კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მერიის სისტემაში დასაქმებულებს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა

კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მერიის სხვადასხვა სტრუქტურის თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.

„ჩემი თანამშრომლები მართლაც 24 საათს ატარებენ თბილისის სამსახურში. მე მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მათ. ის, რომ დედაქალაქის მოსახლეობის უმრავლესობას აქვს კეთილგანწყობილი დამოკიდებულება მუნიციპალიტეტის მიმართ, არის მათი დამსახურება. ამ სიტყვების უკან დგანან ადამიანები, რომლებიც დილის 5 საათზე იღვიძებენ, 6 საათზე გამოდიან სამუშაოდ იმისათვის, რომ ქალაქი დასუფთავებული იყოს. ამ სიტყვების უკან დგანან ადამიანები, რომლებიც თბილისის მოსახლეობას ყოველდღიურ რეჟიმში ემსახურებიან და მათ გადაადგილებაში ეხმარებიან, ისინი ჩვენი ავტობუსების მძღოლები, მეტროს მემანქანეები და სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლები არიან.

ამ სიტყვების უკან დგანან ადამიანები, რომლებიც იცავენ კანონს, იცავენ რიგით მოქალაქეებსა და სახელმწიფოს ქონებას, ისინი ჩვენი მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები არიან, რომლებსაც ხშირად ლანძღავენ და არავინ ფიქრობს იმაზე, რომ ხვალ შესაძლოა კონკრეტულ ადამიანს თავს იგივე გადახდეს. ამ სიტყვების უკან დგანან არქიტექტურისა და ურბანული სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც ზრუნავენ იმაზე, რომ ქალაქი სწორად განვითარდეს. მადლობა ქალაქის მერიის დაცვის თანამშრომლებს, რომლებიც სიცივეში, ყინვაში დგანან და იცავენ სახელმწიფოს ობიექტებს, სკვერებს, პარკებს. გამიჭირდება ყველა სამსახური გამოვყო, არ მინდა, ვინმე გამომრჩეს. მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო 24 საათიანი მუშაობისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, მერიის სისტემაში დასაქმებულები მიმდინარე პანდემიის დროსაც სრული დატვირთვით მუშაობდნენ.

„თბილისის მერიის თანამშრომლებისთვის პანდემია არ ყოფილა, რადგან ამ რთულ დროსაც თავიანთ მოვალეობას ასრულებდნენ. იცით, რომ მნიშვნელოვანი პლატფორმა შეიქმნა მათ დასახმარებლად, ვისაც ყველაზე მეტად დასჭირდა ჩვენი თანადგომა და მასში გამგეობების თანამშრომლები ჩაერთვნენ. ისინი სამსახურების შემდეგ კარდაკარ ნობათებს არიგებდნენ. ამ ყველაფრისთვის გიხდით მადლობას. მჯერა, რომ მომავალი წელი იქნება უკეთესი და ჩვენ ყველა ერთად დავინახავთ ჩვენი შრომის და ძალისხმევის შედეგს მადლიერი მოქალაქეების ღიმილში, ქალაქის სილამაზეში, ქუჩებში, სადაც ადამიანები პირბადეების გარეშე დადიან, ცხოვრობენ, უყვართ და უხარიათ. მინდა მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი და გისურვოთ ჯანმრთელობა, რომელიც კიდევ უფრო დავაფასეთ, ვიდრე აქამდე, კეთილდღეობა და გაძლიერება, რომელიც განსაკუთრებით ახლა სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ბედნიერება და ღიმილი, რადგან ამის გარეშე არაფერს აქვს ფასი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშითეა ახვლედიანი – ოკუპირებული რეგიონებიდან მკურნალობის მიზნით საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე 250-ზე მეტი კოვიდინფიცირებული პაციენტი გადმოვიყვანეთ
შემდეგი სტატიაუწყებათაშორისმა კომისიამ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესის მეორე წელი შეაფასა