კახა კალაძემ მოადგილეები და საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები წარადგინა

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე მოადგილეები და საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები წარადგინა.

კალაძის თქმით, ვიცე-მერის თანამდებობას კვლავ ირაკლი ხმალაძე ჩაიბარებს.

„ვიცე-მერის თანამდებობაზე კვლავ წარმოგიდგენთ ირაკლი ხმალაძეს, რომელმაც, გასული წლების მანძილზე, უდიდესი წვლილი შეიტანა სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგებაში და სხვა მსხვილი რეფორმების განხორციელებაში. ირაკლი ნამდვილად ძალიან ფასეული კადრია, რომელიც ყოველთვის ეძებს ჩვენი ქალაქის განვითარების ახალ სივრცეებს და ერთი შეხედვით გამოუვალ მდგომარეობაშიც კი ოპტიმალურ გამოსავალს პოულობს ჩვენი ქალაქისა და მოქალაქეების ინტერესების სასარგებლოდ. მერის მოადგილის პოსტზე წარდგენილი ილია ელოშვილი, მინდა პირადად ჩემი, ჩვენი გუნდისა და თბილისელების სახელით უდიდესი მადლობა გადავუხადო მას, დაუსრულებელი მშენებლობების და ამ მშენებლობებით დაზარალებული ადამიანების პრობლემის მოგვარებისთვის. ამ ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარებით ჩვენ რამდენიმე ათას ჩვენს მოქალაქეს ვუბრუნებთ კუთვნილ საცხოვრისს და ამავდროულად ვუბრუნებთ იმედს, რომ საკუთარი ქალაქი, მუნიციპალიტეტი და სახელმწიფო ზრუნავს მათზე. რომ არა ილია, დამერწმუნეთ, შეუძლებელი იქნებოდა ცენტრ-პოინტის, სვეტის და ბევრი სხვა სამშენებლო კომპანიის დაზარალებული მოქალაქეების პრობლემის ასე ეფექტიანად გადაჭრა.

გასული ოთხი წლის განმავლობაში, ირაკლი ბენდელიანმა ძალიან ნაყოფიერად იმუშავა და საკუთარი უდიდესი წვლილი შეიტანა, პრაქტიკულად, ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტში, რომლებმაც დედაქალაქის ყოველდღიური ცხოვრებიდან უამრავი ბარიერი გააქრო. ირაკლის და მისი გუნდის დიდი დამსახურებაა, რომ ყოველდღიურად ახლდება და სწრაფი ნაბიჯებით უახლოვდება თანამედროვე სტანდარტებს თბილისის ინფრასტრუქტურა, მადლობა ირაკლის თავდაუზოგავი შრომისთვის და წინასწარ შეგვიძლია შევპირდეთ მას, რომ მომავალი წლების განმავლობაშ კიდევ უფრო მეტად იქნება დატვირთული. ანდრია ბასილაიამ ჯერ ურბანული სამსახურის ხელმძღვანელის, შემდეგ კი მერის მოადგილის პოზიციაზე მუშაობისას, ყველას გვიჩვენა საკუთარი საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულების მაგალითი და განსაკუთრებული როლი შეასრულა მერიის – სოციალური, განათლების და კულტურის პოლიტიკის სწორად წარმართვაში. ანდრიამ ნამდვილად დაიმსახურა ჩვენი გუნდის, პირადად ჩემი და იმ ადამიანების ნდობა ვის საქმესაც ის ყოველდღიურად აკეთებს. ამიტომ, ის, რა თქმა უნდა, განაგრძობს მუშაობას ჩემს მოადგილედ და ერთად კიდევ ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ“, – განაცხადა კალაძემ.

კალაძის თქმით, თბილისის განვითარებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, რამდენად ეფექტიანად მუშაობენ მუნიციპალური სამსახურები.

„მინდა, წარმოგიდგინოთ იმ სამსახურების ხელმძღვანელების კანდიდატურები, რომლებიც მომავალი ოთხი წლის განმავლობაში წარმართავენ ქალაქის პოლიტიკას სხვადასხვა მიმართულებებით: პირველ რიგში წარმოგიდგენთ მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ბატონ ვალერი ჭიღლაძეს. ვალერი არის ძალიან კარგი მენეჯერი. უკანასკნელი წლების განმავლობაში ჩვენ ერთად ბევრი რამ გავიარეთ და ვალერი ყოველთვის წარმატებით ართმევდა თავს საკუთარ უფლებამოვალეობებს. ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურს უხელმძღვანელებს ბატონი – გიორგი აბუთიძე; ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური ჩაბარდება – ვახტანგ ლომჯარიას; გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური – გიგა გიგაშვილს; კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურს – ირაკლი გვილავა უხელმძღვანელებს; იურიდიული საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად წარმოგიდგენთ – სერგო ბირკაძეს; ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს გაუძღვება – გელა ჩივიაშვილი; მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის უფროსად გთავაზობთ – გიორგი პაპავას კანდიდატურას; საფინანსო საქალაქო სამსახურს კვლავ – გაიოზ თალაკვაძე უხელმძღვანელებს; უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად წარვადგენთ – ნიკოლოზ ჭონქაძეს;მუნიციპალური ინსპექციის საქალაქო სამსახურს უხელმძღვანელებს – კახა გულედანი; ყველა ამ კანდიდატურას, დასამტკიცებლად წარვუდგენთ თბილისის საკრებულოს და მე მჯერა ჩვენი გუნდი, საკრებულოს უმრავლესობა, ერთხმად დაუჭერს მხარს მათ დანიშვნას ამ საპასუხისმგებლო თანამდებობებზე, ვინაიდან ეს ადამიანები ნამდვილად იმსახურებენ ჩვენს ნდობას.

აქვე, მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებების ხელმძღვანელების შესახებ, როგორიც არის ურბანული და სატრანსპორტო პოლიტიკა, არქიტექტურა, და თბილისის განვითარების ფონდი. ამ მიმართულებების ხელმძღვანელებს თბილისის საკრებულო არ ამტკიცებს, თუმცა ისინი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ თბილისის განვითარებაში. თბილისის ურბანულ და სატრანსპორტო პოლიტიკას კვლავ ვიქტორ წილოსანი წარმართავს, რომელმაც უკანასკნელ წლებში ნამდვილად დაამტკიცა, რომ შეუძლია ამ მეტად საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი მიმართულების წარმატებით მართვა; თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელად წარმოგიდგენთ ბატონ – ლევან ჯღარკავას; ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კვლავ ირაკლი თავართქილაძე იქნება; არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი იქნება თეიმურაზ ბოლოთაშვილი, რომელმაც უკანასკნელ წლებში ძალიან ბევრი გააკეთა ამ მიმართულების დასახვეწად და თანამედროვე სტანდარტებში მოსაქცევად“, – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიპოლიტპატიმარი იქნებოდა, რომ არა ის ჭეშმარიტება, რაც ტელევიზიით ყველამ ვიხილეთ – ვოლსკი სააკაშვილზე
შემდეგი სტატიაკობახიძე: ხელისუფლება დგას მოწოდების სიმაღლეზე და სისტემა მუშაობს ისე, როგორც უნდა მუშაობდეს