კახა კალაძე – ვიცე-პრემიერად კი არა, აღმასრულებელ ხელისუფლებაში ნებისმიერ პოსტზე სააკაშვილის გამწესება იქნება საქართველოსა და უკრაინელი ხალხის შეურაცხყოფა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში ვიცე-პრემიერის პოსტზე შესაძლო დანიშვნის ფაქტს “პალიტრანიუსის” ეთერში კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.
კახა კალაძის თქმით, საქართველო და უკრაინა უნდა გაუფრთხილდნენ იმ ღირებულებებს და მეგობრობას, რაც ორ ქვეყანას ერთმანეთთან აკავშირებს.
„მე არაერთხელ მომიწია განცხადების გაკეთება ამ საკითხზე და ახლაც კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ საქართველო-უკრაინის მეგობრობა არის მუდმივი და შეუძლებელია კითხვის ნიშნის ქვეშ მისი დაყენება. თავად ფაქტი სააკაშვილის კანდიდატურის გაწვევასთან დაკავშირებით, მხოლოდ მისი ოფიციალურად დადასტურების შემდეგ შემიძლია, შევაფასო, რადგან ოფიციალურად ამასთან დაკავშირებით განცხადებები ჯერ არ გაკეთებულა. თუმცა, ერთი რამ არის ცხადი და მკაფიო – ჩვენ პოლიტიკოსები პირველ რიგში, ვალდებული ვართ, გავუფრთხილდეთ იმ ღირებულებებს, რაც ამ ორ ქვეყანას ერთმანეთთან აკავშირებს. ადრეც ვთქვი და ვიმეორე, იმედი მაქვს, უკრაინის მთავრობა მიიღებს გადაწყვეტილებას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს და უკრაინის სტრატეგიულ პარტნიორობას.
ამ თემასთან დაკავშირებით პოლიტიკაში ჩართულმა ბევრმა ადამიანმა გამოავლინა საკუთარი რეალური სახე. აჩვენეს ვისთან არიან ვალში, რამდენად არიან ანგარიშვალდებული ერთი კონკრეტული დამნაშავის წინაშე და რამდენად პატივს სცემენ საკუთარ პრინციპებს. ეს ყველაფერი მოხდა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში. მაგალითად, დღეს მოვისმინეთ მწვავე კრიტიკული განცხადება იმის შესახებ, რომ სააკაშვილის დანიშვნის შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლების მიერ უკრაინიდან ელჩის გამოწვევა თურმე უკიდურესად უპასუხისმგებლო საქციელი იქნება. ამ ყველაფერმა ერთი შემთხვევა გამახსენა, როდესაც იგივე ადამიანები, ვინც დღეს ზემოაღნიშნულ განცხადებას აკეთებენ, პირდაპირ მიესალმებოდნენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის აშშ-ის მხრიდან საქართველოსთვის სანქციების დაწესებას იმ კომპანიის გამო, რომელმაც საქართველოსთან დავა საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოშიც წააგო (საუბარი მაქვს კომპანია ფრონტერაზე). კარგად გვახსოვს ჩვენ ამ ადამიანების განცხადებები. ეს ყველაფერი რამდენიმე თვის წინ ხდებოდა. ეს ადამიანები უჭერდნენ მხარს ჩვენი მოქალაქეებისთვის სანქციების დაწესებას მაშინ, როცა ამერიკული კომპანიის ირგვლივ მედიაში სრულიად უსაფუძვლოდ იყო ატეხილი აჟიოტაჟი. მე კარგად ვიცი, თუ რას აკეთებდა კომპანია “ფრონტერა” წლების განმავლობაში საქართველოში. ამ ყველაფრის გათვალისწინებით საზოგადოებამ განსაჯოს, რამდენად პრინციპული და რა ღირებულებების მქონე არიან ისინი. თვითონ სააკაშვილს რაც შეეხება, ვიცეპრემიერად კი არა, აღმასრულებელ ხელისუფლებაში ნებისმიერ პოსტზე სააკაშვილის გამწესება იქნება საქართველოსა და უკრაინელი ხალხის შეურაცხყოფა “, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიგანზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე კ.კ.-ს ბრალდება წარედგინა
შემდეგი სტატიაბექა ლილუაშვილი – დღეს თითოეული სამუშაო ადგილი, რომელიც იქმნება ქვეყანაში და არის ქვეყანაში გარანტია იმისა, რომ ოჯახებში ადამიანებმა შეიტანონ შემოსავალი ხელფასის სახით და ეს არის კრიტიკულად მნიშნელოვანი