კახა კალაძემ საზოგადოებას განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები გააცნო

ენერგეტიკის მინისტრმა, საქართველოს ენერგეტიკის სექტორში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი საინვესტიციო პროექტების, ასევე 2015 წელს ენერგოსექტორში განხორციელებული ინვესტიციების შესახებ ისაუბრა.

როგორც ვიცე -პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“-ში განაცხადა, 2013-2015 წლებში ექსპლუატაციაში 12 ჰიდროელექტროსადგური შევიდა.

“მათი ჯამური სიმძლავრე – 170,7 მგვტ-ია, ხოლო ჯამურმა ინვესტიციამ -283 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. საქართველოს ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციებს ახორციელებენ ისეთი უცხოური კომპანიები როგორიცაა: Tata Group, Clean Energy, K-Water, Translelectrika, Anadolu, Calik, Hydrolea, რომლებიც მასშტაბურ პროექტებს ახორციელებენ, მათ შორისაა ხუდონი -702 მგვტ, ნენსკრა -280 მგვტ. ონის ჰესების კასკადი – 177 მგვტ. საერთო ჯამში, ქვეყანაში მიმდინარეობს 114 პროექტი განახლებადი ენერგიის ათვისების მიზნით, მიმდინარეობს ქარის ელექტროსადგურის პროექტებიც, მათ შორის ერთი მშენებლობის და სამი კვლევის ეტაპზეა”,-აღნიშნა კახა კალაძემ.

მინისტრის თქმით, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა, საქართველოში არსებულ მდინარეების წყალშემკრები 4 აუზის აუთვისებელი ჰიდროპოტენციალის კვლევა დაასრულა.

“აღნიშნულის შედეგად პირველ ეტაპზე, რომელიც მოიცავდა საძიებო კვლევებს, გამოვლინდა 88 პროექტი, ჯამური დადგმური სიმძლავრით 1489 მგტვ. ხოლო მეორე ეტაპზე, რომელიც მოიცავდა წინასწარ ეკონომიკურ დასაბუთებას, გამოვლინდა 48 პროექტი ჯამური დადგმური სიმძლავრით 460 მგვტ. პროექტები გადაეცემა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს და ისინი სამინისტროს ვებ-გვერდზე არსებულ განახლებადი პოტენციური წყაროების ნუსხაში განთავსდება”,-განაცხადა მინისტრმა.

მისი თმით, შაჰ-დენიზის პროექტის მეორე ფაზის განხორციელება დაიწყო.

მისივე განმარტებით, “ნამახვან ჰესების კასკადის“ პროექტი უნდა განხორციელდეს წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე.

“პროექტი შედგება „ნამახვანი“ და „ტვიში“ ჰესებისაგან. პროექტის დადგმული სიმძლავრე 433მვტ-ია. პროექტის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულებაა 730 მლნ.აშშ დოლარი. პროექტის საბაზისო დიზაინი მოამზადა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიამ – „სტუდიო პიეტრანჯელიმ“. პროექტის ფარგლებში მომზადდა ასევე, საპროექტო ტერიტორიაზე არსებული გზის ალტერნატიული, შემოვლითი გზის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, გარემოზე ზემოქმედების ანგარიში. გავლენის არეალში მოხვედრილ მოსახლეობას დაუკანონდა ფაქტიურ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთები, აშენდა პროექტისთვის საჭირო ინფრასტრუქტურული ობიექტი – ხიდი მდ. რიონზე სოფელ ჟონეთთან. ამჟამად, მიმდინარეობს სანებართვო პროცედურები და 2016 წლის დასაწყისში დაგეგმილია სამშენებლო ნებართვის აღება. უახლოეს დღეებში გამოცხადდება მოწვევა ინტერესთა გამოხატვის თაობაზე, პროექტის ინვესტორის შესარჩევად. ინვესტორის შერჩევის მთავარი კრიტერიუმი იქნება სახელმწიფოს მიერ შესასყიდი ელექტროენერგიის უმცირესი ტარიფი”,-განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა.

აღნიშნულ შეხვედრაზე, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის მიერ წარდგენილი იქნა ასევე, „ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის“ პროექტის პრეზენტაცია.

შეხვედრას მინისტრთა კაბინეტის, თანაინვესტირების ფონდის, ენერგეტიკის განვითარების ფონდის, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, საბანკო სექტორის, საქართველოში მოქმედი ინვესტორი კომპანიების წარმომადგენლები და ექსპერტები დაესწრნენ.

banner
წინა სტატიაში„ქართველები, ევროპულ ქვეყნებში მოგზაურობას, მალე თავისუფლად შეძლებენ”
შემდეგი სტატია“პლანშეტი ჩემი ოცნებაა, თოვლის ბაბუას კი ამის საშუალება არ აქვს”- ლუკა მიქავა