კახა კალაძემ სოციალური პოლიტიკის პრეზენტაცია გამართა

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, საზოგადოებას სოციალური პოლიტიკის პრეზენტაცია წარუდგინა.

პრეზენტაციის დაწყებამდე კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას, საქართველოს პარლამენტისა და დედაქალაქის საკრებულოს წევრებს, დარგის სპეციალისტებს, განსაკუთრებით კი, ექიმებს და ეპიდემიოლოგებს და აღნიშნა, რომ ისინი დღესაც, ფრონტის წინა ხაზზე იბრძვიან და მათი შრომა ფასდაუდებელია.

„მინდა ყველა ექიმს და ექთანს გადავუხადო მადლობა, ვინც ჩართულია ამ ბრძოლაში. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამ ბრძოლაში ერთიანი ძალისხმევით გავიმარჯვებთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერობის კანდიდატმა თავის წინასაარჩევნო პროგრამაზე და იმ ძირითადად მიმართულებებზე ისაუბრა, რომელიც საზოგადოებას უკვე წარუდგინა.

„ჩვენ ვემზადებით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის. საზოგადოებას წარვუდგინეთ ჩვენი საარჩევნო პროგრამა და ეს არ არის უბრალოდ ლამაზად დაწერილი სიტყვები. ეს არის კონკრეტული გეგმა, პროექტები, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ. ჩვენ დავიწყეთ ყველა იმ მიმართულებების პროექტებად ჩაშლა, რისგანაც შედგება ჩვენი საარჩევნო პროგრამა. ვისაუბრეთ ურბანულ პოლიტიკაზე, რომელშიც დიდი ადგილი უკავია ძველი თბილისის არეალს, ინფრასტრუქტურულ პროექტებს.

მოსახლეობას გავაცანით ჩვენი გეგმები სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით. ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს ამ მხრივ მნიშვნელოვანი რეფორმები და ჩემი მერად არჩევის შემთხვევაშიც, გავაგრძელებთ. ასევე, ვისაუბრეთ გარემოს დაცვის პოლიტიკაზე, რომელსაც ჩვენს საარჩევნო პროგრამაში დიდი ადგილი უკავია. ბოლო წლებში არაერთი მწვანე სივრცე, პარკი, სკვერი გავაკეთეთ და განვაახლეთ. მიხარია, როგორც ამ ქალაქის მერს, რომ ყველა რეაბილიტირებული პარკი სავსეა ყველა თაობის ადამიანით. თბილისს უდიდესი რესურსი აქვს და მომავალ ოთხ წელში, კიდევ ბევრ ასეთ სივრცეს გავაკეთებთ, უკვე არსებულებს კი განვაახლებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება სოციალური პოლიტიკის მიმართულებას, თბილისის მერობის კანდიდატის თქმით, ამ მიმართულების პროგრამებზე დედაქალაქის ბიუჯეტის 30%-ზე მეტი დაიხარჯება.

„დღეს, წარმოგიდგენთ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიმართულებას – სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებს, რომლებსაც მომდევნო ოთხ წელში განვახორციელებთ. ამ ყველაფერზე დაახლოებით, ბიუჯეტის 30%-ზე მეტი იხარჯება. ბოლო წლების განმავლობაში, მუნიციპალიტეტმა ორ მილიონზე მეტი თბილისელის მოთხოვნა დააკმაყოფილა, დავეხმარეთ მათ ჩვენი პროგრამებით. ამას მომავალშიც გავაგრძელებთ და ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი კვლავაც იქნება სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების განხორციელება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშისიძულვილის შემცველი ბანერები თელავშიც გააკრეს
შემდეგი სტატიაკალაძე – ჩემი ოჯახის წინააღმდეგ მიდის ცილისწამების ვიდეოები, ჩემი შვილები რა, რეზინის გგონიათ?