კახა კალაძე უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ კანონპროექტზე: პირდაპირ ექვემდებარება იმ პრინციპებს, რომელიც ღირებულია თითოეული ქართველისთვის და რომელსაც ეფუძნება ევროპული მომავალი

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ კიდევ ერთხელ შეაფასა „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ კანონპროექტი და ამ საკითხზე მედიის შეკითხვებს უპასუხა.

კახა კალაძის განცხადებით, კანონპროექტი უკავშირდება სწორედ გამჭირვალობას და სხვას არაფერს.

„კანონი, რომელიც უკავშირდება გამჭირვალობას, პირდაპირ ექვემდებარება იმ მნიშვნელოვან პრინციპებს, რომელიც ღირებულია თითოეული ქართველისთვის. ის, რომ ჩვენ გავიძახით – გვინდა ევროპული მომავალი, ქვეყნის ევროკავშირში გაერთიანება, ზუსტად ამ პრინციპებს ეფუძნება ის ევროპულობა და ევროპული მომავალი, რაც პირდაპირ კავშირშია სამართლიანობასთან, გამჭირვალობასთან, ადამიანის უფლებებთან, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან, საკუთრების უფლების დაცვასთან. ამ ღირებულებების ერთ-ერთი კომპონენტი, როგორც ვთქვი, არის გამჭირვალობა. თუ ხელისუფლების, თანამდებობის პირების მხრიდან ვითხოვთ გამჭირვალობას, ასევე მნიშვნელოვანია, საზოგადოებისთვის იყოს ნათელი, ცნობილი და ცხადი, თუ რომელი ორგანიზაცია რომელი ქვეყნიდან იქნა დაფინანსებული. ამის გასაჯაროებაზეა საუბარი, მეტი არაფერი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა სახელისუფლო გუნდის შეცდომად მიიჩნია გასულ წელს გაწვეული კანონპროექტის თაობაზე საზოგადოების არასაკმარისი ინფორმირება.
„რაც შეეხება შარშან გაწვეულ კანონს, ეს იყო, შეიძლება ითქვას, ჩვენი შეცდომაც, იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ საზოგადოებას ვერ ავუხსენით სწორად და ვერ მივაწოდეთ ინფორმაცია აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და რადიკალურმა ჯგუფებმა მოახერხეს, რომ ეს კანონი, რომელსაც საერთო არაფერი აქვს რუსეთთან, შეენიღბათ, როგორც რუსული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ამ ტიპის კანონმდებლობა ბევრ ქვეყანაში მოქმედებს, მათ შორის, ავსტრალიაში, ამერიკაში, დიდ ბრიტანეთში, ასევე, ინიციირებულია ევროკავშირში.

„აქ საუბარია გამჭირვალობაზე. ეს დონორ ორგანიზაციებსაც დაეხმარება და გეტყვით, რატომ – ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია დაფინანსდა USAID-ის მიერ. საუბარი იყო მძიმე დაავადებების მქონე ბავშვების მშობლების დატრენინგებაზე, რეალურად კი რისი ტრენინგი მიმდინარეობდა, ხომ გვახსოვს ყველას? ეს გაურკვევლობები რომ იყოს აცილებული თავიდან, დარწმუნებული ვარ, ჩვენი დონორი ორგანიზაციებისთვის მნიშვნელოვანი და დამზღვევი იქნება აღნიშნული კანონი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: ჩემთვის ჩალის ფასი აქვს იმ ადამიანების განცხადებებს, რომლებიც გვიმტკიცებდნენ, რომ სააკაშვილის ხელისუფლება იყო „დემოკრატიის შუქურა“
შემდეგი სტატიაპარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა