კახა კალაძის ინფორმაციით, პანდემიის დროს დახმარების პროგრამის ფარგლებში პროდუქტები 50 000-მდე ოჯახს დაურიგდა

თბილისის მერმა კახა კალაძემ მარტოხელა ხანდაზმულებისთვის და სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის დახმარების პროგრამასთან დაკავშირებით ისაუბრა.

კალაძის განცხადებით, პროგრამაში ბევრმა ბიზნეს კომპანიამ და რიგითმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა, რისთვისაც მათ მადლობას უხდის.

კალაძის ინფორმაციით, პანდემიის პერიოდში, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დახმარება გაეწია 50 000-მდე ოჯახს.

„ეს პლატფორმა შეიქმნა იმისთვის, რომ ძალიან ბევრ კომპანიას, ძალიან ბევრ ადამიანს ჰქონდა სურვილი, რაიმე წვლილი შეეტანა ადამიანების დახმარების თვალსაზრისით. ჩვენ შევქმენით ეს პლატფორმა, სადაც ბიზნეს სექტორს, ჩვეულებრივ, რიგით მოქალაქეებს, როგორიც ხართ თქვენ, მე, აქ მყოფი ადამიანები, მათ მივეცით შესაძლებლობა, რომ როდესაც ისინი შედიოდნენ სუპერმარკეტებში, ყიდულობდნენ საკუთარი ოჯახისთვის პროდუქტებს, იმ ადამიანებისთვის, ვისაც ყველაზე მეტად გაუჭირდა პანდემიის დროს, შეეძინათ პროდუქტების შესაბამისი ჩამონათვალი.

იყო განთავსებული სპეციალური კუთხე, სადაც თვითონ ალაგებდნენ შეძენილ პროდუქტებს. ამის შემდეგ, ეს პროდუქტები მოდიოდა ჩვენთან და ჩვენი მხრიდან ხდებოდა ათივე რაიონში გადანაწილება. ძალიან ბევრმა ბიზნეს კომპანიამ და რიგითმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა, რისთვისაც მინდა, ყველას უღრმესი მადლობა გადავუხადო.

დაახლოებით 50 000-მდე ოჯახში ვიყავით შესულები და მივიტანეთ ეს პროდუქტები. ციფრებზე გამიჭირდება საუბარი, რადგან ეს იყო შემოწირულობა. ეს თანხა არ იყო მერიის სარეზერვო ფონდიდან, ეს იყო ბიზნეს სექტორის მხრიდან გაკეთებული შემოწირულობა, კეთილი საქმე, ქველმოქმედება, რაც გადამდები უნდა იყოს. შეგიძლიათ, მიმართოთ ყველა იმ კომპანიას, თუ გინდათ ჩვენ მოგაწვდით ჩამონათვალს, ვინ მიიღო მონაწილეობა ამ ქველმოქმედებაში, კეთილ საქმეში. მე არ მაქვს უფლება, კომპანიას ვკითხო, რა დახარჯა იმ პროდუქტებში, რომლებიც მოგვიტანა ქველმოქმედების სახით და მივაწოდეთ ადამიანებს“,- განაცხადა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძემ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა
შემდეგი სტატია„ვეფხი და მოყმის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გზაგამტარის მშენებლობა დროებით შეჩერდება