კახა კალაძემ გლდანის მიკრორაიონებში სანიაღვრე სისტემის მოწყობის დავალება გასცა

region
ავტ.: region აგვისტო 26, 2020 14:18

კახა კალაძემ გლდანის მიკრორაიონებში სანიაღვრე სისტემის მოწყობის დავალება გასცა


თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილე ირაკლი ბენდელიანს ავალებს, გლდანის მიკრორაიონებში, ამსვლელ-ჩამომსვლელ ქუჩებზე სანიაღვრე სისტემის მოწყობის საპროექტო სამუშაოები დღესვე დაიწყოს.

მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ ასევე, მერიის შიდა აუდიტის სამსახურს დაავალა, ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე შესრულებული სამუშაოებისა და საპროექტო დოკუმენტაციის შესწავლა დაიწყოს, რათა საზოგადოება სრულყოფილ ინფორმაციას ფლობდეს.

„ჭარბ ნალექს რაც შეეხება, მართლაც საოცარი მდგომარეობა იყო. ალბათ, ბევრმა ნახა ვიდეოკადრები, თუ რა ხდებოდა იმ დღეს გლდანში. მე როგორც წავიკითხე გარემოს დაცვის სააგენტოს მონაცემები, ბოლო 20 წლის განმავლობაში, დაახლოებით, 5-ჯერ დაფიქსირდა ასეთი უხვი ნალექი, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, მინდა, მერიის შიდა აუდიტის სამსახურს დავავალო, რომ აუცილებლად დაიწყოს მოკვლევა, როგორც შესრულებულ სამუშაოებზე, ასევე საპროექტო დოკუმენტაციაზე, რათა საზოგადოებას სრულყოფილი ინფორმაცია ჰქონდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მუნიციპალიტეტის სხდომაზე წარადგინა ფოტომასალა, სადაც ჩანს, რომ ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე არსებული ცხაურები საყოფაცხოვრებო ნარჩენებითაა ამოვსებული. მისივე თქმით, აღნიშნული პრობლემა, რომელიც წყალუხვობით იყო გამოწვეული, აუცილებლად უნდა მოგვარდეს, რისთვისაც შესაძლოა, უფრო დიდი ცხაურების დამონტაჟება გახდეს საჭირო.

კახა კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ ძლიერი წვიმის დროს, ორივე ცენტრალურ ქუჩაზე წყალი მიკრორაიონებიდან ჩამოედინება, რადგან იქ სანიაღვრე სისტემა არ არსებობს.

„მიუხედავად იმისა, რომ ამ ორი ცენტრალური ქუჩის რეაბილიტაცია განხორციელდა, გვაქვს სერიოზული პრობლემა თვითონ მიკრორაიონებში, ამსვლელ-ჩამომსვლელ გზებზე, სადაც არანაირი სანიაღვრე სისტემა არ არსებობს – თუ არსებობს, არის მოძველებული, ან გამტარუნარიანობა ძალიან დაბალია. შესაბამისად, აუცილებელია, რომ დღესვე დაიწყოთ დაპროექტება და სამუშაოების ეტაპობრივად განხორციელება. წარმოიდგინეთ, ამ ქუჩებზე სანიაღვრე სისტემა არ არსებობს და ის ნალექი, რაც იმ დღეს მოდიოდა, პირდაპირ მოდის ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე. მე არ ვსაუბრობ ეზოებზე, სადაც ზოგადად, სრული კატასტროფა გვაქვს. მინდა, დავავალო გამგეობასაც – ყველა პროექტში, რომლის განხორციელებასაც დაიწყებთ, აუცილებელია, სანიაღვრე სისტემების მოწყობა-მოწესრიგება, რათა ეზოებში მოქალაქეებს ეს მდგომარეობა არ ჰქონდეთ. რა თქმა უნდა, სწრაფად უნდა დაიწყოთ მოკვლევა და ნახოთ ორივე ცენტრალური ქუჩის არსებული მდგომარეობა, სად არის დაზიანება ამ კონკრეტული ლოკაციის გარდა და მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს პრობლემის აღმოფხვრა. პარალელურად, მოკვლევას ჩვენი შიდა აუდიტის სამსახურიც დაიწყებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ძლიერი წვიმის შედეგად, ვეკუა-ხიზანიშვილის ახლადრეაბილიტირებული ქუჩების დაზიანების მიზეზების შესახებ დეტალური ინფორმაცია მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანისგანაც მოისმინა.

მერის მოადგილის განმარტებით, პირველადი მონაცემებით, აღნიშნულ ქუჩებზე დაზიანება ჭარბი ნალექის შედეგად, სანიაღვრე ქსელების გადავსება-შეტბორვამ გამოიწვია.

„როგორც იცით, ახლახანს დასრულდა ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების სრული რეაბილიტაცია. სამუშაოები მიმდინარეობდა დაექსპერტებული პროექტის მიხედვით, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე დღის წინ მოსულმა უხვმა ნალექმა დედაქალაქის მასშტაბით, რამდენიმე რაიონში პრობლემა შექმნა, მათ შორის, ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე. უხვი ნალექის შედეგად, სანიაღვრე ქსელების გადავსება-შეტბორვა მოხდა, რაც პირველადი მონაცემებით, ამ დაზიანების გამომწვევი მიზეზია. იმ წუთის მომენტიდანვე, მერიის შესაბამისი სამსახურები 24-საათინ რეჟიმში მუშაობენ, რათა უახლოეს საათებში გზის დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა და მოძრაობის გახსნა მოხდეს. მსგავსი სახის პრობლემა შეინიშნება რამდენიმე ლოკაციაზე, სადაც ინტენსიურ დაკვირვებებს ვაწარმოებთ. საჭიროების შემთხვევაში, ლოკალური ჩარევა იქაც შეიძლება მოგვიწიოს“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

region
ავტ.: region აგვისტო 26, 2020 14:18