კახა კოჟორიძე – ინვესტორების წინააღმდეგ ღია ომია გამოცხადებული

იმ ვითარებაში, როდესაც ინვესტორების წინააღმდეგ ღია ომია გამოცხადებული, არ მაქვს მოლოდინი, რომ ეს პროექტი ამ მთავრობის პირობებში ამოისუნთქავს, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, კახა კოჟორიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს გამოეხმაურა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით.

როგორც კოჟორიძე აცხადებს, მას არ სჯერა, რომ ანაკლიის პორტის პროექტი დღევანდელი ხელისუფლების პირობებში „სასიცოცხლო ძალას შეიძენს“.

„რამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც ინვესტორებს შეუწყვიტეს ხელშეკრულება?! ერთ წელზე მეტია გასული და ისევ საუბრობენ ზოგადი ფრაზეოლოგიით, რომ მნიშვნელოვანია ანაკლია, ინვესტორი უნდა შემოვიდეს, მაგრამ კონკრეტული გადადგმული ნაბიჯები არ ჩანს.

იმ ვითარებაში, როდესაც ინვესტორების წინააღმდეგ ღია ომია გამოცხადებული, არ მაქვს მოლოდინი, რომ ეს პროექტი ამ მთავრობის პირობებში ამოისუნთქავს, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტი სასიცოცხლო ძალას შეიძენს“,-აცხადებს კოჟორიძე.

როგორც კოჟორიძე აღნიშნავს, პრემიერის დღევანდელი განცხადება ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, პოლიტიკურად „ფარისევლობის ხაზის გაგრძელებას ნიშნავდა“.

„პოლიტიკურად ეს ნიშნავდა ფარისევლობის ხაზის გაგრძელებას. იმის თქმას, რომ მათთვის მნიშვნელოვანია სიტყვები და არა საქმე. ეს სიტყვები ჩვენ გვესმის.

სიტყვებს ვკითხულობთ, მათ შორის, კონსტიტუციაში ჩაწერილს, რომ ანაკლია მნიშვნელოვანი პროექტია, მაგრამ მაგის იქით ვერ მიდიან, არც წავლენ.

კიდევ ერთხელ უნდა გავიაზროთ, რომ რუსეთის ინტერესები საქართველოს ინტერესებს ეწინააღმდეგება. რუსეთს არ აწყობს რომ საქართველოში ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი აშენდეს. ეს არის „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის სიტყვები, არა ჩემი.

რა თქმა უნდა, ეს რეალობასთან ძალიან ახლოს არის. ამ ვითარებაში „ქართული ოცნების“ პირობებში, ასეთ ტიპის განცხადებებს როცა აკეთებ, პრაქტიკულად უარს ამბობს სუვერენიტეტზე“, – აცხადებს კოჟორიძე.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, უახლოეს მომავალში ანაკლიის პროექტის ახალი ინვესტორის შერჩევის პროცესი დაიწყება.

როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ეკონომიკის სამინისტრო ტენდერის გამოსაცხადებლად დაიწყებს კანონით გათვალისწინებულ პროცედურებს და დაიქირავებს საერთაშორისო კონსულტანტს, რომელიც დახმარებას გაუწევს ინვესტორის შერჩევის პროცესში.

banner
წინა სტატიაში„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ – ვიქტორ ჯაფარიძის ოჯახმა და მისმა ბიზნესპარტნიორებმა “ოცნებას” 2012 წლიდან 410 000 ლარი შესწირეს
შემდეგი სტატიაბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა