კახა ხიმშიაშვილის საჯარო განცხადება გელათის სარეაბილიტაციო სამუშაოსთან დაკავშირებით

საჯაროდ მინდა გამოვხატო ჩემი დამოკიდებულება და ნააზრევი გელათის რეაბილიტაციის მიმდინარეობაზე:

გელათის გადახურვის მოწყობის პრობლემები მრავალშრიანია და მრავალფაქტორიანი.
პრიველ რიგში, ესაა სარესტავრაციო მეთოდოლოგიის პრობლემა, რომელშიც თავისთავად რამდენიმე რგოლი გამოიყოფა.
როგორც ჩანს, არ არსებობს დეტალური მუშა ნახაზი, პროექტი, როგორ უნდა მოწყობილიყო გადახურვა. ყოველ შემთხვევაში, ასეთი დეტალური ნახაზი და პროექტი არაა 2014 წელს დამტკიცებულ პროექტში და არც 2018 პროექტში. ზოგადი მითითებებია და არის ჩადებული მხოლოდ გადახურვის სქემა.
შედეგად, გადახურვა სახურავის სხვადასხვა მონაკვეთზე სხვადასხვანაირად მოეწყო, თანაც სრულყოფილი დოკუმენტირება, თუ როგორ კეთდებოდა გადახურვა, როგორც ჩანს, არ არსებობს. ეს ყველაზე კარგდაა აღწერილი 2020 წლის 16-19 ივნისის მონიტორინგის ანგარიშში, სადაც ვკითხულობთ (გვერდი 8): „გადახურვებზე გამოყენებული მეთოდოლოგიის (მეთოდებისა და მასალების) იდენტიფიცირების მიზნით, მისიის ფარგლებში გადახურვების რეაბილიტაციაზე მომუშავე ტექნიკურ პერსონალთან ჩატარდა ინტერვიუ. რის შედეგადაც ჩანს, რომ გადახურვები განსხვავებული მეთოდებითა და მასალითაა შესრულებული.“ მაგალითად, ანგარიშის მე-12 გვერდზე ვკითხულობთ, რომ ჩრდილოეთი მკლავის გადახურვის ფერდები განსხვავებულადაა მოწყობილი – დასავლეთის ფერდის მოწყობა განსხვავდება აღმოსავლეთ ფერდისაგან.
აქ ვადგებით უკვე შემდეგ მეთოდოლოგიურ პრობლემას – ნათელია, რომ არ მიმდინარეობდა სამუშაოების ეფექტური მონიტორინგი და ზედამხედველობა.
აქვე, კიდევ ერთი მეთოდოლოგიური პრობლემაცაა – „ძეგლთა დაცვისა და რეტავრაციის ვენეციის ქარტიის“, რომელიც ფუძემდებლური დოკუმენტია, ბოლო, მეთექვსმეტე მუხლი ცალსახად მოითხოვს, რომ „სამუშაოებს მუდამ უნდა ახლდეს ნახაზებითა და ფოტოებით ილუსტრირებული ზუსტი დოკუმენტაცია ანალიტიკური და კრიტიკული ანგარიშების სახით. გაწმენდის, კონსოლიდაციის, გადაკეთების და ინტეგრაციის ყველა ეტაპი, ისევე როგორც სამუშაოს მსვლელობისას გამოვლენილი ტექნიკური და გარეგნული მახასიათებლები ჩართული უნდა იყოს ანგარიშებში. ეს ჩანაწერები (ანგარიშები) უნდა განთავსდეს საჯარო დაწესებულების არქივში და ხელმისაწვდომი უნდა გახდეს ყველა მკვლევარისათვის.“
ვენეციის ქარტია დაიწერა 1964 წელს, და ახლა, ინტერნეტის ეპოქაში კიდევ უფრო ადვილი და ხელმისაწვდომი უნდა იყოს მსგავსი დოკუმენტაცია. ასეთი ანგარიშები, სადაც ფოტოებიდან და აღწერიდან გავიგებდით და თვალს მივადევნებდით სამუშაოების მსვლელობას, არაა ხელმისაწვდომი. 2020 წლის მონიტორინგის ანგარიშიდან ჩანს, რომ მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა ინტერვიუები ჩაუტარეს სამუშაოთა შემსრულებლებს. ყოველ შემთხვევაში ასეთ დოკუმენტირებულ ანგარიშებზე არაა მითითება არც ამ, 2020 წლის მონიტორინგის ანგარიშში, და არც ინტერნეტშია განთავსებული.
და კიდევ ერთი, უმნიშვნელოვანესი მეთოდოლიგიური საკითხი – თავად კრამიტის მოწყობის ტექნოლოგიის ექსპერტიზა, როგორც ჩანს, არ ჩატარებულა. არ განხილულა, როგორ უნდა დაგებულიყო კრამიტი – უნდა დაესვათ დუღაბზე თუ ხის ლარტყებზე, არ განხილულა, როგორ უნდა ჩაანკარებულიყო კრამიტები და ა. შ.
არადა, ჩვენში, მოჭიქული კრმიტის სახურავების მოწყობის ტრადიციაში წყვეტილია, სამწუხაროდ. შესაბამისად, უნდა დაკითხოდნენ საერთაშორისო ექსპერტებს, მათ, ვისაც აქვთ დიდი გამოცდილება.
კრამიტის გადახურვის მოწყობასთან დაკავშირებით, მხოლოდ მაშინ, როცა გადახურვა უკვე მოწყობილი იყო, კითხვა გაუგზავნა და აზრის გამოთქმა სთხოვა წყლისა და ნესტის მოშორების საკითხებში დიდ ავტორიტეტს, საერთაშორისო ექსპერტს, ბატონ იპოლიტო მასარის თავად სამუშაოთა შემსრულებელმა. იპოლიტო მასარის პასუხიდან ირკვევა, რომ, მისი აზრით, გამოყენებულ კრამიტის დაწყობის ხერხს, ანუ დუღაბზე დასმას, ჯობდა ხის ლარტყებზე დაგებულიყო კრამიტი. აქვე, ამ დოკუმენტში სხვა სადაო დეტალებზეცაა საუბარი.
ამგვარად, კრამიტის დაწყობის პროექტისეული ტექნოლოგია ეჭვქვეშაა დაყენებული.
არასწორად მოწყობილი გადახურვის პრობლება კიდევ უფრო გაუარესდა იმის გამო, რომ ზემოთ ჩამოთვლილ ამ მეთოდოლოგიურ შეცდომებს დამეატა უხარისხო კრამიტის გამოყენების ფაქტორიც.
სწორედ ამიტომ, საქართელოს იკომოსმა თავის 2020 წლის 12 ოქტომბრის ოფიციალურ წერილში მოითხოვა შემდეგი:
„მხოლოდ [გელათის ღვთისშობლის ტაძრის] სრული გადახურვის მოწყობა შეიძლება გახდეს იმის გარანტი, რომ ჩატარდეს დაზიანებათა და მათი გამომწვევი მიზეზების სრულფასოვანი შესწავლა, რასაც დრო სჭირდება. სეგმენტური გადახურვა შესაძლოა საკმარისი იყოს წმ. გიორგის ეკლესიისთვის“.
და, რომ: „არ შეიძლება პირველი რიგის ამოცანად დასახული იქნას დახარვეზებული კრამიტის გამოცვლა“ […..] „მნიშვნელოვანია, დაზიანებული სახურავების რეაბილიტაციამდე, სახელმწიფომ უზრუნველყოს UNESCO – ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის მხრიდან ტექნიკური შეფასების დოკუმენტები, არამხოლოდ დროებითი გადახურვის პროექტზე, არამედ პროექტის სხვა კომპონენტებზეც, როგორიცაა სახურავის რეაბილიტაციის პროექტი, ქვის კონსერვაცია და აშ.“
და დასკვნის სახით წერენ შემდეგს: „ჩასატარებელი ღონისძიებების მასშტაბი სცდება ერთი ან ორი ორგანიზაციის შესაძლებლობებს. აუცილებელია სახელმწიფომ სრულად აიღოს პასუხისმგებლობა ძეგლის მიმდინარე კონსერვაციულ მდგომარეობაზე, როგორც ეს მსოფლიო კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის კონვენციით არის განსაზღვრული და უზრუნველყოს საჭირო რესურსების მობილიზება კრიტიკული მდგომარეობის დროულად და ადეკვატურად მართვისთვის.“

არქიტექტორ-რესტავრატორი, თბილისის
სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ხელოვნების
ისტორიის, თეორიისა და რესტავრაციის
ფაკულტეტის პროფესორი კახა ხიმშიაშვილი.

banner
წინა სტატიაში“ევროპის უნივერსიტეტმა” სტუდენტებისთვის Body Interact-ი შეიძინა
შემდეგი სტატიალევან რატიანი: ჩვენ ყველა ერთი ვართ და უნდა გადავრჩეთ უკლებლივ ყველა!