კახა კალაძე : ვარკეთილში ხანძრის შედეგად დაზარალებულების საკითხი ინდივიდუალურად განიხილება, მზად ვართ, ჩავერთოთ და შესაძლებლობების ფარგლებში დავეხმარებით

სადაზღვევო კომპანიამ გამოხატა მზაობა, რომ ვარკეთილის ბაზრობაზე ხანძრის შედეგად ყველა დაზარალებულს აუნაზღაურდეს ის დანაკარგი, რაზეც იქნება საუბარი, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მიმდინარეობს მოკვლევა, დაზუსტება ყველაფერი და სადაზღვევო კომპანია გააკეთებს იმას, რაც მის პასუხისმგებლობაში შედის.

„პირველი მინდა დავიწყოთ იმით, რაც დედაქალაქში მოხდა. კონკრეტულად სამგორის რაიონში იცით, რომ შერეული ბაზრობის გარკვეული ტერიტორია დაიწვა, ხანძარი გაჩნდა, მართლაც მძიმე მდგომარეობა იყო. რაც მთავარია მსხვერპლი არ არის, ცეცხლი სასაწყობე ჯიხურებზე იყო გავრცელებული. დაიწვა ტანსაცმელი, სარეალიზაციოდ გამზადებული ნივთები. იყოს იმის საშიშროება, რომ ცეცხლი გადასულიყო ბენზინგასამართ სადგურზე, თუმცა მეხანძრე-მაშველების მართლა გმირულმა მუშაობამ, მოახდინა ლიკვიდაცია ხანძრის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თითოეულ მეხანძრე-მაშველს მადლობა გადავუხადო თავგანწირული შრომისთვის. ადგილზე იმყოფებოდა შს მინისტრის მოადგილე, იმყოფებოდა ჩემი მოადგილე, ასევე სამგორის რაიონის გამგებელი, კახა სამხარაძე. ჩვენ გამოვუთქვით თანადგომა დაზარალებულ ადამიანებს. მე მოვისმინე გუშინ, ვაკვირდებოდით ჩვენ სიტუაციას, თუ როგორ განვითარდებოდა მოვლენები, სადაზღვევო კომპანია, სადაც დაზღვეულები იყვნენ ეს ადამიანები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ არის სავალდებულო აუცილებლობა, მოხდეს ასეთი ბაზრობების დაზღვევა, ყველანაირად ავიცილოთ რისკები თავიდან. სადაზღვევო კომპანიამ გამოხატა მზაობა, რომ ყველა დაზარალებულს აუნაზღაურდეს ის დანაკარგი, რაზეც იქნება საუბარი. მიმდინარეობს მოკვლევა, დაზუსტება ყველაფრის და სადაზღვევო კომპანია გააკეთებს იმას, რაც თავის პასუხისმგებლობაში შედის. გარდა ამისა, დაზარალებულების თემა ინდივიდუალურად განიხილება, ჩვენც, მერიაც მზად ვართ შევხვდეთ, ჩავერთოთ, განვიხილოთ არსებული მდგომარეობა და ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში დავეხმარებით. მე პრემიერ-მინისტრთან მქონდა საუბარი არ საკითხზე და მომდევნო დღეების განმავლობაში იქნება შეხვედრები, იქნება კონსულტაციები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიმარინა ეზუგბაია : ინფექციურ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებული 28 პაციენტი რჩება, ერთი მძიმე პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა
შემდეგი სტატიაავტობუსებზე დამაგრდება სპეციალური სამაგრები, რომლითაც ველოსიპედების გადატანა იქნება შესაძლებელი