კახა კალაძე თელავში გაზის გაძვირებაზე – ეს არის დისკრიმინაციული მიდგომა [Video]

„ვფიქრობ, ეს არის დისკრიმინაციული მიდგომა. ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ მოვახდინოთ ტარიფების გამოთანაბრება მთელი საქართველოს მასშტაბით, რომ თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს ერთნაირი ტარიფები“, – განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, 1-ლი აპრილიდან თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 7 000-მდე აბონენტს ბუნებრივი აირის საფასური 11 თეთრით გაუძვირდება.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, გადაწყვეტილება გარკვეული სოციალური სეგმენტის დარეგულირებაზე, წინა ხელისუფლების მიერ იქნა მიღებული და გაზიფიცირების სამუშაოებში სახელმწიფოს გარდა კერძო კომპანიების ჩართვას ითვალისწინებდა.

„ეს წინა ხელისუფლების დროს მიზანმიმართულად გაკეთდა იმისთვის, რომ წახალისება მომხდარიყო გაზიფიცირების სამუშაოების, განსაკუთრებით რეგიონებისთვის, რომ არა მხოლოდ „სოკარს“ და სახელმწიფოს ეწარმოებინა სამუშაოები, არამედ კერძო კომპანიებსაც, ვისაც სურვილი ექნებოდათ. ზუსტად ეს მაგალითი გვაქვს დღეს სახეზე. სახელმწიფო და ვერც მარეგულირებელი კომისია ვერ ჩაერევა, რადგან ეს არის დარეგულირებული სეგმენტი. თუმცა, 2009 წლის შემდეგ, დღეს უკვე განსხვავებული რეალობა გვაქვს. ეს პრობლემაა არა მარტო კახეთში, არამედ სხვა რეგიონებშიც, მათ შორის, თბილისში. მაგალითად, მუხიანის დასახლებაში არის ორი ლიცენზიანტი კომპანია და აბონენტების ერთ ნაწილა აქვს უფრო დაბალი ფასი, მეორეს ნაწილს – უფრო მაღალი. ეს არის დისკრიმინაციული მიდგომა“, – განაცხადა კახა კალაძემ გურჯაანში, “ქართული ოცნების” კონფერენციის დასრულების შემდეგ.

„ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ თელავის სერვის ცენტრის დირექტორის დავით ჯერმიზაშვილის განცხადებით, გაზი იმ აბონენტებს გაუძვირდებათ, რომლებმაც ბუნებრივი აირი სახლებში 2008 წლის აგვისტოს შემდეგ შეიყვანეს. კომპანიის გადაწყვეტილებით, ერთი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ფასი 48-დან 59 თეთრამდე გაძვირდება.

წყარო

banner
წინა სტატიაში“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოს მიერ გაკეთებულ პროგნოზს აფასებს
შემდეგი სტატია„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ციხისძირში მშვიდობიანი აქციის მონაწილეების დაკავებას ეხმაურება