კახა კალაძე ვიდეოკადრებზე – ეს არის პირდაპირი დარტყმა იმ გუნდზე, რომელიც ხელისუფლებაშია

ეს არის პირდაპირი დარტყმა იმ გუნდზე, ვინც დღეს ხელისუფლებაშია, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეომასალების გამოქვეყნების ფაქტზე კომენტირებისას განაცხადა.

კალაძემ მომხდარს “მორალური ტერორი” უწოდა.

“მე ვიცი, რომ გამოძიება დაწყებულია და ვიმედოვნებ, რომ ძალიან სწრაფად გამოვლინდება დამნაშავე, თუ დამნაშავეები და კანონის ფარგლებში აუცილებლად დაისჯებიან ეს ადამიანები. ეს არის პირდაპირი დარტყმა მთავრობაზე, სახელმწიფოზე, ევროპულ კურსზე, რომელიც არჩეული აქვს ქართველ ხალხს, ჩვენს მთავრობას. დარწმუნებული ვარ, ისინი აუცილებლად დაისჯებიან. ვერ გეტყვით, თუ ვინ მართავს ამ პროცესებს, თუმცა ცხადია, ჩვენ ყველას კარგად გვესმის ასეთი ჩანაწერები როდის კეთდებოდა, მას ვინ აკეთებდა. ეს იყო ძალიან ბინძური მეთოდები”, – განაცხადა კალაძემ და დასძინა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა დამნაშავეები გამოვლინდნენ და კანონის შესაბამისად დაისაჯონ.

ინტერნეტში პირადი ცხოვრების ამსახველი კიდევ ერთი ვიდეო ვრცელდება. კადრებში პირების სახეები დაფარულია. ვიდეოს თან ახლავს ტექსტი, რომელშიც მასალის ავტორი მოქმედ პოლიტიკოსებს მუქარის შემცველი მესიჯით მიმართავს და მოუწოდებს, პოლიტიკიდან წავიდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათ შესახებ მსგავსი ტიპის ჩანაწერების გავრცელებას გააგრძელებს.

“წადით პოლიტიკიდან და არ დაიდება კადრები, თუ არადა და იხილავთ შემდეგ სერიებს”, – იმუქრება ვიდეოს ავტორი.

banner
წინა სტატიაში(video)ელისო კილაძე სახელებსა და გვარებს ასახელებს
შემდეგი სტატია“რექტორის გადადგომა უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს უნივერსიტეტს” – ლადო პაპავა