზე დაწერილი სია არ მოგვწონს და ჩვენ დავიწყებთ ახალი კანონპროექტის შექმნას, მაშინვე განვაცხადე, რომ სანამ ეს კლანი იარსებებს, ყველა კანონპროექტს აზრი ეკარგება. მით უმეტეს, იმ მიმართულებით მუშაობას ეკარგება აზრი, რაც თავიდან დაანონსდა და ეს მიზნად ისახავდა კლანის წევრების და მათი გავლენის საკითხების გატანას. ამ კანონპროექტს მხოლოდ ეს დანიშნულება აქვს.
ბესელიას კანონპროექტში არსი არის ის, რომ საბჭოს არ ჰქონდეს კარგი კანდიდატის დაბლოკვის ბერკეტები. საბჭო შინაარსში კი არ შევიდეს და ის კი არ თქვას, რომელიმე იურისტი გამორჩეულია ან არ არის გამორჩეული, მან კანონით გაწერილი კრიტერიუმები უნდა შეამოწმოს.
ამ საბჭოს პირობებში, მხოლოდ მაგ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს იმისი უზრუნველყოფა, რომ კარგი კანდიდატები იქნენ დასახელებული. სხვა შემთხვევაში, საბჭოს როგორც კი შინაარსში შესვლის საშუალებას მივცემთ, როგორც აქამდე იქცეოდნენ ეს ადამიანები, ზუსტად ისევე მოიქცევიან.
_ ნინო გვენეტაძის გადადგომის მიზეზებზე აქამდე ღიად არავინ საუბრობდა. დღეს უკვე ღიად ალაპარაკდნენ, რომ ის მსხვერპლია, კლანმა ლამის შეჭამა და იძულებული გახდა, წასულიყო. რას იტყვით თქვენ?
_ ისეთი მახინჯი სასამართლო სისტემა შექმნეს ამ კლანმა და მისმა მხარდამჭერმა პოლიტიკოსებმა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე მსხვერპლად იქცა ამ სისტემაში. ეს ჩემი სიტყვები არ არის, თავად გვენეტაძის სიტყვებია, რომ მე თავს ვგრძნობ მსხვერპლადო.
როცა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, პრეზიდენტის მიერ დასახელებული და პარლამენტის მიერ არჩეული, სისტემაში მსხვერპლია, ჩვეულებრივ, რიგით მოქალაქეს რა განცდა უნდა ჰქონდეს, როცა ამ სისტემაში მოხვდება?! აი, ასეთი მახინჯი სისტემა გვაქვს ჩვენ სამწუხაროდ და ამ სისტემის შეცვლა გვინდა.
_ ნინო გვენეტაძის წასვლაზე რას იტყვით?
_ არავის სჯერა იმის, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიიღო მან ეს გადაწყვეტილება. ასე რომ ყოფილიყო, სხვანაირი კომუნიკაცია შეიძლებოდა საზოგადოებასთან და ამის უფრო დამაჯერებლად ახსნა, მაგრამ მან ისე ჩუმად გააკეთა ეს განცხადება და ისე ჩუმად წავიდა, რომ ორი აზრი არ არის იმაში, რომ ის რაღაც გავლენების და ზეწოლის ქვეშ მოექცა.
_ უფრო კონკრეტულად?
_ მე ვერ ვიტყვი, უფრო კონკრეტულად რა შეიძლება იყოს ეს, მაგრამ ის, რომ ის საკუთარი ნებით არ მოქმედებდა და მოქმედებდა რაღაც გარკვეული გავლენების საფუძველზე, მისი მოქმედებიდან და განცხადებიდან ნათლად ჩანს.
მიუხედავად ყველა იმ შეცდომისა, რაც გვენეტაძემ დაუშვა და მან საკმაოდ ბევრი შეცდომა დაუშვა და არასწორი გადაწყვეტილებები მიიღო, ის მაინც არ გახდა კლანის წევრი და ეს ფაქტია.
თუმცა მას, როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, ბევრად მეტი მოეთხოვებოდა და ის უნდა შებრძოლებოდა ამ კლანს და ამ ბრძოლის პროცესში მას უნდა უზრუნველეყო ის, რომ საზოგადოება დამდგარიყო მის გვერდით. მან ეს ვერ მოახერხა და, სამწუხაროდ, მივიღეთ ეს მოცემულობა.
_ თუ ხედავთ ამ ჩიხური სიტუაციიდან გამოსავალს?
_ ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ ეს კლანი კიდევ უფრო გაძლიერდეს და უზენაესი სასამართლოც გააკონტროლოს. მეორე მხრივ, ეს ძალიან მძიმე მოცემულობა გამოიწვევს იმას, რომ საზოგადოება, არასამთავრობო ორგანიზაციები, იურისტები, პროფესიული ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები, გაერთიანდნენ სამართლიანი სასამართლოს იდეისთვის.
ყველაფერ ცუდში არის კარგი და ამ პროცესში, რასაც ახლა ჩვენ თვალს ვადევნებთ, კარგი ის იქნება, რომ ეს გამოიწვევს ბუნებრივ გაერთიანებას. ეს პროცესი უკვე მიდის. საქართველოში დღეს არ არსებობს არცერთი ორგანიზაცია, დამოუკიდებელი იურისტი და ოპოზიციური პოლიტიკური პარტია, რომელსაც მოსწონდეს სასამართლოში არსებული სიტუაცია.
გაერთიანების პროცესი მიდის და ეს გაერთიანება შემდეგ შესაძლებელია, გამოიხატოს იმაში, როცა იქნება მომდევნო არჩევნები, ყველა პარტია შეთანხმდეს იმაზე, რომ კლანი ვისაც დანიშნავს ახლა, მათი უფლებამოსილება შეჩერდეს შემდეგ.
ეს არ იქნება მოვლენების განვითარების სასურველი სცენარი, მაგრამ თუ სხვა გზა არ დატოვეს, მაშინ საზოგადოება იძულებული გახდება, ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს.

 

ნონა ცაბაძე

გაზეთი “ახალი თაობა”

banner
წინა სტატიაშიიშვიათი დაავადების გამო შავი კატა გათეთრდა
შემდეგი სტატიალადო აფხაზავა: ვარკის ფონდისა და გლობალური ჯილდოს ელჩი გახდა