თბილისის მერი კახა კალაძე ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ვილი სანიოლის წასვლას ეხმაურება და ფრანგ სპეციალისტს გაწეული სამუშაოსთვის მადლობას უხდის.
„მან გუნდის მართვასთან ერთად უმნიშვნელოვანესი რამ გააკეთა- ჩვენს ბიჭებს დაუბრუნა რწმენა, ბრძოლის უნარი და გაუჩინა განცდა, რომ ყველა ოცნების ასრულება შესაძლებელია.
რა თქმა უნდა, ვილი სანიოლის სახელთან მუდამ იქნება დაკავშირებული დღე, როცა საქართველომ პირველად მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება. შემდეგ კი იყო დაუვიწყარი გამარჯვება პორტუგალიასთან და ისტორიული გასვლა მერვედფინალში. დღეს მთელმა მსოფლიომ იცის საქართველოს საფეხბურთო ნაკრების შესახებ და ამაში სანიოლის წვლილი მნიშვნელოვანია.
მადლობა ვილის იმ დაუვიწყარი მატჩებისთვის, როცა საქართველოს ნაკრებს მთელი ქვეყანა ერთ მუშტად შეკრული გულშემატკივრობდა.
საქართველო არ ივიწყებს ადამიანებს, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის წარმატების ისტორიაში თავიანთი ფურცელი დატოვეს.
ვილი სანიოლი და მისი სამწვრთნელო გუნდი სამუდამოდ დარჩება ჩვენი ქალაქის, ქვეყნისა და ფეხბურთის ისტორიის განუყოფელ ნაწილად. მადლობა!“, – დაწერა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ ვილი სანიოლმა საქართველოს ეროვნული ნაკრები დატოვა, გუნდს კი რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს.








