კახა კალაძე თებერვალში შს მინისტრად დაინიშნება?

რას „უჩალიჩებს“ ივანიშვილი კალაძესოთხი მინისტრი, რომელსაც გათავისუფლებას უპირებენ

 

„თაიმერს“ სამთავრობო წრეებთან დაახლოებული წყაროები, ცოტა არ იყოს, სკანდალურ ინფორმაციას აწვდიან. ვინაიდან ამ საკითხის გასაჯაროებას, დიდი ალბათობით, დიდი აჟიოტაჟი მოჰყვება, „თაიმერი“ შეეცადა, წყაროების მიერ მოწოდებული ინფრომაცია, თუნდაც პრივატულ დონეზე გადაემოწმებინა, თუმცა ამ თემაზე ოფიციალური პირებიდან სალაპარაკოდ კონტაქტზე არავინ გამოვიდა. ამიტომ, „თაიმერი“ თავს უფლებას აძლევს და კულუარული ინფორმაცია სააშკარაოზე მაინც გამოაქვს.

„ოცნება“, უფრო სწორად, „ოცნების“ გარკვეული წარმომადგენლები ისევ 8 ოქტმბრის გამარჯვების ეიფორიაში არიან და საკონსტიტუციო უმრავლესობას ზეიმობენ, ანუ დარწმუნებულები არიან, რომ ოთხი წელი ქვეყანას თავიანთ გემოზე ატრიალებენ, მაგრამ ჩემი სიტყვა დაიმახსოვერთ – ეს სიხარული ძალიან მალე დამთავრდება,“ – ეუბნება „თაიმერს“ ერთ-ერთი წყარო, რომელიც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სამთავრობო ელიტასათან მჭიდრო ურთიერთობით გამოირჩევა.

ზოგადად, სამთავრობ ელიტა პირობითი ნათქვამია, რადგან ყველამ, ვინც პოლიტიკაშია ჩახედულია, იცის, რომ „ოცნების“ შიგნით, „ნაციონლების“ არ იყოს, რამდენიმე დაჯგუფება არსებობს. ამ დაჯგუფებებიდან, როგორც „თაიმერთან“ საუბრის დროს ჩვენმა წყარომ აღნიშნა, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის „სასტავია“.

„ზოგს გაუკვირდა, როცა კალაძემ დეპუტატობაზე უარი თქვა და ისევ აღმასრულებელ ხელისუფლებაში დაბრუნდა, მაგრამ პირადად მე, არ გამკვრვებია, რადგან კალაძის მიზნები უფრო შორს მიდის, ვიდრე დეპუტატობა, ან ენერგეტიკის მინისტრობა და ვიცე-პრემიერობაა,“ – გვეუბნება ჩვენი წყარო, რომლის მონაცემებითაც, ყოფილმა ფეხბურთელმა, რომელმაც თავისი საფეხბურთო კარიერის დასასრულს, გულშემატკივრებს თავი ავტოგოლებით დაამახსოვრა, პარლამენტში საკუთარი ლობი შექმნა.

„ახლა, გვარების ჩამოთვლას არ დავიწყებ, მაგრამ ერთს მაინც გეტყვით – როგორც ვიცი, დეპუტატი კალაძის დაცვის ყოფილი უფროსიც გახდა. ზოგადად, ეს ადამიანი, რომელიც, თუ არ ვცდები, გვარად ბენაშვილია, „ოცნებაში“ სიტუაციებს ალაგებდა, ანუ კალაძე პარტიას მისი საშუალებით აკონტროლებდა. ახლა კი, პარლამენტშია და რამე რომ იყოს, ენერგეტიკის მინისტრის სასარგებლოდ საკანონმდებლო ორგანოშიც იმშავებს,“ – ამბობს ჩვენთან საუბრის დროს „თაიმერის“ წყარო, რომელიც თითქმის დარწმუნებულია, რომ ნაახალწლევს დიდ სამთავრობო რყევებს უნდა ველოდოთ.

„ახალი წლის მერე, კონკრეტულად, თებერვლის დასაწყისში მინისტრთა კაბინეტში გარკვეული ცვლილებები იქნება. თავიდან ითქვა, რომ მთავრობის თითქმის  80 პროცენტი გაზაფხულზე გამოიცვლებოდა, მაგრამ როგორც მე გავიგე, ბოლო დროს რაღაცები შეიცვალა და, პრინციპში, გადაწყვეტილია, რომ კარუსელი თებერვალში დატრიალდეს,“ – ეუბნება „თაიმერს“ ინკოგნიტო რესპოდენტი.

მაშ, ასე: „თაიმერის“ ხელთ არსებული არაოფიციალური ინფორმაციების თანახმად, 2017 წლის თებერვალში თანამებობას მინისტრთა კაბინეტის ოთხი წევრი გამოემშვიდობება. ამ ეტაპზე შინ გასაშვები ოთხეულის ზუსტი ვინაობა არ ხმაურდება, თუმცა ცნობილია, რომ თანამდებობა შეიძლება, შს მინისტრმა დატოვოს და მისი ადგილი – არც მეტი, არც ნაკლები – კახა კალაძემ დაიკაოს.

„კალაძეს შს მინისტრობა, ჩემი ინფორმაციით, ჯერ კიდევ 2012 წლის შემოდგომაზე უნდოდა, მაგრამ მაშინ ეს ძალოვანი უწყება ივანშვილმა ღარიბაშვილს ჩააბარა, რაც გასაკვირი არ იყო, რადგან იმ დროს მილიარდერი ღარიბაშვილს, როგორც იტყვიან, თვალდახუჭული ენდობოდა. მართალია, მერე თავის მემკვიდრედაც დატოვა და ვერ ვიტყვი, რომ დღეს ცუდი ურთიერთობა აქვს, მაგრამ გარკვეულმა ძალებმა იმდენი მოახერხეს, რომ ივანიშვილის ღარიბაშვილისადმი დამოკიებულება მეტ-ნაკლებად შეიცვალა. ამ მხრივ, ალბათ, კალაძეც აქტიურობდა, ანუ მილიარდერის კარზე ღარიბაშვილი კალაძის ყველაზე სერიოზული კონკურენტი იყო. ახლა კი, ამ მხრივ მას სრული თავისუფლება აქვს, რადგან როგორც მე ვიცი, კვირიკაშვილის მიმართ ივანიშვილის მხრიდან ასპროცენტიანი ნდობა არ არსებობს. 8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ზოგმა ისიც მითხრა, რომ შეიძლება, უცებ გადათამაშება მომხდარიყო და პრემიერის პოსტზე კვირიკაშვილი აღარ წარედგინათ, მაგრამ ეს არ დავიჯერე, რადგან ასე რომ მომხდარიყო, ჯერ ერთი, „ოცნებაში“ არსებული ჩუმი დაპირისპირება თვალნათელი გახდებოდა. მეორეც, ხალხს ვერაფრით აუხსნიდნენ, კვირკაშვილი, რომელიც დეკლარირებულად, კვლავ მთავრობის მეთაურად ითვლებოდა, პარლამენტში რატომ დარჩა. ამას გარდა, კალაძეს პრემიერობა, ჩემი აზრით, მაინცდამაინც არ უნდა სურდეს, რადგან მთავრობის ხელმძღვანელობა გაცილებით მეტ პასუხისმგებლობას ნიშნავს, ვიდრე, ვთქვათ, – შს მინისტრობა,“ – აღნიშნავს „თაიმერთან“ საუბრის დროს ჩვენი წყარო, რომელიც საუბრის დასასრულს კიდევ ერთხელ ამბობს, რომ სამთავრობო ცვლილებები გადაწყვეტილია და შესბამისად, ახალი წლის პირველ დეკადაში დიდი ამბების თვითმხილველები გავხდებით.

სხვთა შორის, კულუარებში დღემდე მუსირებს აზრი, რომ შს მინისტრობა გიგლა აგულაშვილსაც უნდა, რომელმაც გარემოს დაცვის მინისტრის პოსტი ახალ ძველ მთავრობაშიც შეინარჩუნა. აგრეთვე, არსებობს დაუდასტურებელი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მან თავის დროზე „რესპუბლიკური პარტია“ იმ პირობით დატოვა, რომ ძალოვანი უწყების პირველი პირი გახდებოდა, მაგრამ „თაიმერთან“ საუბრის დროს ჩვენი წყარო ამბობს, რომ აგულაშვილის შს მინისტრობა გამორიცხულია და ის ან ისევ გარემოს დაცვაში დარჩება, ან შესაძლოა, სოფლის მეურნეობის უწყების ხელმძღვანელი გახდეს.

„თაიმერმა“ წყაროსთან იმ მოარული ინფორმაცის გადამოწმებაც სცადა, რომლის მიხედვითაც, სამთავრობო კარუსელის დროს თანამდებობას შეიძლება, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ, შონია გამოეთხოვოს და მის ადგილი ყოფილმა „თავისუფალმა დემოკრატმა“, ირაკლი ჩიქოვანმა დაიკაოს. თუ ასე მოხდა, გასაკვირი არ იქნება, რადგან ახალ მთავრობაში თანამდებობა ერთმა ყოფილმა „თავისუფალმა დემოკრატმა“ უკვე მიიღო – ვიქტორ დოლიძე ევროინტეგრაციის სახელმწიფ მინისტრად დაინიშნა, თუმცა ჩვენი წყარო დარწმუნებულია, რომ ირაკლი ჩიქოვანის შესაძლო გუბერნატორობაზე გავრცელებული ხმები წმინდა წყლის ჭორია.

„ჩიქო“ ალასანის ერთგულია და არ მგონია, „ოცნებასთან“ თანამშრომლობაზე წავიდეს“, – ვარაუდობს „თაიმერთან“ საუბრის დროს ჩვენი წყარო, თუმცა პოლიტიკაში ერთგულება პირობითი ცნებაა. ამიტომ, ყველა ალბათობის დაშვება შეიძლება, თუმცა თებერვალი ორ თვეში მოვა და დავინახავთ, ვინ ვისი ერთგული დარჩება.

ბერდია კალანდია

banner
წინა სტატიაშიყოფილი გამომძიებელი სტეპანოვი საქართველოსთან ომის გამო რუსულ „ეფ ეს ბე“-ს უჩივის
შემდეგი სტატიაჟვანიას ოჯახმა თუ დააფასა, რომ მიხეილ სააკაშვილმა საიდუმლო შეუნახა